Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების ხელმძღვანელია მეოთხე ვადით


საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის მონაწილეები
საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის მონაწილეები

139 დელეგატის მხარდაჭერით, ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებს მომდენო ოთხი წლის განმავლობაში უკვე მეოთხედ უხელმძღვანელებს. მისმა კონკურენტმა, ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, ამირან ზენაიშვილმა დელეგატთა 62 ხმა მოიპოვა. ორი ბიულეტენი კი გაბათილდა. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მიმდინარე არჩევნებში სამი წარდგენილი კანდიდატურიდან ერთმა – ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირების მოქმედმა თავმჯდომარემ, დავით ოქიტაშვილმა, კენჭისყრამდე მცირე ხნით ადრე, კანდიდატურა მოხსნა. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებს წინ დაპირისპირება უძღოდა, რასაც, სამოქალაქო სექტორის შეფასებით, პოლიტიკური ელფერი ჰქონდა. პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნების შესახებ თხრობას ნინო ხარაძე განაგრძობს.

დაძაბული გამოდგა გაერთიანებული პროფკავშირების მე-13 ყრილობა, რომელზეც პროფკავშირების მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა 200-ზე მეტ დელეგატს უკანასკნელი ოთხი წლის საქმიანობა გააცნო. ამავე ყრილობაზე გაირკვა, რომ თავისი კანდიდატურა მოხსნა პროფკავშირების თავმჯდომარის პოსტის დაკავების ერთ-ერთმა მსურველმა, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯომარემ დავით ოქიტაშვილმა, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ კანდიდატურას იმ შემთხვევაში მოხსნიდა, თუ ირაკლი პეტრიაშვილიც იტყოდა უარს კენჭისყრაზე, თუმცა ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ წუხს იმ პოზიციის გამო, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ეკავა და ახლა კანდიდატურას ხსნის იმის დასამტკიცებლად, რომ ის სახელისუფლებო კანდიდატი არ არის.

ორივე კანდიდატს საწყისი და ფუძე ერთი აქვთ, დამრიგებლები ერთი ჰყავთ, ვინ კეთილ პოლიციელს, ვინ ბოროტ პოლიციელს თამაშობს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, პროკურატურა და სასამართლო ეს არის შანტაჟის გაგრძელება, ბუნებრივია, ეს ორგანიზაცია შანტაჟს არ ექვემდებარება და ამ ორივე პროექტს ისტორია მიუჩენს თავის ადგილს...
ირაკლი პეტრიაშვილი

„არანაირი სამთავრობო კანდიდატი არ ვყოფილვარ, მე ვიბრძოდი ჩემს გუნდთან ერთად. გისურვებთ წარმატებებს და გიხდით ბოდიშს იმ არაკორექტული საარჩევნო კამპანიისთვის, რაც იძულებული ვიყავით, რომ ჩვენგან წამოსულიყო. გავაგრძელებ ხელოვნების პროფკავშირებში ჩემს საქმიანობას და ბრძოლას, რომელიც მე დავიწყე, იმ ბრძოლას მე მივიყვან ბოლომდე“.

პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, 4 სექტემბერს, დავით ოქიტაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და პროკურატურას მოუწოდა, დაინტერესებულიყო პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის საქმიანობით, რომელსაც თანამდებობა 2005 წლიდან უკავია. მისი სიტყვებით, პროფკავშირების ფინანსურ საკითხებთან მიმართებით, „ტომები აქვს“, რომლითაც ირაკლი პეტრიაშვილის ბრალეულობას დაამტკიცებს. ამ ბრძოლის გაგრძელებას ის კვლავ აპირებს. მისივე თქმით, ირაკლი პეტრიაშვილის გამარჯვება არჩევნებში სავარაუდო იყო, პროფკავშირებში არსებული ნეპოტიზმის გამო.

პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებულმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ამ არჩევნით დელეგატებმა ჩააბარეს ჯანსაღი სამოქალქო საზოგადოების ტესტი და ამ გადაწყვეტილებით ნათელი მოეფინა, რომ ის სიბინძურე, რაც წინასაარჩევნო პერიოდში მის წინააღმდეგ გავრცელდა, სიცრუე იყო. მანამდე ირაკლი პეტრიაშვილი პროცესებს გარედან პოლიტიკური ინტერესით მართულს უწოდებდა. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებამდე გამართულ ყრილობაზე მან განაცხადა, რომ წლების განმავლობაში გაკეთებული საქმეები ადასტურებს იმას, თუ რამდენად გამართულად მიმდინარეობდა საქმიანობა პროფკავშირებში.

ირაკლი პეტრიაშვილი
ირაკლი პეტრიაშვილი

„ორივე კანდიდატს საწყისი და ფუძე ერთი აქვთ, დამრიგებლები ერთი ჰყავთ, ვინ კეთილ პოლიციელს, ვინ ბოროტ პოლიციელს თამაშობს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, პროკურატურა და სასამართლო ეს არის შანტაჟის გაგრძელება, ბუნებრივია, ეს ორგანიზაცია შანტაჟს არ ექვემდებარება და ამ ორივე პროექტს ისტორია მიუჩენს თავის ადგილს“.

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილე კიდევ ერთმა კანდიდატმა, ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარემ, ამირან ზენაიშვილმა ირაკლი პეტრიაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ის პატივს სცემს დელეგატთა გადაწყვეტილებას. მანამდე ის მიიჩნევდა, რომ პროფკავშირებს აკლია ღიაობა და გამჭვირვალობა, უცნობია ის, თუ როგორ იხარჯება პროფკავშირებისთვის გაცემული გრანტები, რატომ ხდება ქონების პირდაპირი წესით გასხვისება და სხვ.

გაერთიანებულ პროფკავშირებში თავმჯდომარის მიმდინარე არჩევნებს გამოეხმაურა აუდიტორია 115 და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. როგორც მათ განცხადებაში ვკითხულობთ, მიმდინარე პროცესი ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და „ერთი მხრივ, არაჯანსაღ პროცესზე მიუთითებს, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აზიანებს პროფესიული კავშირების იდეას და ფართო საზოგადოებაში მის მიმართ დისკრედიტაციას განაპირობებს“.

ლინა ღვინიანიძე
ლინა ღვინიანიძე

როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, „კანდიდატად იმგვარი პირის პოზიციონირება, რომელსაც არ გააჩნია პროფკავშირული ბრძოლის გამოცდილება და აქტიური პროფკავშირული ორგანიზაციების ნდობა, აჩენს ეჭვებს პოლიტიკური ხელისუფლების ზეგავლენაზე“. თუმცა, მეორე მხრივ, პროფესიული გაერთიანების მიმართ არსებული მწვავე და დასაბუთებული კრიტიკის პირობებში, არსებული თავმჯდომარის მეოთხედ არჩევაც კითხვის ნიშნებს შეიცავს.

„არსებობდა, ასევე, ძალიან დიდი კრიტიკა შიგნით, რომელიც მიანიშნებდა იმაზე, რომ დაუშვებელია ამ კრიტიკის პირობებში არსებულ თავმჯდომარეს მეოთხედ ეყარა კენჭი. მეორე მხრივ, არსებობდა სხვა კანდიდატი, რომელიც ცხადად აჩვენებდა ხელისუფლების შესაძლო ინტერესს, რომ გავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესებზე და მისი შედეგებით გაენეიტრალებინა პროფესიული კავშირების, როგორც მნიშვნელოვანი აქტორის როლი მომავალში“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG