Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტი მშვიდობის აქციის ფონზე


რიგა, 2015 წლის 22 მაისი
რიგა, 2015 წლის 22 მაისი

ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი 22 მაისს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. რიგის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესვლამდე სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა მეთაურების კორტეჟები სვლას ანელებდნენ, რომ ყურადღებით წაეკითხათ აქციის მონაწილეთა ტრანსპარანტებზე დატანილი ის მოთხოვნები, რისი შესრულებისთვისაც ევროკავშირი ჯერჯერობით მზად არ არის.

ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტის გადამწყვეტი შეხვედრის დაწყების წინ ევროპის რამდენიმე ქალაქში საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის ევროპული არჩევანის მხარდამჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა. რიგაში ანალოგიური აქციის ინიციატორი იყო "საქართველოს ეროვნული პლატფორმის" თავმჯდომარე ლაშა ტუღუში, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად სამოქალაქო ფორუმის ფარგლებში შედგენილი პეტიცია ჯერ კიდევ 21 მაისს გადასცა ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებებში იოჰანეს ჰანს.

შესაძლოა, საქართველომ, მისი მხრიდან დამატებითი ძალისხმევის შემთხვევაში, მიმდინარე წელსაც კი მიაღწიოს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან. ეს სულაც არ არის გამორიცხული...
ლინას ლინკიავიჩუსი

22 მაისს რიგის ეროვნული ბიბლიოთეკის წინ გამართულ მშვიდობიან აქციაში, საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გარდა, რიგაში მცხოვრები დიასპორების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ევროპული პერსპექტივის აღიარების გარდა, აქციის მონაწილეები უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ აისახება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტის დეკლარაციაში აქციის მონაწილეთა მოთხოვნა. როგორც ცნობილია, ბელორუსია და სომხეთი, მოსკოვის ლიდერობით მოქმედი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები, წინააღმდეგნი არიან დასკვნითი დოკუმენტის ტექსტში ჩაიწეროს „ყირიმის ანექსია“. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თავი აარიდა დეკლარაციის სადავო პუნქტებზე საუბარს, თუმცა როდესაც საქმე საქართველოსა და უკრაინისათვის სავიზო ლიბერალიზების საკითხს შეეხო, ლიტველმა მინისტრმა უფრო ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკიავიჩუსის აზრით, საქართველოს აქვს შანსი წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლება.

ლინას ლინკიავიჩუსი
ლინას ლინკიავიჩუსი

„ვფიქრობ, [სავიზო ლიბერალიზაციის] პროცესი მეტად მშვიდი და დადებითი პროცესია. მართალია, სამიტისთვის დასახულ ზოგიერთ მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ პროცესი წინ მიდის და არსებობს ძალიან კარგი შანსი, - განსაკუთრებით, მე ვიტყოდი, საქართველოსათვის და ასევე უკრაინისთვის, - რომ კიდევ უფრო წინ წავიდნენ. შესაძლოა, საქართველომ, მისი მხრიდან დამატებითი ძალისხმევის შემთხვევაში, მიმდინარე წელსაც კი მიაღწიოს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან. ეს სულაც არ არის გამორიცხული. სწორედ ეს არის მთავარი და ეს ჩვენს პარტნიორებს უნდა შევატყობინოთ. ამიტომ არ ვეთანხმები მათ, ვინც მხოლოდ უარყოფით მხარეებზე ლაპარაკობს“, - განაცხადა ლინკიავიჩუსმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას.

სულ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი სამიტის დეკლარაციის ტექსტი. მანამდე კი რიგის ეროვნულ ბიბილიოთეკაში ევროკავშირის 28 ქვეყნისა და აღმოსავლეთის პარტნიორი ლიდერების პლენარული სესია მიმდინარეობს. მასში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს, რომელიც სამიტის დაწყებამდე საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და კანცლერ ანგელა მერკელს, შეხვდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG