Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი დროებით აჩერებს მიანმარის მიმართ შემოღებულ სანქციებს


ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება დროებით შეაჩერონ სანქციები მიანმარის მიმართ იმ რეფორმებისადმი მხარდაჭერის ნიშნად, რომელთაც ქვეყანა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სამხედრო რეჟიმიდან გათავისუფლების შემდეგ, ახორციელებს. აკრძალვის გაუქმება გზას გაუხსნის რესურსებით მდიდარ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოს ევროპულ კამპანიებთან ურთიერთობის დასამყარებლად.

მიანმარის, ყოფილი ბირმის მიმართ სანქციების ერთი წლის ვადით შეჩერება ლუქსემბურგში ორშაბათს გადაწყდა. სულ ახლახან სანქციების რეჟიმი შეამსუბუქა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სახელმწიფო უწყებებს მიანმარში ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების სამუშაოების ჩატარების უფლება მისცა. ამასთან, არ იქნა გაზიარებული ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მოთხოვნა მთლიანად გაუქმებულიყო სამხედრო რეჟიმის ძალადობის გამო მიანმარის მიმართ შემოღებული სანქციები. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯერჯერობით კვლავ დატოვეს ძალაში იარაღის ემბარგო. სანქციების სრულად გაუქმების წინააღმდეგი წავიდა დიდი ბრიტანეთი. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტმა უილიამ ჰეიგმა ლუქსემბურგში 23 აპრილს განაცხადა, რომ მის შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებების დარღვევა და მიანმარის დემოკრატიული ძალების ლიდერ ანგ სან სუ ჩისა და ახალ მთავრობას შორის არსებული უთანხმოება:

„ბირმაში დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ ბირმის ზოგიერთ ეთნიკურ ნაწილში - განსაკუთებით კაჩინის შტატში - არსებული კონფლიქტისა და ასევე ადამიანის უფლებათა ხელყოფის გამო. ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები. კამათის საგანია პარლამენტის ოპოზიციური წევრების მიერ ფიცის დადება. ყოველივე ეს კი, ჩემი აზრით, თვალნათლივ მეტყველებს, თუ რატომ არის სწორი დროებით შევაჩეროთ და არა საბოლოოდ გავაუქმოთ სანქციები. სანქციები შესაძლოა კვლავ ამოქმედდეს, თუკი ბირმა არასწორ გზას დაადგება.“

საერთაშორისო სანქციების გაუქმების მოთხოვნით ევროკავშირს მიანმარის - იმავე ბირმის - პროდემოკრატიული ძალების ლიდერმა ანგ სან სუ ჩიმ უბიძგა. ანგ სან სუ ჩი, მიანმარელი პოლიტიკოსი ქალი და 1991 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, 24 წლის განმავლობაში პირველად, საზღვარგარეთ ოფიციალურ ვიზიტსაც გეგმავს.

თუმცა ორშაბათს სუ ჩიმ და მისი პარტიის წევრებმა უარი თქვეს მიანმარის ახალ პარლამენტში შესვლაზე. ანგ სან სუ ჩიმ, რომელიც სამხედრო რეჟიმის პირობებში 20 წელი იმყოფებოდა შინაპატიმრობაში, პარლამენტის მანდატი მოიპოვა 1 აპრილს ჩატარებულ ეპოქალურ არჩევნებში, რომლის შედეგადაც „დემოკრატიის ეროვნულ ლიგას“ 44-ადგილიან პარლამენტში 43 მანდატი ხვდა წილად. სუ ჩის პარტიას სურს, რომ ფიცის ტექსტში არსებული ფრაზა - დეპუტატები ”დაიცავენ კონსტიტუციას”, შეიცვალოს ფრაზით - ”პატივს სცემენ კონსტიტუციას”.

გარდა ამისა, სუ ჩი იბრძვის იმისათვის, რომ შეიცვალოს 2008 წლის კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც, მიანმარის პარლამენტის ერთი მეოთხედი არჩევნების გარეშე აქვთ დაჯავშნული სამხედრო უწყების მოხელეებს. მიანმარის სამოქალაქო პრეზიდენტი ტეინ შეინი პირობას იძლევა, რომ დემოკრატიზაცია გაგრძელდება, თუმცა ის აგრეთვე აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს პარლამენტის წევრთა ფიცის ტექსტში ცვლილებას. „სუ ჩის ნებაა, შევა თუ არ შევა პარლამენტშიო“, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული ეროვნული ლიგის“ ბოიკოტს ტეინ შეინი, რომელიც ამჟამად იაპონიაში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG