Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ფოტოთი მოთხრობილი დიდი ამბები


ფოტოპროექცია
ფოტოპროექცია

9 ივლისს კლუბ Vitamin Cubes-ში National Geographic საქართველომ ღამის ფოტოპროექცია მოაწყო. 15-წუთიანი პრეზენტაცია გასულ წელს ჟურნალში დაბეჭდილი საუკეთესო ფოტოების ნაკრებს მოიცავდა. დამთვალიერებელმა National Geographic-ის უნიკალური არქივიდან აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტოებიციხილა - გამოცემის ცნობილი ფოტოგრაფების მიერ 1915-28 წლებში გადაღებული საქართველო.

დიდ თეთრ ეკრანზე გაშვებული ფოტოპროექცია დაბინდებასთან ერთად უფრო მკვეთრდება. National Geographic-ის ფოტოებს მასშტაბურობა განსაკუთრებით უხდება. ეკრანზე თითო ფოტო რამდენიმე წამის განმავლობაში რჩება და ერთ დიდ ამბავს გვიყვება, ერთდროულად - უხმოდ და დიდი ხმაურით. ცნობილი ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრები ერთმანეთს ენაცვლება. ყველას ერთი ჟურნალი აერთიანებს, National Geographic-ი, და ერთი საერთო თხრობის სტილი:

„ამ ფოტოების თვალიერებისას იმდენ ინფორმაციას იღებ ნებისმიერ ამბავზე, რომ შეგიძლია მინაწერებიც აღარ წაიკითხო და სრულად დაინახო ის სურათი, რისი აღწერაც და გადმოცემაც ფოტოგრაფს სურდა. თან, National Geographic-ის ფოტოგრაფებს სწორედ ის გამოარჩევთ სხვებისგან, რომ სრულიად სხვა კუთხიდან გვაჩვენებენ შესაძლოა ძალიან ტრივიალურ ამბებს“, - გვეუბნება National Geographic საქართველოს გამომცემელი თათა კვაჭაძე.

National Geographi-ის ფოტოების ისტორია უკვე თითქმის 126 წელს ითვლის. ტექსტისგან დამოუკიდებელი ფოტო, რომელიც თავადაა ამბავი - ეს ჟურნალის გამოკვეთილი სტილია. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხვდება ის National Geographic-ის ფურცლებზე.

„ორნაირი მიდგომა გვაქვს ფოტოს შერჩევისას - ერთი კადრი, რომელიც სრულად ჰყვება ამბავს. მაგალითად, ყველას ახსოვს ავღანელი გოგოს ფოტო, რომელიც გამოცემის სავიზიტო ბარათადაც კი იქცა, და სხვა არაერთი ფოტო, და გვაქვს ასევე ფოტოამბები, რომელიც კადრებით გვიყვება ამბავს, მისი განვითარების კვალდაკვალ, დინამიკურად. ეს შეიძლება შეეხებოდეს გეოპოლიტიკურ საკითხს, ხალხებსა და მათ კულტურას, ველურ ბუნებას თუ ჩვენს ისტორიას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფოტოს ვიზუალური მხარე, ის ესთეტიკურად მომხიბლავი უნდა იყოს და, რაც მე პირადად ძალიან მიზიდავს National Geographic-ის ფოტოებში, ეს არის მისი მკვეთრი ფერები, ეს სიმკვეთრე ჩანს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფოტო შავ-თეთრია“, ამბობს ლევან ბუთხუზი, National Geographic საქართველოს მთავარი რედაქტორი.

ლევან ბუთხუზი
ლევან ბუთხუზი

2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჟურნალის ქართული გამოცემის დასტამბვა დაიწყო, ნელ-ნელა მის ფურცლებზე ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებიც გამოჩნდა - „ნათელა გრიგალაშვილი, გურამ წიბახაშვილი, გიორგი დარჩიაშვილი, დარო სულაკაური, დინა ოგანოვა, გოგიტა ბუხაიძე, თაკო რობაქიძე. ვინმე აუცილებლად გამომრჩება“, - გვეუბნება ლევან ბუთხუზი, როდესაც იმ ფოტოგრაფებს ჩამოთვლის, რომლებიც უკვე თანამშრომლობენ ან გეგმავენ თანამშრომლობას ჟურნალთან და რომელთაც აქვს „National Geographic“-ის თვალი“: ისინი ხედავენ ამ ჟურნალისთვის, „National Geographic საქართველო“ კი ხედავს მათ.

მაინც როგორ შეიძლება დახასიათდეს ის ფოტოები, რომლებიც ამ გამოცემას აინტერესებს და რა არის მიმზიდველი National Geographic-ისათვის საქართველოში, ვკითხეთ ლევან ბუთხუზს. აი, რა გვიპასუხა მან:

„ეს არის გეოგრაფიული გარემო, სოციალურ გარემოსთან ერთად, კულტურული და რაღაც პიკანტური ამბავი, რომელიც ამ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს აერთიანებს და როგორც კი ფოტოგრაფი ამას იჭერს, იმავე წამს გამოიკვეთება ხოლმე ის უნიკალური კუთხე, რაც ამ გამოცემას იზიდავს და ახასიათებს“.

Vitamin Cubes
Vitamin Cubes

სანამ 9 ივლისის საღამოს კლუბ Vitamin Cubes-ში თინათინის კონცერტი დაიწყება, იქ შეკრებილი საზოგადოება სწორედ ამ ფოტოებს იხილავს. ნათელა გრიგალაშვილი. სერიის სახელწოდება - „ქართველი მუსლიმები“. ლოცვა, მეჩეთი. ხელები ლოცვის დროს. ოჯახი. მუსლიმი ქალი სიმინდებით ხელში. მზერა კამერაში. დგახარ - ფოტო კი ამბავს გიყვება. ედ კაში - სერია „ბრძოლა ნიგერიისთვის“. ბრძოლა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. გვამები ქუჩაში. მაიკ ჰეტუერი - სერია „სადაც გიგანტები კვდებიან“. სლაიდშოუ ორ საათს გრძელდება.

როგორც National Geographic საქართველოს კომერციული მენეჯერი ზურაბ ღამბაშიძე გვიხსნის, ამ ღონისძიებისათვის ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჟურნალში დაბეჭდილი ასობით ფოტოდან საუკეთესოები შეირჩა. თუმცა ამ ფოტოპროექციის გამორჩეული ნაწილი მაინც National Geographic-ის ძველი არქივია - საუკუნის წინ გადაღებული ფოტოები კავკასიის და, კონკრეტულად, საქართველოს შესახებ:

Vitamin Cubes
Vitamin Cubes

„ეს ფოტოები მეოცე საუკუნის დასაწყისშია გადაღებული - 1915-1928 წლებში. მაშინ კავკასიასა და, კერძოდ, საქართველოს ხშირად სტუმრობდნენ National Geographic-ის ცნობილი ფოტოგრაფები, იღებდნენ თბილისს, საქართველოს მთას. მათ შორის იყვნენ ვიტორიო სელა, ჯულიან ბრაინი და სხვები და სხვები. გადაღებულია ხევსურეთი, სვანეთი, თბილისის უნიკალური ხედები, რომლებიც დღეს აღარ არსებობს. ამ საარქივო ფოტოებს შორის არის, მაგალითად, სვანეთში გადაღებული უძველესი ხატის ფოტო, რომლის მიხედვითაც აღადგინეს მოგვიანებით ეს ხატი“.

აი, ისინიც - აქამდე ფართო საზოგადოებისათვის უცნობი ფოტოები: ხევსურეთი, დილა. ქალები ხევსურულ სამოსში, ზურგზე მოგდებული თივის დიდი ზვინებით - თითქოს წამით შეჩერდნენ კამერის წინ და გზა გააგრძელეს. თონე, პურის ცხობა. თბილისი. ძველი ხიდი მეტეხის ეკლესიასთან. ოპერის შენობა. ხელოსნები.

სახეები, სახელები, შენობები, ნივთები - ვინც და რაც დღეს აღარ არსებობს, რაც ისტორიას სწორედ ამ ფოტოკადრებით შემორჩა. National Geographic საქართველოს გუნდმა კი თინათინის მუსიკის ფონზე მათი არსებობა კიდევ ერთხელ შეგვახსენა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG