Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს დაცვის 3 წლის ანგარიში


საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 12 ოქტომბერს 2013-2015 წლის ანგარიში წარადგინა. მდგრადი განვითარება და გარემოს დეგრადაციის შემცირება - ესაა ორი მიზანი, რომელიც, მინისტრ გიგლა აგულაშვილის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს ორი საკითხი ათობით მიმართულებას აერთიანებს.

გარემოს მართვის გაუმჯობესება, საზოგადოების ჩართულობის ამაღლება, „მწვანე ეკონომიკის“ განვითარება და ევროინტეგრაციის ხელშეწყობა. გარემოს დაცვის სფეროში ამ ოთხი მიმართულების სხვადასხვა დეტალზე ილაპარაკა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა 2013-2015 წლის ანგარიშში. მან ისაუბრა მიღწევებსა და გამოწვევებზე ბიომრავალფეროვნების დაცვის, წყლის რესურსებისა და ტყის მართვის, გარემოსა და ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და სხვა მიმართულებით.

გიგლა აგულაშვილმა ილაპარაკა ასევე საკანონმდებლო ბაზაზე, დოკუმენტებზე, რომლებიც უკვე დამტკიცდა და რომლებზე მუშაობაც ახლა იწყება. ერთ-ერთი ასეთია გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი.

კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის გარემოს დაცვითი პროექტების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ ამ ახალი დოკუმენტის მიღება სახელმწიფოსგან წინგადადგმული ნაბიჯია:

„იყო სერიოზული პრობლემები. მთლიანობაში, საკითხი ასე იყო დასმული: გარემო ეკონომიკის წინააღმდეგ, რაც არასწორი გათვლა იყო. დღეს, როცა ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე ვართ, ეს უნდა დავივიწყოთ. ეკონომიკა და მდგრადი განვითარება სწორედაც გარემოს დაცვითი საკითხების გაზიარებას მოითხოვს“.

გიგლა აგულაშვილმა განმარტა, რამდენად შეეხება შეცვლილი კანონმდებლობა იმ პროექტებს, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის დღეს მოქმედ სტანდარტებზე დაყრდნობით განხორციელდა.

გიგლა აგულაშვილი
გიგლა აგულაშვილი

„ის, რაც განხორციელდა, ბუნებრივია, შეიძლება ვერ შევცვალოთ, მაგრამ ის, რაც განსახორციელებელი დარჩა, შეიძლება ახალმა სამართლებრივმა ჩარჩომ დაარეგულიროს“.

დიდი პროექტებიდან ერთ-ერთი, რომელზე მუშაობაც უკვე დაიწყო და გარემოს დამცველების კრიტიკა დაიმსახურა, „ხუდონჰესია“. სხვადასხვა ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პროექტის გარემოზე ზემოქმედება არასწორადაა შეფასებული. როგორც რეზო გეთიაშვილი ამბობს, ახლა მთავარია კანონპროექტი ევროპული სტანდარტების შესაბამისად გაიწეროს:

„მნიშვნელოვანია მოსახლეობა ჩართული იყოს გადაწყვეტილების მიღებაში და არა შემდგომ ეტაპზე, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია, რისი გამოცდილებაც ჩვენ გვქონდა“.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ანგარიშის ერთ-ერთი საკითხი ჰაერის ხარისხის მონიტორინგია. როგორც გიგლა აგულაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფომ უკვე დაიწყო სამი ავტომატური სადგურის შეძენა და მონტაჟი რუსთავში, ბათუმსა და ჭიათურაში. მან ისაუბრა ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზეც. 2015 წლიდან კონტროლდება საწვავში გოგირდის შემცველობა და, როგორც სამინისტროში გეგმავენ, 2016 წლიდან ბენზინის ხარისხი ევრო-4-ის სტანდარტს უნდა გაუტოლდეს.

რეზო გეთიაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ჰაერის ყველაზე მთავარი დამაბინძურებელი ტრანსპორტია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია საწარმოების გაკონტროლება:

„იქ, სადაც ინდუსტრია განვითარებულია, სერიოზული პრობლემებია. აქაც პირველ რიგში პრობლემაა რბილი კანონმდებლობაა. მეწარმეს, ბიზნესს, ინდუსტრიას უმსუბუქდება გარემოსდაცვითი ხარჯი. ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე ხდება“.

რეზო გეთიაშვილის თქმით, დღეს სახელმწიფოს აქვს რესურსები ეკონომიკა ისე განავითაროს, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს. ამისათვის კი მთავარია, მეწარმის ინტერესებთან ერთად, მოსახლეობის ინტერესებიც დაცული იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG