Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭო საქართველოს შეფასებას აგრძელებს


8 აპრილს დაიწყო საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელთა 4-დღიანი სამუშაო ვიზიტი საქართველოში. ხელისუფლების, ოპოზიციისა თუ სამოქალაქო საზოგადოებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თანამომხსენებლები - მიკაელ ასტრუპ იენსენი (დანია) და ბორის სილევიჩი (ლატვია) - შეაფასებენ, თუ როგორ ასრულებს საქართველო ვალდებულებებს ევროსაბჭოს წინაშე. ეს იქნება პირველი შეფასება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში.

თანამომხსენებელთა მეტად დატვირთული სამუშაო განრიგი ორშაბათს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ეკა ფოფხაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას ევროსაბჭოს საქართველოს წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ, მათთვის საინტერესო საკითხები თავად სტუმრებმა წამოსწიეს:

”ეს იყო პოლიტიკური პატიმრების საკითხი, ანუ იგეგმება თუ არა ე.წ. მეორე ტური და მოხდება თუ არა პოლიტიკური პატიმრების საქმეების განხილვა პარლამენტის მიერ. ჩვენ ვისაუბრეთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე, რომლის თაობაზეც აზრთა სხვადასხვაობაა და ჩვენ ვუჭერთ მხარს მას - ჩვენ ვართ ამ კანონპროექტის ინიციატორი ერთ-ერთი ორგანიზაცია. ასევე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით აინტერესებდათ ჩვენი პოზიცია. იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესზეც ვთქვით, რომ მეტ-ნაკლებად კარგია, რომ კონსენსუსია მიღწეული სასამართლოსა და უმრავლესობას შორის და ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია ეს”.
ამ ხნის განმავლობაში 5 ათასზე მეტი განცხადებაა შემოსული და დაახლოებით 900-მდე საქმე განიხილება - მათი, ვისაც რეალურად აქვს დაბრუნების სურვილი. არსებობს ცვლილებები, რომლებიც გასატარებელია კანონმდებლობაში...
მაია ფანჯიკიძე

ამ და ბოლო პერიოდში აქტუალურ სხვა არაერთ საკითხთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები, 4-დღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსაც ისაუბრებენ. სამუშაო განრიგი მოიცავს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, სახელმწიფო მინისტრებთან, მინისტრებთან, სახალხო დამცველსა თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. სამშაბათი მთლიანად სამცხე-ჯავახეთს დაეთმობა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროსაჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ახალქალაქსა და ახალციხეში შეხვდებიან. აქვე გავიხსენოთ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ახლებურ ჭრილში განიხილავს მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციას, რაც უკვე წლებია რჩება საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული და შეუსრულებელი ვალდებულებების ნუსხაში. 28 მარტს ბათუმში, როცა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს მასპინძლობდა, პროცესის დაჩქარების შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც გააკეთა:

”ამ ხნის განმავლობაში 5 ათასზე მეტი განცხადებაა შემოსული და დაახლოებით 900-მდე საქმე განიხილება - მათი, ვისაც რეალურად აქვს დაბრუნების სურვილი. არსებობს ცვლილებები, რომლებიც გასატარებელია კანონმდებლობაში. ამ საკითხზე მუშაობს იუსტიციის სამინისტრო. ვფიქრობ, რადგანაც ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ საქმეს, ბოლოს და ბოლოს, დაადგეს საშველი, ეს ცვლილებები მალე განხორციელდება და, შესაბამისად, მათი დაბრუნებაც იქნება რეალური”.
ეს საინტერესო და ასევე მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს დემოკრატიული მომავლისათვის. მეტად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ განაგრძოს სვლა დემოკრატიული განვითარების გზაზე და სულ უფრო დაემსგავსოს ევროპულ დემოკრატიას...
მიკაელ იენსენი

საქართველოს საკითხებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველად ეწვივნენ საქართველოს - ქვეყანას, რომელმაც არჩევნების მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარების გამო საერთაშორისო თანამეგობრობისგან არაერთი საქებარი სიტყვა დაიმსახურა. თუმცა მეთვალყურეობის პროცესი გრძელდება და, როგორც მიკაელ იენსენმა უთხრა 8 აპრილს ჟურნალისტებს, ევროპისკენ მიმავალ საქართველოს კვლავაც მოეთხოვება წინსვლა დემოკრატიული განვითარების გზაზე:

”ეს საინტერესო და ასევე მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს დემოკრატიული მომავლისათვის. მეტად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ განაგრძოს სვლა დემოკრატიული განვითარების გზაზე და სულ უფრო დაემსგავსოს ევროპულ დემოკრატიას. ამ კუთხით მეტად მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობა და ოპოზიცია უკეთ თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან”.

ვიდრე საქართველოს ეწვეოდნენ, საქართველოს საკითხში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მიკაელ იენსენმა და ბორის სილევიჩმა გამოხატეს კმაყოფილება საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული იმ საკონსტიტუციო ცვლილების მისამართით, რომლითაც შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილება და მას ჩამოერთვა პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის დანიშვნის უფლება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებით „გაუგებრობისა და დაძაბულობის მნიშვნელოვანი წყაროს“ აღმოფხვრა მოხერხდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG