Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი


გარდაბნის თბოელექტროსადგური
გარდაბნის თბოელექტროსადგური

თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე ახალი ტარიფის დადგენის საკითხი დღეს გაირკვევა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გადაწყვეტილებას დღევანდელ სხდომაზე მიიღებს. თუ სემეკის გადაწყვეტილების შემდეგ თბოსადგურების გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე ტარიფი გაიზარდა, დიდი ალბათობით, ეს სამომხმარებლო ტარიფზეც აისახება.

თბოსადგურებმა - კერძოდ, "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ", შპს "მტკვარი ენერგეტიკამ" და შპს "ჯიფაუერმა" - ტარიფის გაზრდის თხოვნით მარეგულირებელს ჯერ კიდევ 2015 წლის გაზაფხულზე მიმართეს. მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ მათ უკვე გაზრდილი ტარიფით უწევდათ საწვავის, ანუ ბუნებრივი აირის, შესყიდვა. თბოსადგურები, ძირითადად, ბუნებრივ აირზე მუშაობენ, ბუნებრივი აირის ფასი კი, შეგახსენებთ, ჯერ კიდევ მარტში შეიცვალა. ახალი ტარიფის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 7 ივლისის სხდომაზე, ანუ დღეს, მიიღებს.

ლარის კურსის დევალვაცია, დაახლოებით, 30 პროცენტის ფარგლებში განხორციელდა. დიდი ალბათობით, თბოსადგურის ელექტროენერგიის ტარიფიც შესაძლოა ამავე ფარგლებში შეიცვალოს, თუმცა თავად სამომხმარებლო ტარიფში ეს მოცულობა ბევრად ნაკლები უნდა იყოს, რადგან საქართველოს ენერგოწყაროების საკმაოდ დიდი ნაწილი ჰიდროსადგურებზე მოდის.

საქართველოში, დაახლოებით, 47 მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგური და 6 მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია. ჰიდროელექტროსადგურებზე ელექტროენერგიის გენერაციის მთლიანი დადგმული სიმძლავრე საქართველოში, დაახლოებით, 3 500 მგვტ-ს შეადგენს.

ამას გარდა, საქართველოში არსებობს გარდაბნის გრესი (თბოელექტროსადგური), 2014 წელს კი გარდაბნის რაიონში გარდაბნის 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. გასული წლის მონაცემებით, თბოელექტროსადგურები მთლიანი ელექტროენერგიის წარმოების 19,7 პროცენტს იკავებენ. საქართველომ 10,153 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, საიდანაც თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 1,932 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს.

ცხადია, გარკვეული წინაპირობა ელექტროენერგიის ზრდისთვის არსებობს, თუმცა ეს გადაწყვეტილება საქართველოში მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის არ არის. მოგეხსენებათ, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების შემცირება იყო.

როგორც ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში მთავრობა ერთობლივად იმსჯელებს სუბსიდირების შესახებ. “იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის დათვლის შედეგად გარდაუვალი იქნება ტარიფის გაზრდა, მაშინ მთავრობა შეიკრიბება. ეს მარტო ენერგეტიკის მინისტრის გადაწყვეტილება ვერ იქნება და არ უნდა იყოს. მთავრობა ერთად შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა კალაძემ.

სუბსიდირების ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ლოგიკურად ჩაეწეროს სახელისუფლებო გადაწყვეტილებების ბოლოდროინდელ ნუსხაში, თუმცა აშკარად მძიმე იქნება ბიუჯეტისთვის და შეიქმნება დამატებითი პრობლემები, მაშინ როცა სოციალური ხარჯები ისედაც გაზრდილია. ამიტომ ხელისუფლებას საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს - დასთანხმდეს ან ტარიფის გაზრდას, ან ბიუჯეტის სოციალური ტვირთისას, აქედან გამომდინარე შედეგებითურთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG