Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპელებისთვის დაუჯერებელია, რაც ჩვენთან ხდება


ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს, მაიკლ ასტრუპ იანსენსა და ბორის სილევიჩს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს, მაიკლ ასტრუპ იანსენსა და ბორის სილევიჩს შეხვდა.
ხელისუფლებისაკენ მიმართული ეჭვების დიდი ნაწილი კვლავაც შერჩევით სამართალსა და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა პოლიტიკურ დევნას უკავშირდება და ეს არამხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან. თუმცა, პრემიერ-მინისტრის აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს კითხვის ნიშნები იმის გამო უჩნდებათ, რომ მათთვის წარმოუდგენელია საქართველოში გამოვლენილი დანაშაულის მასშტაბები. როგორია მხარეთა ვარაუდები და რეაქციები ამ ტიპის დისკუსიებში?

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა მიკაელ იენსენმა და ბორის ცილევიჩსმა სამდღიანი ვიზიტი ისე დაასრულეს და საქართველო ისე დატოვეს, რომ მათთვის გაუგებარი დარჩა, მაგალითად, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერ გიგი უგულავასთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალი. ვიდრე აპრილისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშს მოამზადებენ, 15 იანვარს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თანამომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ მათ გაუჭირდათ მიეღოთ ამომწურავი და დამაჯერებელი ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ ის დაკითხვის მიზნით საკნიდან უკანონოდ გაიყვანეს. ამასთან, მათი აზრით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ”დიდი დრო დასჭირდათ” იმის ასახსნელად, არსებობდა თუ არა ვიდეოჩანაწერი.

რაც შეეხება გიგი უგულავას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების აზრით, პრობლემურია, როდესაც სასამართლოსთვის ასეთი იოლია არჩეული მერისთვის უფლებამოსილების შეჩერება და, მით უმეტეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. ითქვა ასევე, რომ სამართლებრივი დევნისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ სასამართლოს ასეთ შემთხვევაში გარკვეული თავშეკავება მართებს.

ისინი არ არიან მიჩვეული, მაგალითად, რომ მათი დედაქალაქის მერი იყოს ბრალდებული 50 მილიონის გაფლანგვაში, მითვისება-მოპარვაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან და, ბუნებრივია, ვერ წარმოუდგენიათ, ვერ გაუცნობიერებიათ, უჭირთ ამის წარმოდგენა, რომ ასეთი რამ ხდება ჩვენთან...
ირაკლი ღარიბაშვილი
ეს არ იყო რაღაც განსაკუთრებული, მძაფრი შეფასება - ასე გამოეხმაურა მიკაელ იენსენისა და ბორის ცილევიჩსის შეფასებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი 16 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. შეკითხვების არსებობას ირაკლი ღარიბაშვილი უჩვეულო მდგომარეობით ხსნის:

”ისინი არ არიან მიჩვეული, მაგალითად, რომ მათი დედაქალაქის მერი იყოს ბრალდებული 50 მილიონის გაფლანგვაში, მითვისება-მოპარვაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან და, ბუნებრივია, ვერ წარმოუდგენიათ, ვერ გაუცნობიერებიათ, უჭირთ ამის წარმოდგენა, რომ ასეთი რამ ხდება ჩვენთან. და, შესაბამისად, ეს შეშფოთებაც სწორედ ამით არის განპირობებული. ამიტომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო ჩვენი მხრიდან, მეტი ახსნა სჭირდება. რაც შეეხება მერის გადაყენებას, ეს იყო დამოუკიდებელი სასამართლოსა და მოსამართლის გადაწყვეტილება. ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამაში მთავრობის როლი არის აბსოლუტურად მინიმალური - ნულის ტოლფასი”.

პრემიერ-მინისტრის ნათქვამს უფლებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა სოციალური ქსელით გამოეხმაურა და მას ”მატყუარა” უწოდა. ”პრემიერ-მინისტრმა, უბრალოდ, იცრუა, როცა თქვა, რომ თითქოს არ ჩარეულა მოსამართლის "პარტიზანული ღამის გადაწყვეტილებაში". სასამართლო პროცესამდე ჩემ მიერ გაკეთებული განცხადება მოწმობს, რომ წინასწარ ცნობილი იყო, თუ რა შედეგი დადგებოდა. მე მივუთითე გვარებიც, თუმცა, ცხადია, პროკურატურას არაფერი გამოუძიებია”, - წერს გიგი უგულავა.

პრემიერმა ღარიბაშვილმა პრაქტიკულად განაჩენი გამოაცხადა დღეს. საზოგადოებას მინდა დავუსვა კითხვა: რა განცდა უნდა მქონდეს და უნდა მქონდეს თუ არა იმედი, რომ ამ ქვეყანაში არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და რა განაჩენს უნდა ველოდე ქუთაისის სასამართლოში?...
ზურაბ ჭიაბერაშვილი
შერჩევით მართლმსაჯულებასა და პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებული განცხადებები 16 იანვარს ”ნაციონალური მოძრაობის” სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს. მაგალითად, ვანო მერაბიშვილთან ერთად ერთ საქმეში ბრალდებული ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ყურადღებას ამახვილებს პრემიერ-მინისტრის სიტყვებზე, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გატაცება არავის სჭირდებოდა და რომ მერაბიშვილი ”კარგად ზის და კარგად იჯდება”.

”პრემიერმა ღარიბაშვილმა პრაქტიკულად განაჩენი გამოაცხადა დღეს. საზოგადოებას მინდა დავუსვა კითხვა: რა განცდა უნდა მქონდეს და უნდა მქონდეს თუ არა იმედი, რომ ამ ქვეყანაში არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და რა განაჩენს უნდა ველოდე ქუთაისის სასამართლოში? ეს არის ძალიან მარტივი კითხვა, რომელზეც პასუხი ყველამ ძალიან კარგად იცის: ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გრძელდება”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 16 იანვარს.

პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებული ბრალდებების ჭრილში ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებდნენ ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, საფრანგეთში დაკავებული დავით კეზერაშვილის საქმეზე, თუმცა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს საქმე ააშკარავებს ბევრ ისეთ ფაქტს, რაც ისედაც იცოდნენ საქართველოში:

”მოხდა იმის დადასტურება, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლები და, ზოგადად, მოსახლეობა წლების განმავლობაში საუბრობდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნებმა მიიტაცეს, ხელში ჩაიგდეს სხვადასხვა მექანიზმით, სხვადასხვა ფორმით სახელმწიფო ქონება - ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, სტრატეგიული ობიექტები და... სერიოზული აქტივები”.

დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის კიდევ არაერთი სკანდალური ინფორმაცია გახდება ცნობილი. 16 იანვრის პრესკონფერენციაზე ასევე ითქვა, რომ ამ საქმის დეტალებით არაერთი წამყვანი ქვეყანაა დაინტერესებული.

როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 15 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყება შეისწავლის თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის შემოსავლების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ მასალებს. "აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს შესაძლო სამოხელეო დანაშაულის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს. დავით კეზერაშვილი 2003-2008 წლებში იყო საჯარო მოხელე, კერძოდ, მას ეკავა ფინანსური პოლიციის უფროსის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობები. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი შემოსავალი აღნიშნულ პერიოდში 100 ათას ლარს შეადგენდა. აუდიტორული კომპანია ”დელოიტის” დასკვნის მიხედვით, კეზერაშვილის ბიზნესსექტორში გადასვლის შემდეგ მის მიერ ოფშორულ ზონაში დაფუძნებულმა ჰოლდინგური კომპანიის საერთო შემოსავალმა 2009-2012 წლებში ასეულობით მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. მთავარი პროკურატურის მიერ მოცემული გარემოებები შესწავლილი იქნება გამოძიების ფარგლებში", - ვკითხულობთ მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG