Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების მინისტრი შეიცვალა


გიორგი კვირიკაშვილი, ალექსანდრე ჯეჯელავა (ცენტრში), თამარ სანიკიძე
გიორგი კვირიკაშვილი, ალექსანდრე ჯეჯელავა (ცენტრში), თამარ სანიკიძე

განათლების მინისტრის თანამდებობაზე თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის. მთავრობის ადმინისტრაციაში მისი წარდგენისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას განათლების სფეროში განახლებული ხედვები გამოარჩევს და აქვს დიდი გამოცდილება კონკრეტულად იმ მიმართულებით, რომელიც მთავრობის პრიორიტეტია. იგულისხმება მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა, კერძოდ, პროფესიული განათლებისა და კადრების გადამზადების სფერო. რამ განაპირობა საკადრო ცვლილება საქართველოს მთავრობაში და ვინ არის ალექსანდრე ჯეჯელავა?

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თანახმად, ალექსანდრე ჯეჯელავა არის მართვის სფეროში 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილების მქონე ადამიანი და გამორჩეული თავისი რეფორმატორული ხედვებით:

“იგი გახლავთ კომაროვის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებული. მას შემდეგ მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ უკვე იესემის ბიზნესსკოლა, რომელიც დღეს თავისუფალი უნივერსიტეტის სახელითაა ცნობილი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ისე ინოვაციის სფეროში და, რაც ყველაზე მთავარია, განათლების სფეროში. იგი დღეს გახლავთ მართვის აკადემიის საბჭოს თავმჯდომარე“.

რაც მთავარია, გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისა, რომ, პირველი, გადავაბაროთ ეს პაკეტი, ასე ვთქვათ, ახალ მინისტრს და მასთან ერთად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ სწორად მოხდეს სისტემის დანახვა...
თამარ სანიკიძე

გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სფერო, რომელშიც ქვეყნის მომავალი განვითარების გასაღები დევს და ამ სფეროზე რეფორმებთან ერთად დამოკიდებულია ქვეყნის წარმატება. პრემიერ-მინისტრისვე განმარტებით, თანამდებობიდან გადადგომის მიუხედავად, გუნდის წევრად რჩება განათლების აწ უკვე ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე, რომლის სახელს, მისი თქმით, უკავშირდება წარმატებული პროექტები განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. პრემიერ-მინისტრი არ აზუსტებს, რა გახდა თამარ სანიკიძის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი, თუმცა ამბობს, რომ განათლების ექსმინისტრის ახალი მანდატის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

თამარ სანიკიძე განათლების სამინისტროს 2013 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს - მას შემდეგ, რაც, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, განათლების მინისტრის პოსტიდან მისი წინამორბედი, გიორგი მარგველაშვილი, გადადგა. ექსპერტულ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ თამარ სანიკიძის მომავალიც, გარკვეულწილად, არჩევნებს - კერძოდ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს -უკავშირდებოდეს და ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ვიხილოთ. ექსპერტთა ნაწილი განათლების სამინისტროში საკადრო ცვლილების სავარაუდო მიზეზად მინისტრის სუსტ მენეჯმენტს და ამის გამო ბოლო დროს ცალკეულ უმაღლეს სასწავლებლებში კონფლიქტური კერების წარმოქმნასა და კრიზისის არაეფექტურ მართვას ასახელებს.

სიმონ ჯანაშია
სიმონ ჯანაშია

რაც შეეხება საჯარო სკოლებს, სიმონ ჯანაშია ნეგატივთან ერთად პოზიტივზეც საუბრობს, კერძოდ, იგი თამარ სანიკიძის წარმატებად მიიჩნევს იმას, რომ საჯარო სკოლების ცხოვრებაში მნიშვნელოვნად შემცირდა პოლიტიკური პარტიების ჩარევა და გავლენები, თუმცა, მეორე მხრივ, აღნიშნავს იმასაც, რომ არაფერი გაკეთებულა სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობის საკანონმდებლო ჩარჩოს შესაცვლელად. სიმონ ჯანაშია უარყოფითად აფასებს იმასაც, რომ თამარ სანიკიძემ ვერ შეძლო სკოლების ავტონომიის გაზრდა, ცუდად ჩაატარა დირექტორების არჩევნები, ბიუროკრატიის ნაწილად აქცია მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემების შემოღება, რაც მძიმე ტვირთად დააწვა სკოლებს და ასე შემდეგ:

„ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მინისტრის მმართველობა ხასიათდებოდა იმით, რომ მას არ ჰქონდა რაიმე მნიშვნელოვანი ხედვა, რომელიც გააერთიანებდა სისტემის სხვადასხვა ელემენტებს და მას არ ჰქონდა მხარდაჭერა საგანმანათლებლო საზოგადოების მხრიდან, ანუ ის აღიქმებოდა როგორც რაღაც ტექნიკური მენეჯერი მთავრობის ხელში, რომელიც ძირითადად ფინანსებს მართავდა და ყველაფერ დანარჩენს უკვე პოლიტიკური ისტებლიშმენტი წყვეტდა და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თუ ინსტიტუტის გახსნის საკითხებში ის საერთოდ არც კი ფიგურირებდა. ანუ იყო პირდაპირ მთავრობა, ბიძინა ივანიშვილი და გია დვალი“.

ჩვენ შევეცდებით, რომ ტექნოლოგიების გამოყენებაზე გავაკეთოთ აქცენტი - ეს იქნება ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება აუცილებლად იქნება საერთაშორისო. ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ, როგორც აქამდე ეწყობოდა ხელი, ქართველი სტუდენტების უცხოეთში სწავლას...
ალექსანდრე ჯეჯელავა

თავად თამარ სანიკიძეს კი განათლების სისტემის შემდგომი რეფორმირების იმედი აქვს და ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა:

“ეს, მე ვფიქრობ, იყო გონივრული გადაწყვეტილება. რაც მთავარია, გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისა, რომ, პირველი, გადავაბაროთ ეს პაკეტი, ასე ვთქვათ, ახალ მინისტრს და მასთან ერთად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ სწორად მოხდეს სისტემის დანახვა. რაც შეეხება ჩემს მომავალ გეგმებს, გადაბარების პროცესს დავასრულებთ და შემდეგ უკვე მექნება უფრო მეტი ინფორმაცია“.

მისი შემცვლელი კი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ოპტიმისტურადაა განწყობილი და თავის გეგმებზე ლაპარაკობს:

“ჩვენ შევეცდებით, რომ ტექნოლოგიების გამოყენებაზე გავაკეთოთ აქცენტი - ეს იქნება ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება აუცილებლად იქნება საერთაშორისო. ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ, როგორც აქამდე ეწყობოდა ხელი, ქართველი სტუდენტების უცხოეთში სწავლას და აწიც შეეწყობა ამას ხელი, ასევე უცხოელი სტუდენტების სწავლას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში და, მესამე, რაზეც ჩვენ ვაპირებთ, აქცენტი გავაკეთოთ, ეს არის გაგრძელება იმ სამუშაოსი, რაც უკვე შესრულებულია - ეს არის პროფესიული განათლება“.

ალექსანდრე ჯეჯელავა უკვე შეუდგა მინისტრის საქმიანობას. ჯერჯერობით უწყებაში საკადრო ცვლილებების გატარებას იგი არ აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG