Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეყოლება თუ არა ოპოზიციას მერობის საერთო კანდიდატი


თბილისის მერიის შენობა
თბილისის მერიის შენობა

მომავალი თვითმმართველობის არჩევნების წინ ოთხმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა ძალამ გაერთიანება გადაწყვიტა - ”ახალი საქართველო”, ”ახალი ერთობა საქართველოსთვის”, ”ევროპელი დემოკრატები” და ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” და მათი ლიდერები - გიორგი ვაშაძე, მამუკა გამყრელიძე, პაატა დავითაია და ზურაბ ხარატიშვილი ოპოზიციის სხვა ლიდერებს გაერთიანებისა და მერობის ერთიან კანდიდატზე შეჯერებისაკენ მოუწოდებენ. გაერთიანების შესახებ განცხადება 4 აგვისტოს სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გაკეთდა.

გადმოწერა

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ და სთავაზობენ პრაიმერის გზით აირჩიონ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის საერთო კანდიდატები. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი „ქართული ოცნების“ დამარცხება - ასე ფიქრობს ოთხი პოლიტიკური ძალა: "ახალი საქართველო", "ახალი ერთობა საქართველოსთვის", „ევროპელი დემოკრატები" და პოლიტიკური გაერთიანება "სამოქალქო ალიანსი თავისუფლებისთვის“.

4 აგვისტოს გამართულ საგანგებო შეკრებაზე მათ ოპოზიციური პარტიებისადმი მიმართვაც წაიკითხეს. მამუკა გამყრელიძემ, ლიდერმა მოძრაობისა "ახალი ერთობა საქართველოსთვის", განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის შანსი არაფორმალურ მმართველობაზე დამყარებული ხელისუფლების შესაცვლელად:

„ცხადად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შესანარჩუნებლად მზადაა ყველა საშუალება გამოიყენოს. ასეთ პირობებში გათითოკაცებული ოპოზიციისათვის განსაკუთრებულად რთული იქნება სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხება. მნიშვნელოვანია პროდასავლური ოპოზიციური ელექტორატის კონსოლიდაცია და მობილიზება საერთო მიზნის მისაღწევად - ჩვენი ამოცანაა არ დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური ხმა. აქ წარმოდგენილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები ვერთიანდებით საერთო ამოცანის გადასაწყვეტად. გამოვდივართ რა პრინციპიდან “ძალა ერთობაშია“, მოვუწოდებთ პროდასავლურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს, გავერთიანდეთ დემოკრატიული პრინციპების გარშემო და მაქსიმალურად ღია და კონკურენტული გზით (პრაიმერით) ავირჩიოთ მერობისა და საკრებულოს საერთო კანდიდატები“.

„ჩვენ ვითხოვთ არა ჩვენს გვერდით“ დგომას, არამედ ყველას ერთად დგომას ერთი მიზნისთვის“, - განაცხადა „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიამ.

„ჩვენ ამ ეტაპზე არ ვასახელებთ ჩვენი მერობის კანდიდატს, მიუხედავად იმისა, რომ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ ვთავაზობთ ყველას, ერთად გავიაროთ ეს საკითხები, რადგან დაქსაქსულობა ამ ფრონტზე ხელს შეუწყობს „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვებას. ამიტომ გვინდა ერთი კანდიდატის შერჩევა - ვინც გაიმარჯვებს შიდა არჩევნებში, ის წარვადგინოთ მთელი ოპოზიციური სპექტრის სახელით“.

შეხვედრის მონაწილენი
შეხვედრის მონაწილენი

ვიწრო პარტიული ინტერესების დავიწყებისა და გაერთიანებისაკენ მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიასა და მერობის კანდიდატს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც. „მივმართავ ზალიკოსაც, ელენესაც, ალეკოსაც, - სამივე ღირსეული ადამიანია, - გავერთიანდეთ, გამოვავლინოთ, ვინ არის ყველაზე ძლიერი კანდიდატი“, - განაცხადა 4 აგვისტოს გიორგი ვაშაძემ.

„პირველ ტურში გაიმარჯვებს კალაძე, თუ მის თამაშს ავყვებით. კალაძის თამაშს არ უნდა ავყვეთ, უნდა გავერთიანდეთ, ამისთვის დრო არის. მივმართავ ზალიკოსაც, მივმართავ ელენესაც, მივმართავ ალეკოსაც,- სამივე ღირსეული ადამიანია, - გავერთიანდეთ, გამოვავლინოთ, ვინ არის ყველაზე ძლიერი კანდიდატი და ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნებში. ალბათ, ჩვენც გვეყოლება კანდიდატი”.

მეოთხე პოლიტიკური ძალა, რომელიც გაერთიანების იდეით გამოდის და აცხადებს, რომ ერთიან ოპოზიციას გაცილებით მაღალი რეიტინგი ექნება, ვიდრე ხელისუფლებას დღეს, არის „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ და მისი ლიდერი ზურაბ ხარატიშვილი.

გაერთიანებას ჯერჯერობით საერთო სახელი არა აქვს და, როგორც მასში შემავალი პარტიების ლიდერები განმარტავენ, ეს იმიტომ, რომ მოძრაობა ახლა იწყება, ღიაა ყველა პროდასავლური ძალისთვის და სურთ ერთად შეიქმნას ეს მოძრაობა.

4 აგვისტოს ასევე ცნობილი გახდა დავით უსუფაშვილის ”შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატის ვინაობაც: დედაქალაქის მერობისათვის თენგიზ შერგელაშვილი იბრძოლებს, რომელიც
”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო. მის სახელს უკავშირდება 2013-2014 წლებში ”ქართული ოცნების” კოალიციური ხელისუფლების მიერ განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმა:

„თენგიზ შერგელაშვილი - საუკეთესო მერობის კანდიდატი თბილისის არჩევნებში“, - ასე წარადგინა ის დავით უსუფაშვილმა: „ის არის სახელმწიფო მმართველობის სპეციალისტი არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად“.

თავის მხრივ, წინასაარჩევნო აქტივობებს განაგრძობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“, რომელმაც ახალი კამპანია „ვეღარ გააყალბებ“ წამოიწყო. გაყალბების საწინააღმდეგო შტაბის მიზანი კი წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევებისა და ძალადობის ფაქტების შესწავლა იქნება. კამპანიის „ვეღარ გააყალბებ“ შტაბს ლევან ბეჟაშვილი და ზაზა ბიბილაშვილი უხელმძღვანელებენ. „ნაციონალური მოძრაობაც“ ყველა ოპოზიციურ პარტიას მიმართავს და სთხოვს, ჩამოაყალიბონ გაყალბების საწინააღმდეგო ერთობლივი საბჭო.

„მივამართავთ ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს. ამ კამპანიაში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს - ყველა, ვინც აცნობიერებს, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რომელმაც მხოლოდ სიღატაკე და უიმედობა მოუტანა ხალხს, არ აპირებს ხელისუფლების დემოკრატიული გზით დათმობას. თითოეული თქვენგანის ჩართულობა ამ შტაბის წარმატებული მუშაობის საწინდარია. ვამხილოთ უსამართლობა და ვებრძოლოთ მას. ვუთხრათ ივანიშვილს: ვეღარ გააყალბებ! განსხვავებით ადრინდელისგან, ჩვენ აღარ შეგაჩერებთ. პირიქით, ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად“, - აცხადებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.

როგორ შეჯერდებიან ოპოზიციური პარტიები და შეძლებენ თუ არა რომელიმე საკითხის გარშემო საერთო ენის გამონახვას, ჯერჯერობით ცნობი არ არის. 4 აგვისტოს ერთმანეთის საპასუხო განცხადებები არ გაკეთებულა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG