Accessibility links

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის მორიგი შედეგები, რომელთა თანახმად, უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში 71 პროცენტიდან 80 პროცენტამდე გაიზარდა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს შესვლას ევროკავშირის შემადგენლობაში. ასევე მაღალია ნატოში ინტეგრაციის მომხრეთა მაჩვენებელი: გამოკითხულთა 68 პროცენტი ემხრობა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობას. საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა ასევე, რომ რუსეთს საფრთხედ აღიქვამს გამოკითხულთა 78 პროცენტი, ხოლო 47 პროცენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებულმა საზოგადოების განწყობის კვლევამ მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა: დემოკრატია, ეროვნული უსაფრთხოება, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, ნატო, რუსეთი და სამხედორო სამსახური. NDI-საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა თორნტონის, თქმით, განუხრელად იზრდება ევროკავშირის მხარდაჭერა:

„ევროკავშირის მხარდამჭერთა რაოდენობა კვლავაც დიდია და ამ კვლევაში 80 პროცენტს აღწევს, ხოლო ისინი, ვისთვისაც მიუღებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, 12 პროცენტს შეადგენენ. გეოგრაფიული თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ძალიან მყარია ევროკავშირის მხარდაჭერა ყველა გეოგრაფიულ დასახლებაში, გარდა უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისა, სადაც მხარდამჭერთა რიცხვი შედარებით დაბალია და 54 პროცენტს შეადგენს“.

ლორა თორნტონის თქმით, მსგავსი სურათია ნატოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით: გამოკითხულთა 68 პროცენტისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი, თუმცა დასახლებების მიხედვით, ეს მაჩვენებელი, ისევე როგორც ევროკავშირის შემთხვევაში, დაბალია (42 %) უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ლორა თორნტონის თქმით, მხარდაჭერა ასევე დაბალია (56 %) იმ მოქალაქეებში, რომელთა ასაკი აღემატება 55 წელს:

„ყველა ჩვენს გამოკითხვაში დავინახეთ, მაგრამ განსაკუთრებით რაც გამოიკვეთა კონკრეტულად ამ გამოკითხვაში, არის, ის, რომ არიან მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფები. ვიცით, რომ ეს ჯგუფები შედგება ასაკოვანი ადამიანებისგან, რომლებიც ცხოვრობენ უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში. უკიდურესად მნიშვნელოვანია აქტიური კამპანიების გამართვა მათი პრევენციული განათლებისთვის, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია და მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა და ნატოში გაწევრიანება, მეტი ინფორმაცია რუსეთზე, - ვფიქრობ, ეს სასარგებლო იქნება, ზოგადად. აგრეთვე ვფიქრობ, სრულიად ნათელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ინფორმირებული არიან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, ჯერ კიდევ არსებობს მითები ამ თემაზე. ასე რომ, საჭიროა არა მხოლოდ სავიზო ლიბერალიზაციის წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, არამედ ზოგიერთი მითის გაქარწყლებაც - მაგალითად, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია გამოიწვევს ლტოლვილთა რაოდენობის ზრდას საქართველოში, ანდა საქართველოდან მასობრივ მიგრაციას“.

ლორა თორნტონის თქმით, ეთნიკური უმცირესობებისა და უფროსი ასაკი ადამიანების განწყობაზე გავლენას ახდენს დეზინფორმაციის კამპანიები, რომელთა მიზანია იმ აზრის დამკვიდრება, რომ ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოება გამოიწვევს რუსეთის მხრიდან აგრესიას და დააზარალებს საქართველოს კულტურასა და იდენტობას. როგორც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის დირექტორი კობა თურმანიძე ამბობს, შემთხვევით არაა, რომ გამოკითხულთა 47 პროცენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს:

„ჩვენი კვლევა აჩვენებს ძალიან მნიშვნელოვან ტენდენციას. მიუხედავად გაქანებული ანტიდასავლური, რუსული პროპაგანდისა, რუსეთის მხარდამჭერი მოქალაქეების რაოდენობა არ იზრდება. ალბათ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, იქიდან გამოდინარე, რომ უამრავი მითი და დეზინფორმაცია მოსახლეობის მცირე რაოდენობას მაინც სჯერა და ამას იმეორებს ჩვენს გამოკითხვებში. ანუ პროპაგანდა მუშაობს. მიზნებს ვერ აღწევს, მაგრამ გარკვეულ რაოდენობაზე მაინც ახდენს გავლენას“.

ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 78 პროცენტი რუსეთს მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხედ მიიჩნევს, დაახლოებით, 40 პროცენტი კი დარწმუნებულია, რომ ბოლო წლებში რუსეთმა უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს როგორც ეკონომიკაზე, ისე პოლიტიკაზე. რუსეთისადმი ამგვარი დამოკიდებულება და ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა არ უკვირს "საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის" მკვლევარს გოგიტა ღვედაშვილს, რომლის თქმითაც, ამგვარ განწყობებს შეიძლება ძირი გამოუთხაროს ბოლო დროს გაძლიერებულმა ანტიდასავლურმა რუსულმა პროპაგანდამ.

„რუსული საფრთხე და პროპაგანდა ცდილობს გარკვეული მითების, სტერეოტიპების შექმნით გააღვიძოს გარკვეული შიშები ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ, რაც არცთუ ისე ცუდად გამოსდის, რადგანაც პროპაგანდის მანქანა საკმაოდ მძლავრი და ინტენსიურია და ეს გამოწვევაა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ აღმოსავლეთ ევროპისა და, ზოგადად, დასავლეთისათვის. შესაბამისად, იქმნება ახალი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, მოხდეს სათანადო შეფასება ზიანისა და რისკებისა, რაც პროპაგანდას მოაქვს, მეორე მხრივ, მოხდეს გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაც ხელს შეუშლის პროპაგანდის გავრცელებას, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, მოახდენს მოქალაქეთა ინფორმირებას, მათი ცნობიერების ამაღლებას“, უთხრა გოგიტა ღვედაშვილმა რადიო თავისუფლებას.

NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა ცნობიერების ასამაღლებლად დიდი სამუშაოა ჩასატარებელი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, რუსული პროპაგანდა მუშაობს ტელევიზიების საშუალებით. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ზაურ ხალილოვის, თქმით, ხელისუფლების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სახელმწიფო ენის უცოდინრობის აღმოფხვრისკენ, თუმცა მანამდე ეთნიკურ უმცირესობებს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მათსავე მშობლიურ ენებზე. და კიდევ:

„ეთნიკური უმცირესობები ქართულ მედიაში არ არსებობენ ან, თუ არსებობენ, არიან წარმოჩენილი საკმაოდ ნეგატიურ კონტექსტში. ქართული მედია არ ინტერესდება მათი პრობლემებით. მედიამ უნდა შეძლოს ინტეგრირება მოახდინოს საინფორმაციო ველში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანი, რომელიც მოწყვეტილია ამ საინფორმაციო ველს, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ იქნება მიმაგრებული რომელიმე სხვა მედიასაშუალებას. მაგრამ აქ იბადება ერთი კითხვა: რამდენად ობიექტურია ნებისმიერი მეზობელი ქვეყნის მედიასაშუალება იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ეთნიკურ უმცირესობებს“, უთხრა ზაურ ხალილოვმა რადიო თავისუფლებას.

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას ყველაზე კარგად აშშ ( 35 %), თვითონ საქართველო (12 %) და რუსეთი (10 %) დაიცავენ. რაც შეეხება საფრთხეებს, გამოკითხულთა 63 პროცენტის აზრით, მთავარი საფრთხე რუსეთია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG