Accessibility links

არ დადასტურდა ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალის (GEM fest) კრახით დასრულების გამო თანამდებობა დატოვა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს ფესტივალის დამფუძნებელი გიორგი სიგუა, რომელიც გამოკითხვაზეა დაბარებული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში. გიორგი სიგუა 17 აგვისტოს გვიან ღამით დაბრუნდა საქართველოში. ის პირობას დებს, რომ ყველა დავალიანებას ბოლომდე გაუსტუმრებს ყველა მევალეს, რომელიც „GEM fest“-ის წარუმატებლობის გამო დაზარალდა. პარალელურად კი, მევალეები უკვე დაადგნენ სამართლებრივი ბრძოლის გზას.

როგორც ჩანს, ყურადღების ცენტრში კიდევ დიდხანს დარჩება ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე გამართული ერთთვიანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც 14 აგვისტოს დასკვნითი კონცერტის გარეშე, მევალეთა საპროტესტო აქციებით დასრულდა. ფესტივალმა, რომელიც Check in Georgia-ს ფარგლებში სახელმწიფოსგან თითქმის 2 მილიონი ლარით დაფინანსდა, უკმაყოფილო დატოვა ბევრი და მათ შორის მეწარმეები, რომლებსაც ფესტივალის ტერიტორიაზე კვების ობიექტები იჯარით ჰქონდათ აღებული. როგორც მათ ჩვენი რადიოს ზუგდიდელ კორესპონდენტს უთხრეს, ფესტივალი ცუდად იყო ორგანიზებული და ისინი მოტყუებული დარჩნენ:

დაზარალებული მეწარმე: GEM fest-ის ორგანიზატორებიდან წამოსული საუბარი, რომ ყველაფერი კარგად იქნება - ამდენი ბილეთია გაყიდული, ეს ყველაფერი სიყალბე აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, რადგან ყველა ობიექტი არის ძალიან რთულ სიტუაციაში...

გვაქვს ფინანსური სირთულეები, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ძალიან ბევრს შეძლებისდაგვარად გადავუხადეთ თავიანთი თანხები და ყველა უკლებლივ ყველა კაპიკს მიიღებს...
გიორგი სიგუა

დაზარალებული მეწარმე: არ იყო, ზოგადად, არავითარი პროგრამა, რომლითაც შეიძლებოდა, რომ ვინმე დაინტერესებულიყო.

GEM fest-ის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ სხვებიც და მათ შორის - ბილეთების კონტროლის განყოფილებაში დასაქმებული რამდენიმე ათეული თანამშრომელი. მათ დაპირებული 500-ლარიანი ანაზღაურების მხოლოდ მეხუთედი მიიღეს, რის შემდეგაც მოქმედება თავიდან საპროტესტო აქციებით დაიწყეს, ხოლო ახლა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით, სამართლებრივ ბრძოლაშიც ჩაერთვნენ. ისინი უკან დახევას არ აპირებენ:

„GEM fest-ის ადმინისტრაციას შევხვდებით სასამართლოში... საიაში მოვედით კონსულტაციებისთვის, რომ სარჩელი მომზადდეს იურიდიულად გამართულად და შემდეგ უკვე სასამართლოში ვაწარმოოთ ეს კონკრეტული საქმე GEM fest-ის წინააღმდეგ“.

GEM fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა, რომელიც ბოლო დღეებში მაკედონიაში იმყოფებოდა, სოციალურ ქსელ ფეისბუქში ძალიან გაღიზიანებული გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფესტივალის ფარგლებში მან მილიონები იშოვა და შემდეგ გაიქცა კიდეც. სიგუამ აქვე დაწერა, რომ საქართველოში 17 აგვისტოს დაბრუნდებოდა, ხოლო შემდეგ, უკვე დაბრუნებულმა, ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში16 აგვისტოს განაცხადა, რომ ის პასუხისმგებლობას არ გაურბის და ყველა დანაპირები შესრულდება:

„ძალიან ბევრი ფინანსური პრობლემა შეგვექმნა ჩვენ ბევრი მიზეზის გამო, რაზეც ჩვენ ამ დღეებში პრესკონფერენციაზე ვილაპარაკებთ... გვაქვს ფინანსური სირთულეები, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ძალიან ბევრს შეძლებისდაგვარად გადავუხადეთ თავიანთი თანხები და ყველა უკლებლივ ყველა კაპიკს მიიღებს“.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაკეთებული ამ კომენტარის შემდეგ გიორგი სიგუამ იმავე ტელეკომპანიის ეთერში 18 აგვისტოს საღამოს განმარტა, რომ GEM fest-ის თემით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა, 19 აგვისტოს ის გამოკითხვაზეა დაბარებული და სწორედ ამიტომ დაბრუნდა საქართველოში ასე ნაჩქარევად. ოდნავ მოგვიანებით GEM fest-თან დაკავშირებული გამოძიების დაწყების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაც.

GEM fest-თან დაკავშირებული სკანდალის ფონზე, 17 აგვისტოს მედიასაშუალებები ინტენსიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძეზე, თუმცა დღის ბოლოს გაირკვა, რომ ის პოსტის დატოვებას არ აპირებს ჩაშლილი ფესტივალის გამო, რომელსაც სხვა პასუხისმგებელი პირები ჰყავს.

გიორგი ჩოგოვაძე
გიორგი ჩოგოვაძე

„თანამდებობას არ ვტოვებ. ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს ტურიზმში გასაკეთებელი, მომავალში ჩვენ უფრო დიდი წარმატებები გველის ტურიზმის სფეროში და მთელი გუნდი აგრძელებს მუშაობას საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე... GEM fest-თან დაკავშირებით არა მგონია, რომ სწორი იყოს საქართველოში ტურიზმის განვითარების წარმატების დაკავშირება ერთ კონკრეტულ პროექტთან“, - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ჩოგოვაძემ.

ვიდრე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ფინანსური პრობლემები გახმაურდებოდა, თავდაპირველად ის ყურადღების ცენტრში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული სკანდალის გამო მოექცა. დაუდგენელი ნივთიერებებით მოწამვლის მიზეზით GEM fest-იდან საავადმყოფოებში გადაიყვანეს არაერთი ადამიანი. სხვადასხვა წყაროს ცნობით, სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება დასჭირდა 15-მდე ადამიანს. 4 აგვისტოს კი - სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებით მოწამვლის გამო - 22 წლის გოგო გარდაიცვალა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG