Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყოფი ხაზის სოფლებს ზამთრის სეზონზე დაეხმარებიან


სოფელი კირბალი
სოფელი კირბალი

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრებნი სახელმწიფოს დახმარებას ელოდებიან. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ ზამთრის სეზონზე კონფლიქტის ზონის მოსახლეობას დაეხმარონ. შეხვედრაში კომისიის წევრებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც ადგილზე არსებული პრობლემები გამოკვეთეს.

გადმოწერა

სხდომაზე განიხილეს სოფლებისთვის ზამთრის სეზონზე გათბობით უზრუნველყოფის ღონისძიებები და კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ სტუდენტთა უმაღლესი განათლების დაფინანსების საკითხები. კომისიის გადაწყვეტილებით, პროგრამა მომავალი წლიდან კვლავ გაგრძელდება. როგორც ცნობილია, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები თითქმის მთლიანად დასრულდა, მაგრამ მაღალი გადასახადის გამო მოსახლეობა ბუნებრივ აირს მინიმალურად იყენებს და ისევ შეშას იმარაგებს.

ბოლო დროს სოფელ კირბალში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევების ზრდაც ამ ფაქტს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ კირბალში ბუნებრივი აირი შეყვანილია, ადგილობრივი მცხოვრებლები საკუთარი რისკის ფასად და ხშირად ღამღამობით მაინც მიმდებარე ტყეში შედიან, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პატრულირებენ. სწორედ ამ დროს ხდება მათი დაკავება. ახლა საოკუპაციო გამყოფი ხაზის სოფლების მცხოვრებლები სახელმწიფოსგან 200-200-ლარიან დახმარებას მიიღებენ, რაც ზამთრის სეზონზე გათბობისთვის უნდა გამოიყენონ. სოფელ ერგნეთში მცხოვრებთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანი შეღავათია, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის პირობებში ეს არასაკმარისი დახმარებაა.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გამოსწორება. მისი თქმით, პროგრამა გაგრძელდება და ხელისუფლება ადგილზე არსებულ პრობლემებს ეტაპობრივად მოაგვარებს.

კონფლიქტის ზონის სოფლებში უკვე ელოდებიან სახელმწიფოს დახმარებას, დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდეგ ენერგოვაუჩერების გაცემა დაიწყება. სიების დაზუსტება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შედის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG