Accessibility links

25 აპრილს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეთათვის განკუთვნილი კონსტრუქციები დაშალეს. ვაჭრობის აკრძალვას გარემოვაჭრეთა პროტესტი მოჰყვა. ისინი გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ და უარს ამბობენ სავაჭროდ ბაზრობის ტერიტორიაზე გადავიდნენ. თბილისის მერიის განცხადებით, პირველი ექვსი თვის განმავლობაში გარემოვაჭრეები ბაზრობაზე საიჯარო გადასახადს არ გადაიხდიან.

ლელა ქაქუთია ოთხი წელია მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ტერიტორიაზე გარევაჭრობით არჩენს ოჯახს. ძირითადად წვრილი საქონლით ვაჭრობს და ამ საქონელს ხშირად გარემოვაჭრეთათვის განკუთვნილი მცირე სესხის დახმარებით ყიდულობს. ამბობს, რომ დღის ბოლოს მისი მოგება 10-15 ლარს შეადგენს. 25 აპრილს მეტროსადგურ „ახმეტელის“ ტერიტორიაზე ის გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ, რომელთა კონსტრუქციები თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა დაშალეს. მეტროსადგურ „ახმეტელის“ ტერიტორიაზე, გარემოვაჭრეთა ინფორმაციით, დაახლოებით, 150 ადამიანი ვაჭრობდა:

„არ უნდა შეგვიზღუდოს მთავრობამ ვაჭრობა. ჩვენგან არ უნდა დაიწყოს მთავრობამ. არც ჩვენ გვსიამოვნებს წვიმაში, თოვლსა და ქარში ღამის 12-ის 10 წუთამდე, სანამ ბოლო მეტრო არ ამოივლის, აქ ვსხედვართ. ჩვენც გვინდა ნორმალური ცხოვრებისა და მუშაობის პირობები. მაშინ მოგვცენ სამსახურები. ჩვენ არანაირ ბაზრობაზე არ შევალთ. სისულელეა ბაზრობაზე ფიქრი“.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის განცხადებით, ბაზრობის ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, დაუყოვნებლივ დაუთმოს სავაჭრო ადგილები გარემოვაჭრეებს სხვადასხვა ბაზრობის ტერიტორიაზე. მათივე განცხადებით, ისინი პირველი ექვსი თვის განმავლობაში საიჯარო გადასახადს არ გადაიხდიან, შემდეგ კი შეღავათებით ისარგებლებენ. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა, ვლადიმერ ყუშიტაშვილმა, თქვა:

„ყველა გარემოვაჭრეს შესთავაზებენ, რომ შევიდნენ ბაზრობაზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ არც თანხას გადაახდევინებენ. ტერიტორია მოწესრიგდება და მიეცემა აქაურობას ნორმალური სახე“.

მერიის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ გარემოვაჭრეთათვის განკუთვნილი კონსტრუქციები დაშალეს
მერიის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ გარემოვაჭრეთათვის განკუთვნილი კონსტრუქციები დაშალეს

თბილისის მერიისა და ბაზრობების ასოციაციის შეთავაზება მიუღებელია გარემოვაჭრეთათვის. მათ მიაჩნიათ, რომ ისინი მომავალში საიჯარო გადასახადს ვერ გადაიხდიან. მათ შორისაა ირინე ჩალაძეც, რომელიც ორი წელია მეტროსადგურთან ვაჭრობს:

„აქ ვყიდიდი ნასკს, ტრუსიკს, წვრილმანს. მე რომ ბაზრობაზე შევიდე, ჩემი წვრილმანით იქ რა გავაკეთო. იქ არავინ არაფერს არ იყიდის. აქ იაფ ფასში ვყიდიდი ჩემ საქონელს და დაბალი ფენაც მოდიოდა საყიდლად. აბა, მდიდრები მაღაზიებში დადიან. მოვითხოვთ, რომ გვაცალონ, დაგვტოვონ სავაჭროდ აქვე, ოღონდ უფრო მოწესრიგებულად, რომ ოჯახები შევინახოთ. შემოგვხედეთ, აღარ ვგავართ ადამიანებს. წამლებით და წნევის აპარატებით დავდივართ. შემოგვთავაზეს, აგერ, ბაზრობაზე შედითო. ბაზრობიდან გამოვიქეცი, გადასახადი რომ ვეღარ გადავიხადე“.

ლაშა ჩხარტიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, ამბობს, რომ დედაქალაქში გარემოვაჭრეთათვის განკუთვნილი კონსტრუქციების დაშლა და გარევაჭრობის ნებართვის აკრძალვა საკითხის სიღრმისეული შესწავლის გარეშე მიმდინარეობს. ის გარემოვაჭრეებთან ერთად მოითხოვს, რომ გარევაჭრობას მიეცეს ცივილიზებული სახე. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ამ პრობლემის გადასაჭრელად მან ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მიმართა პარლამენტს კანონპროექტით „გარე ვაჭრობის შესახებ“:

ლაშა ჩხარტიშვილი
ლაშა ჩხარტიშვილი

„არ მომხდარა იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც ჩემი ავტორობით 2014 წელს შევიდა პარლამენტში, რომელიც გულისხმობს, რომ არსებობდეს ბალანსი გარემოვაჭრეებს, ბაზრობების მეზობლებსა და სხვა ადამიანებს შორის და ამ ყველაფერს ჰქონდეს ცივილიზებული სახე. ასეთი პრაქტიკა არსებობს მთელ მსოფლიოში და ცივილიზებულ, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში. ეს პრაქტიკა სრულიად აპრობირებულია, მათ შორის ქალაქის ცენტრშიც. შესაძლებელია, რომ ამ ტერიტორიაზე დარჩნენ ის მოვაჭრეები, ვისაც წვრილი სავაჭრო კაპიტალი აქვს და ივაჭროს ცივილიზებული სახით, არავის ხელი არ შეუშალოს და, პირიქით, განაპირობოს დაბალი ფასები, რადგან რაც მეტია გამყიდველი, მით დაბალია ფასიც“.

ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენლის, ნათია მიქიაშვილის, ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით 3 500-მდე გარემოვაჭრეა აღრიცხული. გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციების დემონტაჟის შემდეგ მათმა ნაწილმა, 800-მდე გარემოვაჭრემ, უკვე გადაინაცვლა ბაზრობების ტერიტორიებზე. მისივე თქმით, ბაზრობების დირექცია მეწარმეებს ყველა პირობას შეუქმნის საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის. რაც შეეხება რეალიზაციის ობიექტებს, ესენია: რკინიგზის სადგურის, დინამოსა და მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ძველი „დეზერტირების ბაზრის“ ადგილას აშენებული ახალი ბაზრის და ისნისა და სამგორის ბაზრობების ტერიტორიები და სხვა. ნათია მიქიაშვილის განმარტებით, გარემოვაჭრეებისათვის იმ რაიონებში არსებულ ბაზრობებზე გამოიყოფა ტერიტორია, სადაც ისინი აქამდე ვაჭრობდნენ.

თბილისის მერიამ გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებები 19 მარტიდან დაიწყო. გარევაჭრობისათვის განკუთვნილი კონსტრუქციებისგან დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორია ეტაპობრივად თავისუფლდება. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, მიშა ჯახუას, თქმით, შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, თუმცა, იმავე კოდექსით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განსაზღვრულია არა ყოველგვარი გარევაჭრობისთვის, არამედ ვაჭრობისთვის “შესაბამისი ნებართვის გარეშე”. მიშა ჯახუას თქმით, საქართველოში დღეს მოქმედი წესებით აღნიშნული საკითხი საერთოდ ვერ გვარდება.

გარემოვაჭრეები პროტესტს 29 აპრილს პარლამენტის შენობასთან გამოხატავენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG