Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის შეხვედრა და სოფელ ხურჩაში მავთულხლართების მოხსნა


გალის შეხვედრის მონაწილენი ენგურის ხიდის პოლიციის საგუშაგოსთან.
გალის შეხვედრის მონაწილენი ენგურის ხიდის პოლიციის საგუშაგოსთან.

გალში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ფარგლებში რიგით 52-ე შეხვედრა გაიმართა. ენგურის ხიდზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად მოკლედ ისაუბრა სოფელ ხურჩაში რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების აღებაზე. ქემოკლიძის განმარტებით, ეს ის საკითხია, რომელსაც გალის შეხვედრებზე აქტიურად განიხილავენ.

გადმოწერა

„გალის შეხვედრებზე ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ამ საკითხს აქვს ორი განზომილება. ეს არის უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ჭრილში არსებული განზომილებები. ჩვენთვის ორივე პრობლემატურია - ჰუმანიტარული იმ კუთხით, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს, არის ძალიან დიდი პრობლემების შემქნელი, წმინდა პრაქტიკული პრობლემების, ხოლო უსაფრთხოების კუთხეს რაც შეეხება, როდესაც რუსეთის სამხედროები საოკუპაციო ხაზზე მსგავსი ტიპის ინსტალაციებს ამონტაჟებენ, ცხადია, ეს არის გარკვეულწილად საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ ეს არის საოკუპაციო ზოლი და ძალიან მგრძნობიარე არეალი“.

რუსმა სამხედროებმა სოფელ ხურჩაში მავთულხლართები მოაწყვეს. 28 აპრილი 2017 წ.
რუსმა სამხედროებმა სოფელ ხურჩაში მავთულხლართები მოაწყვეს. 28 აპრილი 2017 წ.

გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა ორ ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი შარშან აპრილში ბოძებით მონიშნეს, აგვისტოში კი მავთულხლართები შემოავლეს. შედეგად ორი ხურჩელის, ომარ მიქაუტაძისა და არველოდ ნაჭყებიას, 2 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მას შემდეგ მათ საკუთარ ყანაში მუშაობა აეკრძალათ.

ბოძები აყრილია. მგონი, იქეთ გადასწიეს საზღვარი და ჩვენი რაც მიწა იყო, აქეთ დატოვეს. ჩემებს ეშინიათ და შორიდან თუ ნახეს, თორემ ჯერჯერობით ახლოს მისვლა, არ ვიცი...

რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი ნაკვეთის მესაკუთრის, ომარ მიქაუტაძის შვილმა, ირინა მიქაუტაძემ, განუცხადა, რომ ბოძებისა და მავთულხლართების დაშლის პროცესი დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედროებმა დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყეს. მიუხედავად რკინის ბარიერის მოხსნისა, ოჯახი უსაფრთხოების გარანტიის უქონლობის გამო ჯერ კიდევ ვერ ბედავს საკუთარ ნაკვეთზე შესვლას:

„ბოძები აყრილია. მგონი, იქეთ გადასწიეს საზღვარი და ჩვენი რაც მიწა იყო, აქეთ დატოვეს. ჩემებს ეშინიათ და შორიდან თუ ნახეს, თორემ ჯერჯერობით ახლოს მისვლა, არ ვიცი...“

თავის მხრივ, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პრობლემაზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება და საკითხი განიხილება სხვადასხვა ფორმატის შეხვედრაზე - ყველგან, სადაც კი იქნება ამის შესაძლებლობა.

კახაბერ ქემოკლიძე
კახაბერ ქემოკლიძე

გარდა ბორდერიზაციისა, გალში ერთ-ერთი მთავარი საკითხი, წინა შეხვედრების მსგავსად, 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე იყო. კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ამ დრომდე არ არის მიღწეული შეთანხმება დე ფაქტო ხელისუფლებასთან მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემაზე. მანვე კომენტარი გააკეთა ოთხოზორიას საქმეზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელზე რუსეთის წინააღმდეგ, რომლითაც ორგანიზაციამ 11 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა:

„უსაფრთხოების სამსახური, ისევე როგორც მთლიანად ცენტრალური მთავრობა, გააკეთებს ყველაფერს, რომ მკვლელი იქნეს გასამართლებული ქართული კანონმდებლობით. რაც შეეხება საიას სარჩელს, მოგეხსენებათ, საია არის დამოუკიდებელი ოჯახისგან და ეს არის დამოუკიდებელი ცალკე ხაზი ამ პროცესში. არასამთავრობო ორგანიზაცია და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მათი ქმედება შეთანხმებულია“.

კახაბერ ქემოკლიძემ აღნიშნა ასევე, რომ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, მათ შორის დრანდის ციხეში მყოფი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გასული წლის აპრილში დაკავებული პაატა როგავას საქმე. მისი თქმით, პატიმრის გასათავისუფლებლად მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ მორიგი შეხვედრა 27 თებერვალს ჩაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG