Accessibility links

„ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მოსამართლეები ბრალდებულებს დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს უფარდებენ“, - წერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ გამოკვლევაში. ასოციაციამ გამართა ხუთი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია. ხუთი თვის განმავლობაში ორგანიზაციის წარმომადგენლები იმ 140 სხდომას დაესწრნენ, რომლებზედაც ოჯახში ძალადობის საქმეები განიხილებოდა.

ორსული ცოლის მიმართ განხორციელებული ძალადობა, ბენზინის გამოყენებით ქალის დაწვა, ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა - ეს არის არასრული ჩამონათვალი ოჯახში ძალადობის იმ შემთხვევებისა, რომელთა თაობაზეც სასამართლოებმა იმსჯელეს და რიგ შემთხვევებში დაუსაბუთებლად ლმობიერი განაჩენი გამოიტანეს. ასეთია საიას დასკვნა სასამართლო მონიტორინგის რიგით მეათე ანგარიშში, რომელიც კონკრეტულად ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებს ეხება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები ხუთი თვის განმავლობაში თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებში 140 სხდომას დაესწრნენ. ამ სხდომებიდან 29 საქმე განაჩენით დასრულდა. აქედან 26 შემთხვევაში მოსამართლემ მთლიანად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ერთ შემთხვევაში - ნაწილობრივ გამამტყუნებელი და გამამართლებელი, ორ საქმეზე კი საპროცესო შეთანხმება შედგა. 16 შემთხვევაში ბრალდებულს შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, 5 შემთხვევაში - პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა. პატიმრობა კი მიესაჯა 8 ბრალდებულს. გოგა ხატიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ანალიტიკოსი, ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე უმეტესად გამამტყუნებელი განაჩენები დგება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულს, მაგრამ მოსამართლის საქმიანობა ბოლომდე ეფექტური არ არის, ვინაიდან უმეტესად ლოიალური სასჯელის შეფარდებით შემოიფარგლება:

გოგა ხატიაშვილი
გოგა ხატიაშვილი

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის დანაშაულთა მიმართებით გამამტყუნებელი განაჩენები გამოდის, მოსამართლეებს უჭირთ მოძალადეების ციხეში გაშვება და მიუხედავად იმისა, რომ ქმრები ცეცხლს უკიდებენ ქალებს და დაწვით ემუქრებიან, მიუხედავად იმისა, რომ კაცები სცემენ ორსულ ცოლებს, მოსამართლეები ძირითადად ლმობიერი სასჯელებით შემოიფარგლებიან. 72 %-ის შემთხვევაში არასაპატიმრო სასჯელები იქნა გამოყენებული ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე“.

გოგა ხატიაშვილი კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე მიუთითებს, რომელიც ბრალდების მხარეს უკავშირდება. მისი თქმით, პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც პროკურორი არასრულ, ნაკლოვან კვალიფიკაციას ანიჭებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებს, რის გამოც ბრალდების მხარემ მოსამართლისგან შენიშვნაც დაიმსახურა, რადგან, როგორც გოგა ხატიაშვილი განმარტავს, კანონმდებლობის მიხედვით, მოსამართლეს არ აქვს შესაძლებლობა ბრალდებულის ქმედებას იმაზე უფრო მძიმე კვალიფიკაცია მიუსადაგოს, ვიდრე მას ბრალდების მხარე ანიჭებს:

„ეს უფრო ზრდის პროკურატურის პასუხისმგებლობას, რომ სათანადო კვალიფიკაციით მივიდნენ სასამართლოში, ვინაიდან მოსამართლეს შეუძლია, რომ კვალიფიკაცია შეცვალოს მხოლოდ იმავე სიმძიმის ან უფრო ნაკლებად მძიმე დანაშაულის საქმეებზე და, სამწუხაროდ, მოსამართლეს კანონმდებლობა უკრძალავს უფრო მძიმე კვალიფიკაციის მისადაგებას“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ ისიც აჩვენა, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ არც ერთ შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე დანაშაულის დაკვალიფიცირება არ მომხდარა დისკრიმინაციულ დანაშაულად (არ მომხდარა მითითება სსკ-ის 53-ე მუხლის 31 პუნქტზე). მიუხედავად საქმეში არსებული გენდერული დისკრიმინაციის მოტივზე მიმანიშნებელი გარემოებებისა, პროკურორებისა და მოსამართლეების ანალიზი ამ კუთხით მსჯელობას არ მოიცავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად საქმეებში გამოკვეთილი საყურადღებო რისკების და საფრთხეებისა, მოსამართლეები ხშირ შემთხვევაში აქცენტს აკეთებენ არა დაზარალებულის უსაფრთხოებაზე, არამედ ბრალდებულის დადებით თვისებებსა და იმ მოსაზრებებზე, რომლებიც მოსამართლის ნდობას იწვევს. გამოკვლევის ავტორთა თქმით, ამგვარი მიდგომით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემა განიცდის მნიშვნელოვან კრახს, პოტენციური საფრთხე ექმნება ძალადობის მსხვერპლი ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და, გარდა ამისა, ადგილი აქვს მათ ხელმეორე ვიქტიმიზაციას.

რა არის სასჯელაღსრულების დაწესებულების მიზანი? ეს არის პრევენცია ახალი დანაშაულის და იზოლირება, როდესაც ეს ადამიანი წარმოადგენს საშიშროებას საზოგადოებისათვის. ეს ადამიანები იმ მომენტისათვის ნამდვილად საშიშები არიან თავიანთი ოჯახის წევრებისთვის...

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამოკვლევის შედეგები არ ყოფილა უცხო ელისო ამირეჯიბისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ წარმომადგენლისთვის. მისი საქმიანობიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა ახსენდება, როდესაც იმ მოძალადეებს, რომლებიც სასტიკად უსწორდებიან ოჯახის წევრებს, მოსამართლემ არაადეკვატური სასჯელი შეუფარდა. მისი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით, მოსამართლეები ახალისებენ ძალადობას:

„ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ადამიანი ყველა დანაშაულზე ციხეში უნდა ჩაჯდეს, მაგრამ ნამდვილად ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ როდესაც ადამიანი საფრთხეს უქმნის მეორე ადამიანის სიცოცხლეს, ის იზოლირებული უნდა იყოს. რა არის სასჯელაღსრულების დაწესებულების მიზანი? ეს არის პრევენცია ახალი დანაშაულის და იზოლირება, როდესაც ეს ადამიანი წარმოადგენს საშიშროებას საზოგადოებისათვის. ეს ადამიანები იმ მომენტისათვის ნამდვილად საშიშები არიან თავიანთი ოჯახის წევრებისთვის“.

ელისო ამირეჯიბის თქმით, ძალადობის მსხვერპლ ქალებს ხშირად უჭირთ მიმართონ სამართალდამცავებს, რადგან ზოგ შემთხვევაში მათ არ აქვთ სამართალდამცავებისაგან სათანადო რეაგირების იმედი და სხვა შემთხვევაში კი მათ მოძალადის შიში აქვთ. ამ აზრს ადასტურებს საიას გამოკვლევაც. გოგა ხატიაშვილის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მოწმის სტატუსით მოსარგებლე ოჯახის წევრები და თავად მსხვერპლნი სასამართლო პროცესზე ცვლიან ან უარს ამბობენ ჩვენების მიცემაზე. სწორედ ამიტომ გოგა ხატიაშვილი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს პროკურატურას. მისი თქმით, ბრალდების მხარე მხოლოდ მსხვერპლის ჩვენებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ის მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ შესაძლოა სასამართლო პროცესზე გამოაკლდეს მსხვერპლის ჩვენება, ამიტომ პროკურატურამ სხვა, მყარი არგუმენტებითა და მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს, რომ ნამდვილად იყო ჩადენილი ძალადობრივი დანაშაული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG