Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის შეხვედრა უცვლელი საკითხებით


გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრაზე კვლავ უცვლელი რჩება მთავარი განსახილველი საკითხები და თბილისის მოთხოვნა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის გალის ოფისში, სადაც საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის, რუსეთის, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიისა და გაეროს წარმომადგენლები კვლავ შეიკრიბნენ, თბილისმა ისევ მოითხოვა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაპატიმრება, ასევე, აპრილში ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებული ზუგდიდის სოფელ რიყეში მცხოვრებ მამა-შვილ როგავების გათავისუფლება:

გალის შეხვედრა უცვლელი საკითხებით
please wait

No media source currently available

0:00 0:03:58 0:00
გადმოწერა

„დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, შემდეგ კვირაში უნდა გაიმართოს ე.წ. სასამართლო, რომლის შედეგადაც გაირკვევა ამ ადამიანების ბედი. ჩვენი მოთხოვნაა, რომელიც მკაფიოდ იქნა შეხვედრაზე დაფიქსირებული, რომ ეს ადამიანები თავის დროზე აბსოლუტურად უკანონოდ იყვნენ დაკავებულები და აუცილებელია მათი მყისიერი გათავისუფლება რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ.

გალში შეხვედრის დასრულებას კვლავაც ენგურის ხიდზე ელოდებოდნენ არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები. მათ დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხზე კახაბერ ქემოკლიძემ გააცნო:

არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები კახაბერ ქემოკლიძესთან შეხვედრისას
არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები კახაბერ ქემოკლიძესთან შეხვედრისას

„ველოდებით, სხვა რა გზა დაგვრჩა, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. უკვე სამი თვეა იქ იმყოფებიან და მათზე არაფერი ვიცით - არც წერილით, არც ტელეფონით არაფერი გაგვიგია“, - განაცხადა არჩიკო როგავას შვილმა, თინათინ როგავამ.

მამა-შვილი მდინარე ენგურის სანაპიროზე დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებმა 5 აპრილს დააკავეს. მათ ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებათ. ოჯახის წევრების ცნობით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა, როცა ისინი ცხენს ეძებდნენ.

თბილისის პრინციპული პოზიციაა, რომ როგავები უკანონოდ არიან დაკავებული, რაც, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, უცვლელად იქნება დაფიქსირებული მომდევნო შეხვედრაზე, ისევე როგორც დაფიქსირებული იქნება პოზიცია გასული წლის 19 მაისს ზუგდიდის სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეზე.

სუსის წარმომადგენლის თქმით, ცენტრალურმა მთავრობამ დღევანდელ შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა, თუმცა დე ფაქტო მთავრობას რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების სურვილი არ აქვს და არც ადრე ჰქონია:

ვფიქრობ, რომ მონაწილეებს შორის არის კონსენსუსი. შეხვედრის მოდერატორებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს ცხელი ხაზის ფორმატს. ვფიქრობ, რომ ის ლაფსუსები და ხარვეზები, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირდა, იქნება გამოსწორებული...
კახაბერ ქემოკლიძე

„ამ მხრივ, ჩვენ წარმოვადგინეთ საკმაოდ ვრცელი არგუმენტაცია, თუ რის საფუძველზე იყო შესაძლებელი ამ ადამიანის დაკავება. დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ კანჯი ოღლის დაკავება ვერ განხორციელდა, რადგან ვითომდა ჩვენ მიერ წარმოდგენილი მასალა არ იყო ვალიდურ დოკუმენტად ცნობილი. ჩვენი შეფასებით, ეს არის ძალიან ცინიკური დამოკიდებულება ამ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა დეტალური არგუმენტები, რატომ და როგორ იყო რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება შესაძლებელი 19 მაისსვე“.

სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, დღესვე იმსჯელეს ცხელი ხაზის ეფექტურად მუშაობის აუცილებლობაზე. ცხელი ხაზი 2009 წელს შეიქმნა, მაშინ, როცა ჟენევის დისკუსიის ფარგლებში ჩამოყალიბდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფი. კახაბერ ქემოკლიძის თქმით, ის დაფუძნებულია 24-საათიანი ოპერირების პრინციპზე და მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში ჩართული ყველა ოფიცერი მყისიერად რეაგირებდეს ამა თუ იმ მონაწილის მიერ მიწოდებულ პრობლემურ საკითხზე.

„ვფიქრობ, რომ მონაწილეებს შორის არის კონსენსუსი. შეხვედრის მოდერატორებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს ცხელი ხაზის ფორმატს. ვფიქრობ, რომ ის ლაფსუსები და ხარვეზები, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირდა, იქნება გამოსწორებული”, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ მორიგი შეხვედრა გალში 26 ივლისს ჩაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG