Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს


საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელს მიმართავს გაფრთხილებით, კარგად დაფიქრდეს თანხის დაბანდებამდე და მხოლოდ შემდეგ მიიღოს ამა თუ იმ საფინანსო ორგანიზაციისათვის საკუთარი ფულის მინდობის გადაწყვეტილება. ამ გაფრთხილების საფუძველი გახდა ბოლო ხანებში გახშირებული რეკლამები, რომლითაც სხვადასხვა იურიდიული პირი ცდილობს მოქალაქეების მიზიდვას მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირებით. როგორც ეროვნული ბანკის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, მოქალაქეებმა თანხის დაბანდებამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, მაღალ რისკსაც გულისხმობს.

წლიური 19%, წლიური 20% და მეტი - ინტერნეტსივრცეში თუ ქუჩაში გამოკრულ აბრებზე ხშირად წააწყდებით განცხადებებს ამ შეთავაზებით: კონკრეტული იურიდიული პირები თუ სხვადასხვა დასახელების ორგანიზაციები მოქალაქეებს დანაზოგის საიმედოდ დაბანდებას და სწორედ ამ ოდენობის მაღალ სარგებელს სთავაზობენ. ეს პროცენტი გაცილებით მაღალია კომერციული ბანკების მიერ შემოთავაზებულ პირობებზე და მოსახლეობის ერთი ნაწილიც საკუთარ ფინანსებს სწორედ ასეთ ორგანიზაციებს ანდობს. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ხალხს მოუწოდებს გაფრთხილდნენ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 აპრილს საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

განცხადება დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით გავავრცელეთ. მომხმარებლები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, ვის ანდობენ ფულს, რა ტიპის ორგანიზაციაა და ა.შ...
ნათია ჭყონია

როგორც ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჭყონიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ეროვნული ბანკი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია იმ იურიდიული პირის შესახებ, ვისაც საკუთარ ფინანსებს ანდობენ, და გონივრულად შეაფასონ საფრთხე. მისივე თქმით, მომხმარებლებმა უნდა ისიც გაითვალისწინონ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, მაღალ საპროცენტო რისკს გულისხმობს:

„განცხადება დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით გავავრცელეთ. მომხმარებლები ინფორმირებულები უნდა იყვნენ, ვის ანდობენ ფულს, რა ტიპის ორგანიზაციაა და ა.შ. იქიდან გამომდინარე, რომ დეპოზიტის მიღების უფლება აქვს მხოლოდ კომერციულ ბანკს, ასეთი ტიპის ურთიერთობა რეგულირდება ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმებულია ამ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის“.

ეროვნული ბანკის განცხადებაში კი ვკითხულობთ:
„ნებისმიერი პირის უფლებაა მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ. თუმცა, სამომავლოდ დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს ასევე მაღალ რისკს“.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი ჯერ კიდევ გასულ კვირას ამბობდა, რომ ​ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობა შესაძლოა იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში 10 ათასით გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ვერ ახერხებენ აღებული სესხების გასტუმრებას. მერაბ ჯანიაშვილი ადასტურებს, რომ ბოლო დროს ბაზარზე მართლაც მომრავლდა ისეთი კომპანიები, რომლებიც მოსახლეობას კაბალურ პირობებს სთავაზობენ, მოსახლეობა კი, ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მათ პირობებს ხშირად თანხმდება.

მერაბ ჯანიაშვილი
მერაბ ჯანიაშვილი

„ეს იმიტომაც, რომ კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთი არის ბევრად დაბალი და დაბალია რისკიც. ხოლო აქ, სადაც სთავაზობენ მეტ პროცენტს და თანხის დაბანდებას ხალხს, მაღალია საფრთხეც. თუმცა ეს ხშირად მომხმარებელმა არ იცის“.

მერაბ ჯანიაშვილი დარწმუნებულია, რომ ის კომპანიები,რომლებიც მოსახლეობას დანაზოგის საიმედოდ დაბანდებას და მაღალი სარგებლის მიღების უნიკალურ შანსს სთავაზობენ, მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდის შემთხვევაშიც კი მოგებაზე მუშაობენ.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა ეროვნული ბანკის განცხადებას დროულად მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, ბოლო დროს საფინანსო სექტორში ქაოსური განწყობები შეინიშნება. ამის მიზეზი, ელიავას აზრით, შესაძლოა ისიც იყოს, რომ არ არსებობს საერთო წესები საფინანსო სექტორისათვის:

„ერთადერთი სექტორი, რომელიც დღეს რეგულირდება, ეს არის საბანკო სექტორი. დანარჩენი - მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საფინანსო კავშირები, ონლაინ გამსესხებლები, ლომბარდები და ა.შ. - საერთოდ არ რეგულირდება და ამიტომაც არის, რომ ისინი თავს უფლებას აძლევენ, დაარღვიონ ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების შესახებ, სადაც წერია, რომ დეპოზიტების მიღების უფლება, კომერციული ბანკების გარდა, არავის გააჩნია. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ქაოსია საფინანსო სექტორში, ეს არარეგულირებადი კომპანიები მაინც აძლევენ თავს უფლებას მოსახლეობისგან აიღონ დეპოზიტები“.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს 90-იანი წლების საფინანსო ქაოსს, როდესაც იქმნებოდა ე.წ. „ფინანსური პირამიდები“, როდესაც ყველა ქუჩის კუთხეში იხსნებოდა ბანკი, რომელიც იღებდა მოსახლეობის ანაბრებს და ამ ანაბრებიანად ორთქლდებოდა ქვეყნიდან...
ლია ელიავა

განსხვავებულია მოსახლეობის მიზიდვის გზებიც, ამბობს ლია ელიავა. მათ ხან ანგარიშის გახსნას სთავაზობენ, ხან სესხს „მიმზიდველი პირობებით“, ხშირად საკრედიტო კავშირები ფასიან ქაღალდებს უზარმაზარ პროცენტად ყიდიან.

„ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს 90-იანი წლების საფინანსო ქაოსს, როდესაც იქმნებოდა ე.წ. „ფინანსური პირამიდები“, როდესაც ყველა ქუჩის კუთხეში იხსნებოდა ბანკი, რომელიც იღებდა მოსახლეობის ანაბრებს და ამ ანაბრებიანად ორთქლდებოდა ქვეყნიდან“.

თუმცა, ლია ელიავას აზრით, ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ეროვნული ბანკის ვალდებულება არ არის, ეს არის მთავრობის საზრუნავიც, რადგან, მისი ვარაუდით, თუ მოსახლეობამ დაიწყო ფულის კარგვა იმის გამო, რომ ფინანსური სახსრები შემთხვევით პიროვნებებს ანდო, მოსახლეობაში გაჩენილი პანიკა კომერციულ ბანკებსაც ვერ აუვლის გვერდს: იმის შიშით, რომ ბანკშიც არ დაკარგოს ფული, ხალხმა შესაძლოა დაიწყოს ბანკებიდან თანხის გატანა, რაც, ლია ელიავას თქმით, ბანკების გაკოტრების წინაპირობაა. სწორედ ეს საფრთხე იდგა, მისი თქმით, საქართველოში 2008 წლის აგვისტოში. ამიტომ ეკონომისტის მთავარი რჩევა მოსახლეობისადმი დღეს ასეთია: არ მიანდონ ფული კომერციული ბანკების გარდა არც ერთ საფინანსო სტრუქტურას, საეჭვო რეპუტაციისა და საქმიანობის მქონე პირებს, მით უფრო, მათი საქმიანობის გადაუმოწმებლად.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG