Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალელების ნაწილი ბინადრობის მოწმობაზე უარს ამბობს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. დოკუმენტის მიღებაზე, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეა გათვლილი და ხუთწლიანი ვადა აქვს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების ნაწილი უარს აცხადებს, ნაწილმა კი უკვე მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ გალიდან დანარჩენ საქართველოში გადაადგილება მოახერხონ.

გადმოწერა

როგორც რადიო თავისუფლებას გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მკვიდრმა განუცხადა, გალელებს ბინადრობის მოწმობის აღება არ უნდათ, რადგან ის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქის დოკუმენტი, თავის მხრივ ბევრ შეზღუდვას გულისხმობს. რესპონდენტი, რომელსაც ვინაობის დასახელება არ სურს, ამბობს, რომ მოსახლეობაში გავრცელდა ჯერ კიდევ დაუზუსტებელი ცნობა შესაძლო ალტერნატიული საბუთის შემოღებაზე:

„ამ საბუთით არ შეიძლება პირადი დოკუმენტის ცნობა, პირადი ქონების ქონა. არ გაქვს უფლება უძრავი ქონების გაყიდვის და, მოკლედ, გარკვეული შეზღუდვებია. ამიტომ მოსახლეობა თავს იკავებს მისი აღებისგან. გაურკვევლობაა ძალიან სერიოზული. დაიწყებაო რაღაც სხვა საბუთების გაცემაო, მაგრამ ჯერ ესეც არ არის. ამიტომ ამ საბუთის აღებას ჯერ მასიური სახე არ აქვს“.

ბინადრობის მოწმობა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია. ის იძლევა აფხაზეთში გადაადგილებისა და მის საზღვრებს გარეთ - საქართველოს რესპუბლიკაში - გადაადგილების საშუალებას, რაც მათ (გალელებს) ძალიან აწუხებთ...
ედუარდ მანარგია

დე ფაქტო რესპუბლიკაში ბინადრობის მოწმობასთან ერთად ზაფხულში დაიწყო ახალი ე. წ. აფხაზური პასპორტების გაცემაც, თუმცა ის არ არის გათვლილი საქართველოს მოქალაქეებზე. ამასთანავე, პარალელურად ივნისიდან შეწყდა ე. წ. ფორმა ნომერი ცხრის გაცემა, რომლითაც პასპორტის არმქონე მოქლაქეები ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილებას ახერხებდნენ. ამჯერად გალის ადმინისტრაცია მანამდე გაცემული ფორმა ცხრის ვადას ორი თვით მხოლოდ იმ შემთხვევაში ახანგრძლივებს, თუ მოქალაქე ბინადრობის მოწმობაზე განაცხადს შეავსებს. რადიო თავისუფლების რესპონდენტს, გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრებ ირმა არონიას, ხშირად უწევს ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდში გადმოსვლა და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდოდა, იძულებული გახდა ბინადრობის მოწმობის მისაღებად საბუთები ჩაებარებინა.

„მე პირადად წალენჯიხელი ვარ და დამჭირდა დაბადების მოწმობაც და ქორწინების მოწმობაც ჩამებარებინა. როცა მოვა ბინადრობის მოწმობა, გააუქმებენ ფორმა ცხრას. თანხას რაც შეეხება, სჭირდება დაახლოებით ორმოცი ლარი. მე პირადად უკვე ჩავაბარე, მაგრამ ორი თვე მაინც სჭირდება, რომ მოვიდეს პასუხი, უარყოფითი ან დადებითი “, - ამბობს ირმა არონია.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 2017 წლის 30 მარტს მიიღო ე.წ კანონი, რომელიც რეგიონში მცხოვრები აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს. ამ გადაწყვეტილებით, დროებითი ბინადრობის მოწმობა მიენიჭებათ მეტწილად გალის მცხოვრებლებს, რადგან მათ უმრავლესობას არ გააჩნია ე. წ. აფხაზეთის მოქალაქეობა და წლების განმავლობაში სამართლებრივი სტატუსის არქონის მიზეზით ეკრძალებოდათ ე. წ. არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც.

აფხაზეთში მოქმედ მედიასაშუალებებთან ბინადრობის მოწმობის შესახებ განმარტებები ჯერ კიდევ ივლისში, მისი გაცემის დაწყებისას, გააკეთა გალის დე ფაქტო საპასპორტო-სავიზო განყოფილების უფროსმა ედუარდ მანარგიამ:

„ბინადრობის მოწმობა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია. ის იძლევა აფხაზეთში გადაადგილებისა და მის საზღვრებს გარეთ - საქართველოს რესპუბლიკაში - გადაადგილების საშუალებას, რაც მათ (გალელებს) ძალიან აწუხებთ. ბინადრობის მოწმობის ნიმუშები უკვე გადაეცათ მესაზღვრეებს და ის ჭორები, რომ თითქოს ამით არ შეიძლება გადასვლა, უბრალოდ, მოგონილია“.

როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის საპასპორტო-სავიზო განყოფილებაში განმარტავენ, იმისთვის, რომ მოქალაქემ მიიღოს ბინადრობის მოწმობა, უნდა ფიქსირდებოდეს აფხაზეთში მცხოვრებად 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG