Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის შეხვედრა უცვლელი საკითხებითა და შედეგით


გალის შეხვედრა. 21 მარტი, 2017 წ.
გალის შეხვედრა. 21 მარტი, 2017 წ.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე უცვლელი რჩება განსახილველი მთავარი საკითხები, რომელსაც თბილისის დელეგაცია აყენებს. მათ შორის არის გასული წლის 19 მაისს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების მოთხოვნა, რაზეც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმება ვერც დღეს მოხერხდა.

გადმოწერა

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები უარს აცხადებენ თბილისის დელეგაციის მიერ წამოყენებული სხვა წინადადებების გათვალისწინებაზეც. გათავისუფლების მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე დრანდის ციხეში კვლავ პატიმრობაში რჩებიან ზუგდიდის სოფელ რიყის მცხოვრებნი – არჩიკო და პაატა როგავები. მამა-შვილი დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით აპრილში დააკავეს, მოგვიანებით კი ე.წ. სასამართლომ მათ პატიმრობა მიუსაჯა: არჩიკო როგავას თავისუფლების აღკვეთა ორი წლით, პაატა როგავას კი 2 წლითა და ექვსი თვით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ, გალში შეხვედრის დასრულების შემდეგ, ენგურის ხიდთან მომლოდინე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როგავების საქმის პარალელურად, მოითხოვეს 24 აგვისტოს ასევე ანალოგიური ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მკვიდრის, მანუჩარ წუშბაიას გათავისუფლებაც:

„ჩვენ მოვუწოდეთ შეხვედრის მონაწილეებს, რომ მნიშვნელოვანია ეს საკითხები განხილულ იქნას მხოლოდ ჰუმანიტარულ ჭრილში იმიტომ, რომ უსაფრთხოებისთვის ეს ადამიანები პრობლემას არ წარმოადგენენ და თუ დე ფაქტო ხელისუფლებას ან რუსეთის საოკუპაციო ძალებს გარკვეული გამოწვევები აქვთ უსაფრთხოების მიზნით ამ ადამიანებთან, ჩვენ მზად ვართ, IPRM-ის შეხვედრების ფარგლებში, აქტიურად ვითანამშრომლოთ“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

გალში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონში მოსწავლეებისთვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შეზღუდვას. რეგიონის ქართულ სკოლებში უკვე მეორე წელია ქართული ისწავლება როგორც უცხო ენა და მოზარდები განათლებას რუსულ ენაზე იღებენ. კახაბერ ქემოკლიძის სიტყვებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა შემაშფოთებელი ფაქტია:

„იმიტომ, რომ ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იზრდებოდა, სწავლობდა მშობლიურ ენაზე და მომენტალურად ხდება ამ ენის ცვლილება მიმდინარე კურიკულუმში, არის ცალსახა პრობლემა და ეს არის მეცნიერულად დასაბუთებული, რომ იწვევს გარკვეულ აკადემიურ პრობლემებს ამ მოსწავლეებისთვის. ამ თემაზე ინფორმაცია შესაბამისი სტრუქტურების მიერ უკვე მიწოდებული აქვთ ჟენევის შეხვედრის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე გაფრთხილებული არიან და შესაბამისი სტრუქტურები აქტიურად მუშაობენ, რათა ეს პრობლემა აღმოიფხვრას“.

კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, დეტალურად ისაუბრეს ე.წ. ბორდერიზაციის თემაზე, კონკრეტულად კი, ზუგდიდის სოფელ ხურჩაში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტზე, რომლის შედეგადაც ორ ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიას შეუერთდა. სუს-ის თანამშრომლის სიტყვებით, შეიარაღებული პირების მიერ მავთულხლართებისა თუ სხვა ბარიერების უკანონო განთავსება ადგილზე, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ცალსახად დიდი გამოწვევაა:

„დე ფაქტო ხელისუფლების, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების პოზიციაა, რომ, თითქოსდა, საოკუპაციო ხაზზე არსებობს საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის და ეს არის შეთანხმებული დე ფაქტო ხელისუფლებასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვალიდურ არგუმენტად ვერ მივიღებთ, რადგან ამ კონკრეტული ქმედებების შედეგად იზღუდება არა მარტო ადამიანების თავისუფლად გადაადგილების, არამედ მათი უშუალო წვდომა იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელსაც ამუშავებდნენ“.

კახაბერ ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ საკითხებს, რომლებიც გალის შეხვედრებზე ვერ წყდება, ოქტომბერში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში განიხილავენ. გალის მორიგი შეხვედრა 25 ოქტომბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG