Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში თავდამსხმელებმა იარაღი დაყარეს


ერევანში დასრულდა დაპირისპირება, რომელიც ორი კვირის წინ დაიწყო პოლიციის განყოფილებაში შეიარაღებული პირების შეჭრით. 31 ივლისის საღამოს თავდამსხმელებმა იარაღი დაყარეს და ხელისუფლებას ჩაბარდნენ. დაპირისპირებამ ორი პოლიციელი შეიწირა.

ერევანში თავდამსხმელებმა იარაღი დაყარეს
please wait

No media source currently available

0:00 0:03:25 0:00
გადმოწერა

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა 31 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა იარაღი დაყარეს და დაპატიმრებულია 20 ადამიანი. ამ პირებს უშიშროების სამსახურის განცხადებაში „ტერორისტებად“ მოიხსენიებენ და იუწყებიან, რომ პოლიციის განყოფილება „მთლიანად იქნა გათავისუფლებული“ მას შემდეგ, რაც თავდამსხმელების ლიდერმა ვარუჟან ავეტისიანმა განაცხადა, იარაღს ვყრითო.

ავეტისიანის თქმით, შეიარაღებულ წინააღმდეგობას აზრი აღარ ექნებოდა, რადგან უშიშროების ძალები მიზანმიმართულად ესროდნენ მისი ჯგუფის წევრებს.

ერევანში 17 ივლისის დილას დაწყებულ მოვლენებს ახლდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სერიოზული დარღვევები. პირველ რიგში, სულ დასაწყისში პოლიციელი მოკლეს და იყვნენ დაჭრილებიც...
არმან ტატოიანი

შეიარაღებული პირები (ზოგი ცნობით, 30-მდე კაცი) 17 ივლისს შეიჭრნენ პოლიციის განყოფილებაში, კონტროლი დაამყარეს მასზე და ორი მოთხოვნა წაუყენეს პრეზიდენტ სერჟ სარქსიანს: გაეთავისუფლებინა რადიკალური ოპოზიციური მოძრაობა „დამფუძნებელი პარლამენტის“ დაპატიმრებული ლიდერი ჟირაირ სეფილიანი და გადამდგარიყო... თავდამსხმელებმა მძევლებიც აიყვანეს. სომხეთის ხელისუფლებამ თავიდანვე უარი თქვა მოთხოვნების შესრულებაზე და თავდამსხმელებს იარაღის დაყრისაკენ მოუწოდა, თუმცა დაპირისპირება, აგერ, ორი კვირა გაგრძელდა და ორი პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა.

ექსპერტების შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომლის გამოც მთავრობა თავს იკავებდა გადამჭრელი ზომების მიღებისგან, იყო მოსახლეობაში დაძაბულობის კიდევ უფრო გაძლიერების შიში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ერევანში რამდენჯერმე გაიმართა პოლიციაში შეჭრილი თავდამსხმელების მხარდამჭერი დემონსტრაციები, მათ შორის იყო 25 ივლისის საპროტესტო აქცია. მოხდა პოლიციასთან შეტაკებებიც.

31 ივლისს ჩვენი რადიოს სომხურ სამსახურთან ინტერვიუში სომხეთის ომბუდსმენმა არმან ტატოიანმა შეშფოთება გამოთქვა სიძულვილის გამომხატველი განცხადებებისა და ძალადობის შედეგად შექმნილი ვითარების გამო: „ერევანში 17 ივლისის დილას დაწყებულ მოვლენებს ახლდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სერიოზული დარღვევები. პირველ რიგში, სულ დასაწყისში პოლიციელი მოკლეს და იყვნენ დაჭრილებიც. ამას მოჰყვა - პირველ და მეორე დღეს - აქციები, რომელთა დროსაც ადგილი ჰქონდა შეკრების თავისუფლების არაერთ დარღვევას. და რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა ეს ვითარება, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, დარღვევები, განსაკუთრებით ძალადობის მასშტაბი, რასაკვირველია უარესდებოდა, რასაც საბოლოოდ დაძაბულობის უფრო გამწვავება მოჰყვა. ჩემი აზრით, დაძაბულობა გააძლიერა სიძულვილის ენის უპრეცედენტო ინტენსივობამ და ძალადობისკენ მოწოდებებმა, რამაც საერთო ვითარება კიდევ უფრო შემაშფოთებელი და დაძაბული გახადა“.

ერევანში პოლიციაზე თავდამსხმელებს შორის იყვნენ მთიანი ყარაბაღის ომის ვეტერანები, რომლებიც მათი მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების თვალში გმირები არიან. ისინი ყარაბაღის საკითხში მთავრობისაგან უფრო მკაცრ, უკომპრომისო კურსს მოითხოვენ. თავდამსხმელების ლიდერმა ვარუჟან ავეტისიანმა 31 ივლისს, იარაღის დაყრის შემდეგ, განაცხადა, რომ თანამებრძოლებთან ერთად წარმატებას მიაღწია იმ მხრივ, რომ მკვეთრად გააძლიერა ანტისამთავრობო განწყობა სომხეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG