Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყარებული ლარის სამომავლო პერსპექტივები


პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში, სადაც დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილემ არჩილ მესტვირიშვილმა საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში წარუდგინა, დღეს ლარის კურსსა და ეროვნული ბანკის რეაგირებაზე მსჯელობდნენ. კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების ანგარიშიც მოისმინეს. რას მიეწერება ლარის მნიშვნელოვანი გამყარება ბოლო კვირებში და როგორია გრძელვადიანი პროგნოზი?

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის სიტყვებით, სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები გადაჭარბებითაა შესრულებული, თუმცა უკვე იანვარში იყო ცნობილი, რომ პროგნოზირებული ეკონომიკის ზრდის 5%-იანი მაჩვენებელი ვერ შესრულდებოდა. ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა მარტის თვეში, წინა წლის ანალიგიური პერიოდიდან მოყოლებული, 1,5 % შეადგინა. გიორგი კაკაურიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტის ოდენობა შემცირდა, გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით, რამაც დადებითი ეფექტი უნდა იქონიოს ლარის კურსზეც:

„დაახლოებით 55 %-ით არის შემცირებული ექსპორტის მოცულობა დსთ-ს ქვეყნებში, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 21,1%-ით არის ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენი ექსპორტი გაზრდილი“.

გიორგი კაკაურიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა რეგიონალურ საკითხებსა და ლარის კურსის განმაპირობებელ ფაქტორებზე. დეპუტატებმა და, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კითხვები დასვა ეროვნული ბანკის რეაგირებასთან დაკავშირებით. პასუხად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილემ არჩილ მესტვირიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა ეროვნული ბანკის ფუნქციები. მისი თქმით, თუ ინფლაციის მაჩვენებელი მაღალია, მაშინ ეროვნული ბანკი ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, ხოლო, თუ პირიქით, მაშინ პოლიტიკა რბილდება. არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ეროვნული ბანკის სწორ რეაგირებაზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც მიუთითებენ:

„რეგიონში გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო მონეტარული პოლიტიკა და რეგიონში გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო პასუხი არსებულ შოკებზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის მათთვის, ვისაც დოლარში აქვს აღებული სესხი და ლარში აქვს შემოსავალი და ამიტომ თქვენი, ჩვენი და მთავრობის ერთობლივი ღონისძიებებით უნდა იყოს ამ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება“.

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ეროვნული ვალუტის არც გაუფასურებისა და არც გამყარების რეალური ეკონომიკური საფუძვლები. პრობლემა კომერციული ბანკების მიერ უცხოურ დეპოზიტებზე თანხების განთავსებაში უნდა ვეძიოთ, რაზეც კონტროლი ეროვნულ ბანკს უნდა განეხორციელებინა:

„წესით და რიგით, თუ კომერციული ბანკების საქმიანობა არის ეკონომიკური პროცესების ამსახველი, ამ შემთხვევაში ლარი კი არ უნდა გამყარებულიყო, არამედ უნდა შეჩერებულიყო მისი ვარდნა. ამიტომ, დიდი ალბათობით, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლარის როგორც ვარდნა, ასევე გამყარება განპირობებულია წმინდა ფსიქოლოგიური და სუბიექტური ფაქტორებით“.

ამ ფაქტორების გამოსაკვლევად პარლამენტში ეროვნული ბანკის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნასაც მოითხოვდნენ. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მსგავსად, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე ლარის კურსის თითქმის 15 თეთრით გამყარების ორ მთავარ მიზეზს ასახელებს: იმპორტის შემცირებას, ანუ მოსახლეობის მსყიდველობითი უნარისშემცირებას, და ტურისტული სეზონის დაწყებას:

„ქვეყანაში როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების მსყიდველობითუნარიანობა შემცირდა და მათ არ აქვთ საშუალება იმპორტის იმ რაოდენობით შემოტანისა, როგორც წინათ. ეს ეხება როგორც სამომხმარებლო, ასევე ინდუსტრიულ საქონელს“.

პრემერ-მინისტრის ყოფილი მრჩევლის, ეკონომიკის ექპერტის გია ხუხაშვილის თქმით, ყველაფერს მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. ამასთან, ვალუტის კურსის მოკლევადიან ეფექტებზე ეროვნული ბანკს აქვს თავისი გავლენა, მაგრამ გრძელვადიან შედეგებზე პასუხისმგებელი მთავრობაა:

„ეს არის მოქმედებების ფორმულა, არა თითის გაშვერა, არამედ თანამშრომლობა და, შესაბამისად, სოლიდარული პასუხისმგებლობა. ამწუთას რა პროცესიც მიდის, გასაგებია, რომ პროცესი მივიდა პიკზე და მიაღწია წონასწორობის გარკვეულ წერტილს. ამ წერტილში ხდება ხოლმე ინერციული წინსვლა და შემდეგ გაჩერება რაღაც დონეზე, ანუ პროცესი ეკონომიკურ ლოგიკას ექვემდებარება“.

მაგრამ, გია ხუხაშვილის თქმით, ეს ყველაფერი მოკლევადიანი ლოგიკური ეფექტითაა განპირობებული და, თუ სტაბილურობის ეკონომიკური საფუძვლები არ გაჩნდა, შემოდგომაზე, შესაძლოა, ვალუტის გაუფასურების მეორე ტალღა მივიღოთ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში და, ზოგადად, ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითად არ შეფასდა. ორშაბათს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენენ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG