Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორის საარჩევნო გარემო


კეთრინ ეშტონი, შტეფან ფიულე
კეთრინ ეშტონი, შტეფან ფიულე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასა და ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოზეა საუბარი 3 სექტემბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეთრინ ეშტონისა და ევროკომისრის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულეს ერთობლივ განცხადებაში. საქართველოსთან ევროკავშირის დინამიკური ურთიერთობის გაღრმავებისათვის მზაობის გარდა, ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები ადასტურებენ საქართველოში დანიშნული 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობას როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობის გაგრძელებისათვის.

”საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია” - ამ სიტყვებით იწყება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეთრინ ეშტონისა და ევროკომისრის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულეს ერთობლივი განცხადება. 3 სექტემბრის განცხადებაში ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები გამოხატავენ მზაობას ”შემდგომში გაღრმავდეს საქართველოსთან ევროკავშირის ძალიან დინამიკური ურთიერთობები”. ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველო დგას „დემოკრატიის კონსოლიდაციის“ ამოცანის წინაშე და რომ ევროკავშირი დიდ მოლოდინს უკავშირებს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, რადგან ”ეს არჩევნები იქნება საქართველოში დემოკრატიის უწყვეტი განვითარებისთვის გადამწყვეტი და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ხარისხისა და ინტენსივობის ახალი ეტაპის” განმსაზღვრელი.

განცხადებაში შტეფან ფიულე და კეთრინ ეშტონი გამოხატავენ შეშფოთებას მზარდი პოლარიზაციის გამო და ამბობენ, რომ ამ საკითხში პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარეს - როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას: მათ უნდა უზრუნველყონ არჩევნების სათანადო ჩატარება და მისი ლეგიტიმურობა.

კეთრინ ეშტონისა და შტეფან ფიულეს განცხადებას გამოეხმაურა ”ერთიანი
ჩვენ მოვუწოდებთ ”ქართულ ოცნებას” დაკვირვებით წაიკითხონ განცხადების ტექსტი, გამოიტანონ ამ ტექსტიდან კონკრეტული დასკვნები და იმოქმედონ იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები...
ჩიორა თაქთაქიშვილი

ნაციონალური მოძრაობა”. პარტიის სპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის სიტყვებით, პარტიაში სავსებით იზიარებენ ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებას და განსაკუთრებით იმის ხაზგასმას, რომ წინსაარჩევნოდ პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს მათსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია:

”ჩვენ მოვუწოდებთ ”ქართულ ოცნებას” დაკვირვებით წაიკითხონ განცხადების ტექსტი, გამოიტანონ ამ ტექსტიდან კონკრეტული დასკვნები და იმოქმედონ იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ამაში არის როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის წილი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი, თავის მხრივ, მიესალმა განცხადებას და ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, რომ მომავალშიც ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვოს ამ არჩევნებში.”

კეთრინ ეშტონი და შტეფან ფიულე მოუწოდებენ ყველა პარტიასა და კანდიდატს ხელი შეუწყონ მშვიდ საარჩევნო გარემოს და თავი შეიკაონ დაძაბულობის გამომწვევი განცხადებებისგან, რათა ისედაც დაძაბული გარემოს შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს და არ გაჩნდეს ეჭვები არჩევნების შედეგების თვალსაზრისით.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერთა საბჭოს წევრის, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მანანა ნაჭყებიას სიტყვებით, განცხადების ეს ნაწილი
ნებისმიერი მოწოდება, რომელიც საზოგადოებაში გააღვივებს ნიჰილიზმს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ასხამს ხელისუფლების წისქვილზე წყალს და ხელს უწყობს იმას, რომ საზოგადოებამ, რომელიც, როგორც არასდროს, დღეს მზად არის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, კვლავ ჩაიქნიოს ხელი...
მანანა ნაჭყებია

მართლაც საყურადღებოა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის, რათა საზოგადოებამ ხელი არ ჩაიქნიოს არჩევნებზე:

”ნებისმიერი მოწოდება, რომელიც საზოგადოებაში გააღვივებს ნიჰილიზმს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, – რომელიც წინასწარ იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ შეიძლება არჩევნები გაყალბდეს, შეიძლება ხელისუფლებამ, ისევე როგორც გასულ წლებში, მოახერხოს, რომ ხალხის არჩევანი რეალურად არ ამოვიდეს საარჩევნო ყუთებიდან, – ასხამს ხელისუფლების წისქვილზე წყალს და ხელს უწყობს იმას, რომ საზოგადოებამ, რომელიც, როგორც არასდროს, დღეს მზად არის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, კვლავ ჩაიქნიოს ხელი...“

ევროკავშირის წარმომადგენლების გარდა, წინასაარჩევნო პერიოდში პასუხისმგებლობის თანაბარ გადანაწილებაზე საუბრობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI). 3 სექტემბერს ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო გარემოს შუალედურ ანგარიშშიც სწორედ ამაზეა აქცენტი გაკეთებული.

როგოც კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მათი კოალიცია მზადაა ეს პასუხისმგებლობა იტვირთოს, თუმცა ხელისუფლებამაც უნდა ათხოვოს ყური საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. ვიქტორ დოლიძის სიტყვებით, ერთადერთი, რასაც ხელისუფლების ქმედებებზე გავლენა აქვს, სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებია:
ვიქტორ დოლიძე
ვიქტორ დოლიძე

”ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ და ყოველთვის ვგრძნობთ და, აქედან გამომდინარე, ვმოქმედებთ, რათა პოლიტიკური ჩარჩოებიდან და კალაპოტიდან არ ამოვვარდეთ, მიუხედავად სააკაშვილის არაერთგზის ავანტიურისტული მცდელობებისა, და იმედი მაქვს, ამგვარი განცხადებები რეალურ გავლენას იქონიებს, გამოცდილებიდან გამომდინარე, რადგან არაერთხელ გვახსოვს, როდესაც შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ევროსაბჭოს მაღალჩინოსნების განცხადებების შემდგომ მათ თავიანთი უკანონო ქმედებები ან შეზღუდეს, ან შეაჩერეს.”

ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოსა და 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმართ მაღალი საერთაშორისო ინტერესის დასტურად უნდა მივიჩნიოთ მომავალ კვირაში დაგეგმილი ვიზიტები. როგორც ცნობილია, საქართველოს ეწვევიან შვედეთის, პოლონეთის, არგენტინისა და ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები, ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი და ჯო ლიბერმანი და ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG