Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და ევროკავშირი: არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და წვლილი


თბილისი მასპინძლობდა კონფერენციას, სახელწოდებით „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები"
თბილისი მასპინძლობდა კონფერენციას, სახელწოდებით „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები"

22 ნოემბერს თბილისი მასპინძლობდა კონფერენციას, სახელწოდებით „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები", რომლის ყოველწლიურ გამართვასაც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული მემორანდუმი. კონფერენციაზე, რომელშიც ხელისუფლების წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ძირითადი აქცენტი კეთდებოდა არასამთავრობო სექტორის საგანგებო როლზე ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში.

„საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია. მიმდინარე წელს სრულად ამოქმედდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, თუმცა ჩვენ 2014 წლის 1 სექტემბრიდან, შეთანხმების დროებით ამოქმედებისთანავე, დავიწყეთ მისი ვალდებულებების თანმიმდევრული შესრულება. ევროპელი პარტნიორების შეფასებით, საქართველო უდავო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით", - განაცხადა ამჟამად პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა 22 ნოემბერს, როცა ის კონფერენციის მონაწილეებს მიმართავდა. მის გამოსვლაში კიდევ არაერთხელ აღინიშნა ევროპული ოჯახისკენ საქართველოს სწრაფვის უცვლელი მიზანი და მესამე სექტორის როლი ამ მიზნისთვის ხორცშესხმის გზაზე:

„საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან, რომელიც მრავალი მიმართულებით ჩართულია რეფორმების განხორციელებაში და ჩვენ დემოკრატიული, თანამედროვე და განვითარებული ქვეყნის მშენებლობაში გვეხმარება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პლატფორმა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გაერთიანება, გამორჩეულ როლს ასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ძალისხმევის გაერთიანება“.

ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებულ როლსა და წვლილზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმაც ილაპარაკა. ითქვა, რომ ასოცირების დღის წესრიგის შესრულების შესახებ ახალ ანგარიშს ევროკავშირი ახლო მომავალში გაასაჯაროვებს. მანამდე კი მონიტორინგის შედეგები საქართველოს მთავრობას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ წარუდგინა. პლატფორმის ამჟამინდელი თავმჯდომარის კახა გოგოლაშვილის თქმით, საუბარია რამდენიმე ათეულ დოკუმენტზე:

„რეკომენდაციები შეეხება ძალიან კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც მოიცავს ასოცირების შეთანხმების პრაქტიკულად ყველა თემას, ყველა თავს და მიმართულებას. ამაზე მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რამდენიმე თვის განმავლობაში მათ შეიმუშავეს პოლიტიკის დოკუმენტები, 25-ზე მეტი პოლიტიკის დუკუმენტია შემუშავებული და სწორედ მათი წარდგენა ხდება ახლა“.

„ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში წელს პირველად ჩავრთეთ სამოქალაქო საზოგადოება. საქართველო, ისევე როგორც სხვა დემოკრატიული პროცესების კუთხით, ამ მიმართულებითაც გამორჩეულია რეგიონში და ეს აღნიშნულია ევროკავშირის ყველა შესაბამის განცხადებაში“, განაცხადა 22 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ.

მაგალითად, ბავშვთა დაცვის ნაწილში გათვალისწინებულია ძალიან ბევრი რეკომენდაცია... რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებულია ასევე მართლმსაჯულების სფეროშიც... ნაკლებად არის გათვალისწინებული - თანასწორობის სფეროში - გენდერული თანასწორობა და ა.შ...
ვანო ჩხიკვაძე

ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში ჩართულობას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მაგალითად, „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ვერ იხსენებს შემთხვევას, რომ წარსულში ევროკავშირთან ურთიერთობების ფარგლებში შემუშავებული რომელიმე დოკუმენტი მთავრობას არასამთავრობო სექტორთან წინასწარ შეეთანხმებინოს. ვანო ჩხიკვაძის თქმით, მთავრობასთან კომუნიკაციის პროცესში გაიმართა 3 შეხვედრა: ერთი ორგანიზებული იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, ხოლო დანარჩენი ორი - საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. მართალია, 2017-2019 წლების ასოცირების დღის წესრიგის საბოლოო პროექტი ვანო ჩხიკვაძეს აღარ უნახავს, მაგრამ, რამდენადაც მისთვის და მისი კოლეგებისთვის არის ცნობილი, მთავრობამ მეტ-ნაკლებად გაითვალისწინა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები:

„მაგალითად, ბავშვთა დაცვის ნაწილში გათვალისწინებულია ძალიან ბევრი რეკომენდაცია... რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებულია ასევე მართლმსაჯულების სფეროშიც... ნაკლებად არის გათვალისწინებული - თანასწორობის სფეროში - გენდერული თანასწორობა და ა.შ. ანუ ზოგიერთ სფეროებში მეტი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, ხოლო ზოგიერთ სფეროში კი - ნაკლები, ანდა თითქმის არც ერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული“.

რაც შეეხება 2014-2016 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესრულებას, ამ პროცესს ბოლო წლებია აქტიურ მონიტორინგს უწევს არასამთავრობო სექტორი და სწორედ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართთველოს“ ხელშეწყობითაც. ეს გახლავთ საქართველოს ეროვნული პლატფორმისგან დამოუკიდებელი პარალელური მონიტორინგის პროცესი, რომლის მორიგი პრეზენტაცია 18 ნოემბერს გაიმართა. პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც 2016 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდს მოიცავს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა. მათ შორის არის: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ციხის საერთაშორისო რეფორმა“, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“.

მაგალითად, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონალური დირექტორის, ცირა ჭანტურიას თქმით, ხარვეზები ვლინდება ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, რომელიც წამებასა და სასტიკ მოპყრობასთან ბრძოლას გულისხმობს. ცირა ჭანტურიამ საგამოძიებო პროცესების ეფექტიანობის ხელშემშლელ მიზეზებზე ილაპარაკა:

ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ელექტრონული მეთვალყურეობის ვიდეოჩანაწერების შენახვა არ ხდება საკმარისი ვადით. ისინი ინახება 24 საათის ვადით და რამდენიმე დღის შემდეგ, როცა პროკურატურაში შეიძლება საჩივარი გაიგზავნოს და მას დასჭირდეს ამ მტკიცებულებების ამოღება, 24 საათში ის უკვე განადგურებულია. შესაბამისად, ვერ ხდება ამ ჩანაწერის ამოღება. და მეორე მნიშვნელოვანი წყარო შესაბამისი მტკიცებულებების შესაგროვებლად ეს არის სამედიცინო დოკუმენტაცია და, სამწუხაროდ, ექიმების როლი მთელი ამ წლების განმავლობაში საკმაოდ შეზღუდული იყო წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან ბრძოლის კუთხით, ანუ ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ციხეებში იწარმოებოდა ან შსს- დროებითი მოთავსების იზოლატორებში, არ იყო საერთაშორისო თუ ევროპული სტანდარტების შესაბამისი, რათა მოეხდინა სათანადო დოკუმენტაციის უზრუნველყოფა გამოძიებისათვის“.

18 ნოემბრის პრეზენტაციაზე ყურადღება ასევე გამახვილდა, მაგალითად, საჯარო მოხელეთა ტრენინგებისა და ეთიკის საკითხებზე და ითქვა, რომ ეს პროცესი უნდა შეეხოთ ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირებსა თუ მარეგულირებელ კომისიათა თანამშრომლებს. არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები შეეხებოდა აგრეთვე საარჩევნო ადმინისტრაციაში პოლიტიკური გავლენების შესუსტების შესაძლებლობებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG