Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა განაპირობებს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას


ბათუმის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ცათამბჯენის მშენებლობა. 2012 წლის 30 ივნისი.
ბათუმის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ცათამბჯენის მშენებლობა. 2012 წლის 30 ივნისი.
საქართველოში აქტიური დისკუსიების თემაა ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება, მისი გამომწვევი მიზეზები და ზრდის მაღალი ტემპის მისაღწევად გზების ძიება. პოლიტიკოსები და ეკონომისტები, ასევე საზოგადოების რიგითი წევრები სხვადასხვა მოსაზრებებს გამოთქვამენ ეკონომიკური განვითარების გზების შესახებ. არც ხელისუფლებას გააჩნია ცხადი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ მიაღწიოს მთლიანი შიდა პროდუქტის საგრძნობ ზრდას. რა განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას?

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ეკონომიკური ზრდის დაბალ ტემპს ხან მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ ვითარებას და ხანაც პოლიტიკურ ოპონენტებს აბრალებენ. თუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მთავრობის წარმომადგენლები ოპტიმიზმს ინარჩუნებდნენ და ქვეყნის ეკონომიკის 6 პროცენტამდე გაზრდას პროგნოზირებდნენ, არჩევნების შემდეგ ოპტიმიზმის უპერსპექტივობა აღიარეს და თითქმის ყველაფერი წარმავალ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, გადააბრალეს. ასეთი შინაარსის განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა:

"ჩვენ ველოდით წლის დასაწყისში, რომ ზრდა იქნებოდა 6%-იანი, მაგრამ, სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენებმა, მათ შორის, პოლიტიკაში არსებულმა პროცესებმა, კერძოდ, ე.წ. კოჰაბიტაციამ და, სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, პრეზიდენტის მხრიდან მუდმივად ხელის შეშლამ, ასევე სხვა ფაქტორებმა, რომელთა ნაწილი ობიექტური, ნაწილი კი სუბიექტური იყო, მიგვიყვანა იქამდე, რომ წელს ეკონომიკა, სამწუხაროდ, 6%-ით ვერ გაიზრდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური
ნოდარ ხადურს მხარი აუბა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც და ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებას დაუკავშირა, თუმცა არც ერთ მინისტრს არ დაუკონკრეტებია პრეზიდენტის ან ოპოზიციის რომელ ნაბიჯებს გულისხმობდნენ. შესაბამისად, ოპოზიციის პასუხი არა ეკონომიკური ან პოლიტიკური, არამედ იუმორისტული იყო. დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”ღია ეთერში” უპასუხა მთავრობიდან წამოსულ ბრალდებებს:

”ერთი, რაც აკლია ახლა ხადურს, ალბათ, ბრალი დაგვდოს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველ დილით მიდიოდა ფინანსთა სამინისტროსთან შავ კატას უშვებდა და თარსს ეუბნებოდა...”

სოფლის მეურნეობა აუცილებლად. სოფელი როცა ძლიერია, ქალაქიც ძლიერია...
მოქალაქე
მსგავსი დისკუსია მიმდინარეობს საზოგადოების ნაწილშიც. ერთნი ქვეყნის ეკონომიკის დაბალ დონეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას აბრალებენ, მეორენი კი - დღევანდელ მთავრობას. ასეთ დისკუსიას შეესწრნენ რადიო თავისუფლების სტაჟიორები თბილისის ქუჩებში ეკონომიკის განვითარების შესახებ მოქალაქეთა გამოკითხვისას:

”მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობა. ეს აბდაუბდა მთავრობა არაკომპეტენტურია და, აი, დამტკიცდა კიდეც... გარბის”.

”როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა, ეკონომიკა თავიდან იწყება, ხო, თავიდან მოშალეს ეკონომიკა და არც გვეშველება არაფერი... ახლა ეს რასაც ამბობს, სააკაშვილიო, ბევრჯერ გვიკამათია, სააკაშვილმა დაანგრია ეს ქვეყანა”.

თუ ეს მოქალაქეები ეკონომიკის მამოძრავებელს მთავრობაში ხედავენ და დამნაშავესაც იქ ეძებენ, არიან ისეთებიც, რომლებიც ეკომიკის განვითარებას სოფლის მეურნეობის განვითარებას უკავშირებენ:

ნფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს პრაგმატული პოლიტიკა. და მეორე, ვისაც ჰგონია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა არის ეკონომიკური ზრდა, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა...
გიორგი აბაშიშვილი
”სოფლის მეურნეობა აუცილებლად. სოფელი როცა ძლიერია, ქალაქიც ძლიერია, შვილო. მერე - აუცილებლად უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც ფეხზე დააყენებს ჩვენს ეკონომიკას”.

არიან ისეთი მოქალაქენიც, რომლებიც ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპის მიღწევას ლიბერალურ რეფორმებს უკავშირებენ:

”ეკონომიკის გასავითარებლად ბიზნესგარემო უნდ გაუმჯობესდეს კანონმდებლობის კუთხით. პირველ რიგში, მორატორიუმი უნდა გაუქმდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით...”

მოქალაქეთა კიდევ ერთი ნაწილი ეკონომიკურ განვითარებას ტურიზმის ზრდაში ხედავს, ნაწილი კიდევ - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში.

აზრები იყოფა ეკონომიკის ექსპერტთა შორისაც. მკვლევართა ერთი ნაწილი სახელმწიფოს ჩარევის ზრდის წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ბიუჯეტის სახსრები ეკონომიურად უნდა იხარჯებოდეს.

გიორგი აბაშიშვილი
გიორგი აბაშიშვილი
”ილიას უნივერსიტეტის” პროფესორის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის გიორგი აბაშიშვილის კომენტარი:

”ის, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჰაერზე არ ისვრის ფულს, არ ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკის ზრდას აფერხებს. ჩემი ზრით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს პრაგმატული პოლიტიკა. და მეორე, ვისაც ჰგონია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა არის ეკონომიკური ზრდა, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა...”

გიორგი აბაშიშვილისგან განსხვავებით, არიან ისეთი ეკონომისტებიც, რომლებიც რთულ ვითარებაში ეკონომიკის გამოცოცხლების პერსპექტივას სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში ხედავენ. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე:

ნინო ევგენიძე
ნინო ევგენიძე
”როდესაც ასეთი კრიზისული სიტუაცია დგება, ჩვენ კი არა, ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ მიმართა ამ ზომას, რომ ინფრასტრუქტურაში გაეკეთებინა სტიმულირება, იმიტომ რომ ინვესტიციები ქვეყანაში არ შემოდის და ბიზნესიც ჯერჯერობით არ დებს ფულს ქვეყნის ეკონომიკაში. ამიტომ რჩება მეორე გზა, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკის სტიმულირებას მხოლოდ ინფრასტრუქტურაში”.

საქართველოს საზოგადოებაში ეკონომიკური განვითარების შესახებ აზრთა სხვადასხვაობაზე მეტყველებს ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ეკონომიკურ ზრდას მეწარმეები და საწარმოები უზრუნველყოფენ, მესამედი კი ეკონომიკურ განვითარებას ხელისუფლებას უკავშირებს.
XS
SM
MD
LG