Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

GEM Fest-ი, არაინფორმირებული ახალგაზრდები და სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკა


GEM Fest-ი, ანაკლია
GEM Fest-ი, ანაკლია

სულ უფრო იზრდება რიცხვი იმ ადამიანებისა, რომლებიც დაუდგენელი ნივთიერებებით მოწამვლის მიზეზით ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM Fest-იდან საავადმყოფოებში გადაჰყავთ. სხვადასხვა წყაროს ცნობით, სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება დასჭირდა 15-მდე ადამიანს. 4 აგვისტოს კი, სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერებით მოწამვლის გამო, 22 წლის გოგო გარდაიცვალა. პარალელურად, ვრცელდება არაერთი ცნობა ნარკოტიკულ ნივთიერებათა სავარაუდო რეალიზატორების დაკავების შესახებ. ყოველივე ამის ფონზე, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ მიზანმიმართულ დანაშაულზე ლაპარაკობს და ის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კონტექსტში ძალოვან სტრუქტურათა წარმომადგენლებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. შესაძლოა თუ არა, რომ ბოლო დღეებში ანაკლია-განმუხურში განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეუშალოს ქვეყანაში რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მიზანს და პრობლემები შეუქმნას პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს?

ერთთვიანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი (GEM Fest) ანაკლიაში 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე სახელმწიფო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება და საამისოდ, გავრცელებული ინფორმაციით, თითქმის 2 მილიონი ლარია გამოყოფილი. მართალია, ფესტივალის ორგანიზატორები დარწმუნებით აცხადებენ, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება კატეგორიულად იკრძალება და, შესაბამისად, პასუხისმგებლობა მათ არ ეკისრებათ, მაგრამ ფაქტი ნათელია, რომ ზუგდიდის რეფერალურმა საავადმყოფომ ამ დღეებში არაერთი პაციენტი მიიღო, რომლებსაც უცნობი ეტიმოლოგიის ინტოქსიკაცია აღენიშნებათ. ერთი შემთხვევა სიკვდილითაც დასრულდა.

მომხდარი სხვადასხვა სახის ეჭვებს აღუძრავს ბევრს და, მათ შორის, „თეთრი ხმაურის მოძრაობასაც“, რომელიც ძალიან აქტიურად აპროტესტებს სახელმწიფოს რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას. როგორც 6 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარში განსაკუთრებული ბრალი მიუძღვით ძალოვან სტრუქტურებში მოქმედ კლანურ ჯგუფებს:

ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა, რომ ადამიანებმა აღარ მოიხმარონ ნარკოტიკები და ბავშვები და ახალგაზრდები არ ჩაებან ამ პროცესში...
აკაკი ზოიძე

„რომლებიც წლებია იკვებებიან ადამიანთა განადგურებით, რეპრესიული მექანიზმებით აკონტროლებენ და წარმართავენ ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის ყველა ასპექტს, მოთხოვნა-მოწოდებას თუ ნივთიერებათა მიმოქცევას... სამწუხაროდ, მათი ძალაუფლება განუზომლად დიდია, ისინი ახდენენ გავლენას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, საკუთარ ძალადობრივ ქმედებებს არგებენ კანონებს, ფლობენ ხალხისგან ნაძარცვ კაპიტალს, ფლობენ ინფორმაციის გავრცელების წყაროებს, რომელთა დახმარებით უკვე მესამე დღეა ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანას და ახორციელებენ წინასწარ დაგეგმილ, კარგად მომზადებულ შეტევებს საღ აზრზე“.

განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბექა წიქარიშვილმა გააცნო, ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ კლანური ჯგუფების მიზანმიმართული ქმედებები ემსახურება „მოახლოებულ საპარლამენტო განხილვებამდე დეკრიმინალიზაციის იდეისა და მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების დისკრედიტაციას. ისინი ცდილობენ ლიბერალიზაციისკენ მიმართული სამართლიანი საზოგადოებრივი პროტესტის დასუსტებას, პროტესტის, რომელიც მესამე წელია იბრძვის ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის, იბრძვის ნულოვანი ტოლერანტობის პრაქტიკების აღმოფხვრისთვს, იბრძვის უდანაშაულო ადამიანთა პოლიციური სისტემის მძიმე მარწუხებისგან დახსნისთვის და პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ კლანების ინტერესებს“.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ მოითხოვს სასწრაფოდ დადგინდეს, თუ რა სახის ნარკოტიკული ნივთიერებებით იწამლება ხალხი ანაკლიის ფესტივალზე და რა გზებით მოხვდა იქ სიცოცხლისთვის სახიფათო ნივთიერება. ამ შეკითხვებზე შს სამინისტროს ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია ნარკოტიკულ საშუალებათა სავარაუდო რეალიზატორების დაკავებასთან დაკავშირებით. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

იმის გამო, რომ ელექტრონული მუსიკის მასშტაბურ ფესტივალებს, მსოფლიო პრაქტიკის თანახმად, ხშირად ახლავს ნარკოტიკების რეალიზებასა და მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები, ამ ჭრილში სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს ბევრი და რადიო თავისუფლებასთან ამ საკითხზე ილაპარაკა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელმა გურამ იმნაძემაც. თუმცა, მისი თქმით, GEM Fest-თან დაკავშირებული მოვლენები სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის კონტექსტში უნდა განვიხილოთ და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აუცილებლობას, რომ ძველი პოლიტიკა ახლით უნდა შეიცვალოს. ამ კონტექსტში გურამ იმნაძეს იმედი აქვს, რომ პრობლემები არ შეექმნება ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ პარლამენტში ახლახან ინიცირებულ პროექტს, რომელიც სახელმწიფოს სწორი მიდგომების დანერგვის საშუალებას მისცემს:

გურამ იმნაძე
გურამ იმნაძე

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სახელმწიფოს, ერთი მხრივ, შეუნარჩუნდეს ნარკოტიკების უკანონო გავრცელებასთან ყველა ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმი, ანუ ეს მექანიზმები რომ ჰქონდეს სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, აუცილებელია იმისთვის, რომ უკანონო მიმოქცევა იქნეს თავიდან აცილებული... მაგრამ, მეორე მხრივ, ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა განიხილებოდეს კრიმინალად და არ უნდა განიხილებოდეს საზოგადოებისთვის საშიშ, იზოლირებისთვის აუცილებელ ადამიანად. მომხმარებლების უფლებრივი და სამართლებრივი მდგომარეობა რეალურად უნდა გაუმჯობესდეს... დეკრიმინალიზება არის ინსტრუმენტი, რომლითაც ათობით ათასი პრობლემური მომხმარებელი, რომელიც ჩვენ გვყავს დღეს ქვეყანაში, ჩაერთოს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სამკურნალო და სარეალიზაციო პროგრამებში და ამითი შეამცირონ ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული სხვადასხვა სახის ზიანი“.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც საკანონმდებლო ორგანოში იზიარებს არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების კუთხით. როგორც აკაკი ზოიძემ 7 აგვისტოს უთხრა რადიო თავისუფლებას, GEM Fest-თან დაკავშირებულ მოვლენებს კავშირი არა აქვს სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკასთან და ეს ძირითადად სამართალდამცველი სტრუქტურების გამოსაძიებელი საკითხია. მისი აზრით, ეს სამწუხარო მოვლენები, ცხადია, გარკვეულ კვალს დატოვებს, მაგრამ იმედია, რომ ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების პროცესი კალაპოტიდან არ ამოვარდება.

„რა თქმა უნდა, ასეთ ფაქტებს აქვთ ზეგავლენა საზოგადოებრივ აზრზე და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი რამ ხდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სწორი კომუნიკაცია გვექნება, სწორი მსჯელობა, გვექნება კანონმდებლობის საჯარო განხილვები და მთლიანად საზოგადოება შევჯერდებით იმ ოპტიმალურ ვარიანტზე, რასაც ჰქვია ჰუმანური ნარკოპოლიტიკა, ადამიანური ნარკოპოლიტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, შეამცირებს ზიანს, რაც მოაქვს ნარკოტიკებს და, მეორე მხრივ, შეამცირებს მომხმარებელთა რაოდენობას. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა, რომ ადამიანებმა აღარ მოიხმარონ ნარკოტიკები და ბავშვები და ახალგაზრდები არ ჩაებან ამ პროცესში“.

როგორც ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები მტკიცედ ემხრობიან იმ პოზიციას, რომ უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ნარკოტიკულ ნივთიერებათა რეალიზატორები და, ასევე, საგანგებო ყურადღება უნდა დაეთმოს პრევენციულ ღონისძიებებს, რაც, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდების მაქსიმალურ ინფორმირებას ისახავს მიზნად.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG