Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთიანი ეროვნული გამოცდების სტარტი


აბიტურიენტები
აბიტურიენტები

ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება დაიწყო. მარათონი 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდამ გახსნა და აბიტურიენტებმა ეს გამოცდა დღის განმავლობაში ორ ნაკადად ჩააბარეს. განსაკუთრებული დარღვევები არ გამოვლენილა. პროცესში ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი. ახალგაზრდები სხვადასხვანაირად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ირკვევა, რომ საგამოცდო დავალებებში ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა ტექსტის ანალიზს უკავშირდებოდა. მშობლები იმედოვნებენ, რომ რეპეტიტორებისთვის გადახდილი ფული წყალში არ ჩაეყრებათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების სტარტი
please wait

No media source currently available

0:00 0:04:08 0:00
გადმოწერა

უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად წელს 39 ათასი აბიტურიენტი იბრძვის. წინასწარი ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებული 4 500-მდე აბიტურიენტიდან პროცესს გამოეთიშა 2000-ზე მეტი აბიტურიენტი, რადგანაც მათ გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმუმ ერთ საგანში მინიმალური ბარიერი ვერ გადალახეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ორშაბათს ის აბიტურიენტებიც ახსენა, რომლებსაც (თბილისში, ბათუმსა და თელავში) პრობლემები არაპუნქტუალურობის გამო შეექმნათ:

„რაც შეეხება იმ აბიტურიენტების რაოდენობას, რომლებიც, სამწუხაროდ, არ დაიშვნენ გამოცდაზე, არის 5... დაიგვიანეს, გამოცხადდნენ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ და ჩვენ აღარ გვქონდა შესაძლებლობა, რომ საგამოცდო სექტორში შეგვეშვა“.

აბიტურიენტები და მშობლები
აბიტურიენტები და მშობლები

ქართულ ენასა და ლიტერატურაში სატესტო დავალებების შესასრულებლად აბიტურიენტებს 4 საათი და 15 წუთი ჰქონდათ მიცემული. ეს დრო ზოგისთვის საკმარისზე მეტიც იყო და ასეთები, ცხადია, დროზე ადრე ამაყად გამოვიდნენ გამოცდიდან. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც გარკვეული სიძნელეების გადალახვა მოუხდათ. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არაერთმა აბიტურიენტმა გაამხილაა, რომ გამოწვევა ძირითადად ტექსტის გაანალიზებას უკავშირდებოდა. მათ შორის იყო გერმანე წურწუმიაც:

„უბრალოდ, ცოტა დამაბნეველი იყო ტექსტის ანალიზი მხოლოდ და მხოლოდ, სხვა არაფერი... ტექსტი იყო მურმან ლებანიძის ლექსი „ლეგენდად დარჩეს“ და შუშანიკის წამება, - ერთ-ერთი უნდა აგვერჩია... კლასიკურ ანალიზს არ მოითხოვდა და ამიტომაც გამიჭირდა, ალბათ...“

აბიტურიენტების მთავარი გასაჭირი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:23 0:00

ტექსტის ანალიზი, რაც თავისუფალ აზროვნებასა და ინდივიდუალურ მიდგომებს მოითხოვს, ძირითადად კრიტიკული აზროვნების უნარებს ეფუძნება. ამას კი, გლობალური პრობლემის ნაწილად განიხილავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, „კრიტიკული აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი გიორგი გახელაძე. როგორც რადიო თავისუფლებასთან აღნიშნავს, მას არ უკვირს, რომ საქართველოში ასეთი პრობლემა იჩენს თავს:

„რა თქმა უნდა, კრიტიკული ანალიზი ჩვენთან არის პროგნოზირებადი და მოსალოდნელი არა მხოლოდ განათლების რეფორმების ჭრილში, არამედ, ზოგადად, ჩვენი საზოგადოებისათვის... ამისთვის დასაწყებია ასეთი აზროვნების სწავლა... ჩვენთან კი განათლების პარადიგმა - როგორც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში - უმეტეს შემთხვევაში, კრიტიკულ აზროვნებას უგულებელყოფს და არის რეპროდუქციული განათლება - ცოდნის გადაცემაზე ორიენტირებული განათლება... კრიტიკული აზროვნების საფუძველია დამოუკიდებლობა. ადამიანი იწყებს კრიტიკულად აზროვნებას და ხედავს ამის საჭიროებას მაშინ, როდესაც არის მეტი დამოუკიდებლობით და მეტი პასუხისმგებლობებით“.

გამოწვევების მიუხედავად, იმედიანად არიან განწყობილი მშობლები, რომლებიც გამოცდაზე შესულ ახალგაზრდებს გარეთ ელოდებიან და ემოციურად გულშემატკივრობენ. სკოლებს აქებენ, მაგრამ მათი დიდი ნაწილი არ მალავს, რომ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად მაინც აუცილებელია რეპეტიტორების დახმარება:

„(აბიტურიენტის დედა) რეპეტიტორთან მომზადება ჩემი სურვილი იყო, რომ მეტი მიეღო ბავშვს, თორემ სკოლის უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, ყოველთვის კარგი შედეგები ჰქონდა სკოლაშიც... (აბიტურიენტის დედა) ვემზადებოდით ყველა საგანში, იმიტომ რომ სკოლისთვისაც გვჭირდებოდა. ძლიერი სკოლა გვაქვს, მაგრამ აუცილებელი იყო, ჩვენი გადმოსახედიდან. იმედი გვაქვს, რომ წარმატებით ჩააბარებს“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით (მეორე სესიით) გაგრძელდება. მომდევნო დღეებში იქნება კიდევ არაერთი საგნის გამოცდა და პროცესი 27 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსით დასრულდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG