Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამართლება 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ


გიორგი გვიჩიანი დაკავების მომენტში. 7 მარტი 2006 წ.
გიორგი გვიჩიანი დაკავების მომენტში. 7 მარტი 2006 წ.

11-წლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ არიან მიჩნეული ”ეი-ეს-თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის, მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები - გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია. მათ 15-წლიანი პატიმრობა 2014 წელს მიესაჯათ, 2006 წელს მისჯილი სამუდამო პატიმრობის შემსუბუქების შემდეგ. დაზარალებულის ოჯახს გათავისუფლებულთა უდანაშაულობის არ სჯერა. წლების შემდეგ პროკურატურა ნამდვილ მკვლელს ეძებს.

გამართლება 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:05:43 0:00
გადმოწერა

”ეი-ეს-თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის, მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია 20 თებერვალს, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ სხდომათა დარბაზშივე გაათავისუფლა. ისინი, გახმაურებულ საქმეში გამოკვეთილ სხვა პირებთან ერთად, სრულიად უდანაშაულოდ არიან ცნობილი. მრავალწლიანი დაუსაბუთებელი პატიმრობის უკან გია გვიჩიანი წინა ხელისუფლების პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ხედავს:

„დასრულდა 11-წლიანი უკანონო პატიმრობა, რომლის ძირითადი მიზეზი და საფუძველი იყო ენერგეტიკის სექტორში ჩემი სამსახურებრივი საქმიანობა და სააკაშვილის რეჟიმი... იყო ორი დაპატიმრება ჩემი: პირველი დაპატიმრება იყო სამდღიანი, ხოლო მეორე - როცა სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს. მეორე დაპატიმრება არის პირველის გაგრძელება, პირველმა გამოიწვია შედეგად მეორე და მეორე დაპატიმრება განხორციელდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის არასწორი გახსნის გადასაფარავად“.

მათ ჰქონდათ მოტივი, რადგან იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს გააკეთეს, ჩადენილი ჰქონდათ სხვა მკვლელობა და მათ პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თუ თქვენ ამასაც თქვენს თავზე არ აიღებთ და ამათაც არ დააბრალებთ ამას, იმ მკვლელობისთვის მოგისჯით ან უვადო პატიმრობას...
გელა ნიკოლაიშვილი

იმხანად ”თელასის” კომერციული დირექტორი გია გვიჩიანი პირველად 2003 წელს დააკავეს, საფინანსო მაქინაციების ბრალდებით, თუმცა მას ბრალი არ დაუმტკიცდა და მალევე გაათავისუფლეს. ხანგრძლივი პატიმრობა მოჰყვა გია გვიჩიანის მეორე დაკავებას 2006 წლის გაზაფხულზე, როცა ის უკვე ”თბილგაზის” გაკოტრების მმართველად მუშაობდა. იმ დროისთვის ნიკა ლომინაძის მკვლელობიდან უკვე 4 წელი იყო გასული. საზარელი მკვლელობა, რომლის ორგანიზებაშიც გია გვიჩიანს ედებოდა ბრალი, 2002 წლის 13 აგვისტოს მოხდა. ”ეი-ეს-თელასის” ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე საკუთარ ბინაში, ბახტრიონის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული, ხელფეხშეკრული იპოვეს. გია გვიჩიანი იმხანად ”თელასის” კომერციული დირექტორი იყო, თუმცა გამოძიებას ამ მიმართულებით მუშაობა მაშინ აღარ გაუგრძელებია და, გამოძიების თავდაპირველი დასკვნის თანახმად, ნიკა ლომინაძე ყაჩაღების თავდასხმას შეეწირა.

2006 წლის 7 მარტს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განმარტა, რომ ”ეი-ეს-თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის, მკვლელობა სწორედ გია გვიჩიანის შეკვეთილი იყო და რომ შუამავლებმა და შემსრულებელმა ამ საქმეში 20 ათასი დოლარი აიღეს. უშუალო მკვლელად ნიკა ჩემია გამოცხადდა. მკვლელობის მოტივად დასახელდა იმ ფინანსური მაქინაციების დამალვა, რომლებიც ”ეი-ეს-თელასში” ხორციელდებოდა. შედეგად, ნიკა ჩემიასა და გია გვიჩიანს უვადო პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა 2014 წელს მათ სასჯელი 15-წლიანი პატიმრობით შეეცვალათ.

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც თითქმის უკვე 11 წელია იცავს ნიკა ჩემიასა და გია გვიჩიანის უფლებებს, რადიო თავისუფლებასთან დიდ გამარჯვებაზე ლაპარაკობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ საქმეში რეალური მტკიცებულებები არასოდეს არსებობდა:

„მტკიცებულება იყო მხოლოდ განთქმითი ჩვენებები იმ პირებისა, რომლებმაც თავიანთ თავზე დაიბრალეს ეს დანაშაული და დააბრალეს ამათაც. მათ ჰქონდათ მოტივი, რადგან იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს გააკეთეს, ჩადენილი ჰქონდათ სხვა მკვლელობა და მათ პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თუ თქვენ ამასაც თქვენს თავზე არ აიღებთ და ამათაც არ დააბრალებთ ამას, იმ მკვლელობისთვის მოგისჯით ან უვადო პატიმრობას, ან 20-წლიან თავისუფლების აღკვეთას, ხოლო თუ ამას თქვენს თავზე აიღებთ და იმათაც დააბრალებთ, ასეთ შემთხვევაში გექნებათ დიდი შეღავათები... მათ, მართლაც, დიდი შეღავათები მისცეს“.

მიმდინარეობს გამოძიება ნიკა ლომინაძის რეალური მკვლელის დადგენის მიზნით. ჩვენ რისი შესაძლებლობაც გვექნება, ყველა შესაძლო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება განხორციელდება, რათა დადგინდეს ნიკა ლომინაძის რეალური მკვლელი. მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ორი მიმართულებით...
გვანცა გვიმრაძე

გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ შეცდომაშია შეყვანილი ნიკა ლომინაძის ოჯახი, რომელიც მკვლელობის შემკვეთად დღემდე სწორედ გია გვიჩიანს მიიჩნევს. როგორც დაკავებულის მამამ, ნოდარ ლომინაძემ, უთხრა ტელეკომპანია „იმედს“, საქმის ხელახალი გამოძიების პროცესში უცბად გამოაჩინეს ვითომდა ახალი მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც შექმნეს ახალი რეალობა და გაამართლეს დამნაშავეები. შესაბამისად, მოკლულის მამა, როგორც თავად აღნიშნავს, სრულიად არ ენდობა პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2013 წელს დაწყებული ხელახალი გამოძიების პროცესში გამოვლენილი ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, გია გვიჩიანსა და ნიკა ჩემიასთან ერთად, ასევე გამართლდნენ შს სამინისტროს მიერ ჩატარებული ადრინდელი გამოძიების პროცესში ასევე დამნაშავედ ცნობილი პირები - ავთანდილ ხერკელაძე, გიორგი პაპაჩაშვილი და ნოდარ გვიჩიანი.

20 თებერვალს დაიბადა შეკითხვები: მაშინ, ვინ არის ნიკა ლომინაძის ნამდვილი მკვლელი და ეძებენ თუ არა საქმეში ჩართულ სხვა დამნაშავეებსაც? საგამოძიებო უწყების პოზიციას პროკურორი გვანცა გვიმრაძე განმარტავს:

„მიმდინარეობს გამოძიება ნიკა ლომინაძის რეალური მკვლელის დადგენის მიზნით. ჩვენ რისი შესაძლებლობაც გვექნება, ყველა შესაძლო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება განხორციელდება, რათა დადგინდეს ნიკა ლომინაძის რეალური მკვლელი. მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ორი მიმართულებით: ერთი არის ნიკა ლომინაძის რეალური მკვლელის დადგენის მიზნით და მეორეა შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოძიების და დადგენის მიზნით“.

გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ნათქვამია ასევე 20 თებერვალს მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშიც. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ნიკა ლომინაძის მკვლელობის ჩამდენი პირების დაკავების გარდა, გამოძიება დაინტერესებულია „ყოფილი მოხელეების მიერ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ ფაქტების დადგენით. მთავარი პროკურატურის განმარტებით, საქმეში სიმართლის დადგენას თავის დროზე პროცესის პოლიტიზებამ შეუშალა ხელი. 20 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ვინაიდან, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმის გახსნით დაინტერესებული იყვნენ მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ხელოვნურად შეიქმნა მთელი რიგი მამხილებელი მტკიცებულებები, რაც გიორგი გვიჩიანის, ნოდარ გვიჩიანის, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძისა და გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა. ხელახალი გამოძიებისას კი გამოვლინდა არაერთი გარემოება, რაც სასამართლოების განაჩენებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისგან განსხვავებულ სურათზე მიუთითებდა“.

იმის გარდ, რაც 20 თებერვალს ითქვა, აწ უკვე გათავისუფლებული გია გვიჩიანი კიდევ ბევრი რამის თქმას აპირებს და, როგორც ის ორშაბათს დაპირდა ჟურნალისტებს, კონკრეტულ ფაქტებსა და გვარებსაც დაასახელებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG