Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილის მწვავე დებატები საპარლამენტო უმცირესობასთან


პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს უსმენდნენ. მწვავე გამოდგა ღარიბაშვილის შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან. კითხვები დაისვა ნათესავების თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით, ეკონომიკური პოლიტიკის გარშემო, ასევე ხურჩის ტერაქტის გამოძიების შესახებ და სხვ.

სულ რამდენიმეწუთიანი შესავალი სიტყვის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა დაიწყო. მან აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი მიღწევა არის ის, რომ ქვეყანაში თავისუფლება დაბრუნდა, ადამიანებმა თავი იგრძნეს თავისუფლად. პრემიერობის კანდიდატის განცხადებით, თუნდაც ის, რომ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, უკვე დიდი მონაპოვარია:

„და გინდათ, გითხრათ, რატომ არ იყო ასეთი, იმიტომ რომ ყველას გეშინოდათ, თქვენგან დაწყებული. თქვენ გეშინოდათ სწორედ თქვენი ლიდერის, გეშინოდათ შენიშვნების მიცემის და რატომ, იცით? იმიტომ რომ იყო ციხე საშინელი, იქ ადამიანებს აუპატიურებდნენ ცოცხებით, „დუბინკებით“ და ა.შ. და ეს არის რეალობა და ეს უნდა აღიაროთ“.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გივი თარგამაძემ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა სპეცდანიშნულების რაზმების თანამშრომელთა დათხოვნის თაობაზე:

„რა იწვევს ასეთ დამოკიდებულებას სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლების მიმართ - ეს არის შიში თუ ეს არის რაღაც ახალი სტრატეგია, რომელშიც ეს ხალხი ვერ ეწერება?“

თქვენი რეჟიმი, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, იყო რაღაც ნეოფაშისტური წარმონაქმნი...
ირაკლი ღარიბაშვილი
ამაზე პრემიერობის კანდიდატმა, საკუთარი დამსახურების ხაზგასმით, უპასუხა:

„ყველაზე მეგობრული დამოკიდებულება მე მქონდა სპეცრაზმელების მიმართ. ეს შეიძლება დაგიდასტუროთ ნებისმიერმა სპეცრაზმელმა. შეგიძლიათ ეს მოიკითხოთ თქვენ, ბატონო, გივი... და გავაკეთეთ ისეთი რაღაცები, რაც თქვენ 9 წლის განმავლობაში არ გაგიკეთებიათ. საუბრობთ ამუნიციაზე, განახევრებაზე და ა.შ... სწორედ ამუნიციაც მე შევიძინე, იარაღიც მე შევიძინე და ძალიან ბევრი რამ მე გავაკეთე“.

იქვე ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობას შეახსენა თავისი ნათესავის, თამაზ თამაზაშვილის, დაკავებისა და ერთწლიანი პატიმრობის ამბავი და ამას შემდეგ კომენტარიც დაურთო:

მოდი, გაცხარებას მივაწეროთ ეს, მაგრამ ტერმინ „ნეოფაშიზმის“ გამოყენება ნიშნავს იმას და არის კარგი ილუსტრაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაებათ თქვენ ცივილურ პოლიტიკურ კონკურენციაში...
გიორგი კანდელაკი
„თქვენი რეჟიმი, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, იყო რაღაც ნეოფაშისტური წარმონაქმნი“.

ღარიბაშვილის მიერ ნახსენებ ტერმინ „ნეოფაშიზმთან“ დაკავშირებით საკუთარი შეფასება გამოხატა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა:

„მოდი, გაცხარებას მივაწეროთ ეს, მაგრამ ტერმინ „ნეოფაშიზმის“ გამოყენება ნიშნავს იმას და არის კარგი ილუსტრაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაებათ თქვენ ცივილურ პოლიტიკურ კონკურენციაში“.

„მე დავრწმუნდი, - ახლა რომ გისმენთ, აღშფოთება და შეშფოთება მაინცდამაინც ვერ შეგატყვეთ, - მაგრამ დავრწმუნდი იმაში, რომ პირველ თვეებში დეზინფორმაციული გზავნილების გაგზავნა ევროპაში ერთ-ერთი თქვენი დამსახურებაა. თქვენ ამას კარგად ახერხებთ“.

გიორგი კანდელაკი: „დიდი მადლობა აღიარებისთვის“.

ირაკლი ღარიბაშვილი: „ტყუილი ძალიან კარგად გეხერხებათ, მე ამის თქმა მინდოდა. კომპლიმენტად ნუ მიიღებთ“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან ბეჟაშვილის მიერ ნათესავების თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა:

„როდესაც თქვენ საუბრობთ კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, როგორც ასეთზე, ნუთუ არ გრცხვენიათ?! თქვენი წარმომადგენლების თითქმის ყველა ნათესავი, ოჯახის წევრები წლების განმავლობაში მუშაობდნენ და მუშაობენ ჯერაც. ასე რომ, მე ამაზე სერიოზულად ვერ გიპასუხებთ“.

განსაკუთრებით ცხარე დებატები წარიმართა საპარლამენტო უმცირესობასა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ხურჩის ინციდენტის გამოძიების საკითხთან დაკავშირებით:

„თქვენ ძალიან კარგად უნდა იცოდეთ, რაც მოხდა და როგორც მოხდა და ეს უნდა აღიაროთ“.

ნუგზარ წიკლაური: „ეს ძიების საქმეა, პროკურორი ხომ არ ბრძანდებით!“
ირაკლი ღარიბაშვილი: „ეს უნდა აღიაროთ. სხვანაირად ვერ შეძლებთ ინტეგრირებას“.

გიორგი ბარამიძე: „ვის ელაპარაკებით ამას, ბატონო ირაკლი, ვინ უნდა აღიაროს ეს?“

ირაკლი ღარიბაშვილი: „თქვენ არ გესაუბრებით მე, თქვენ რა შუაში ხართ, საერთოდ?“

გიორგი ბარამიძე: „აბა, ვინ რა უნდა აღიაროს! თქვენ ახლა უმცირესობის სხდომაზე ხართ, ცოტა დაუკვირდით, ბატონო ირაკლი, უხერხულია“.


შეხვედრაზე დაისვა შეკითხვები ეკონომიკის წარუმატებლობასთან დაკავშირებით, რაზეც ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს წინა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში საპარლამენტო უმცირესობის წევრები ამბობდნენ, რომ მათ დასმულ შეკითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს და, შესაბამისად, არც აპირებენ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი სამთავრობო გუნდისთვის მხარდაჭერას. ირაკლი ღარიბაშვილი მოგვიანებით საპარლამენტო უმრავლესობასაც შეხვდა, სადაც პირობა დადო, რომ ისინი ერთიანი გუნდის ნაწილი იქნებიან, ისე როგორც ეს ბიძინა ივანიშვილს სურდა.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტი 20 ნოემბრის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG