Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია „არარეალისტურად“ მიიჩნევს სამხედრო ხარჯების მკვეთრ გაზრდას


ზიგმარ გაბრიელი
ზიგმარ გაბრიელი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერლინისათვის „სრულიად არარეალისტურად“ მიიჩნევს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმად, ნატოს წევრმა ქვეყნებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-მდე უნდა გაზარდონ საკუთარი ქვეყნების თავდაცვითი ხარჯები. 28 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს უკვე განაცხადა, რომ ნატოელი მოკავშირეებისაგან „დიდი ფული წამოვიდა“.

1 მარტს ესტონეთში ვიზიტით მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ გერმანია, რომელიც ამჟამად მთლიანი შიდა პროდუქტის 1,2%-ს ხარჯავს თავდაცვაზე, მზად არის გაზარდოს ეს ციფრი, მაგრამ არა 2 %-მდე, რაც, გერმანელი მინისტრის თქმით, ძალიან ბევრია. გარდა ამისა, გერმანელი მინისტრი დარწმუნებულია, რომ ომების მოგებასა და ემიგრანტთა კრიზისის მოგვარებას მეტი სამხედრო დანახარჯები და აღჭურვილობა კი არ სჭირდება, არამედ ადამიანების დაცვა სიღარიბისგან, გვალვებისა და იმ ომებისაგან, რომლებიც ზოგჯერ სასმელი წყლის უკმარისობით არის გამოწვეული.

„დავფიქრდეთ იმაზე, უნდა თუ არა დანარჩენ ევროპას ისეთი გერმანია, რომელიც 60 მილიარდ ევროს ხარჯავს საკუთარ თავდაცვაზე, რაც გარდაუვლად იქცევა პრეცედენტად, თუ შევეცდებით ავხსნათ, რაში მდგომარეობს 2-პროცენტიანი ზრდისკენ აღებული გეზი. ეს ყოველივე 10-15 წელიწადში მიგვიყვანს ევროპაში სამხედრო დომინირებამდე, რაც ჩვენს მეზობლებს, ვფიქრობ, ნამდვილად არ ენდომებათ. ამიტომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია გავაერთიანოთ ძალისხმევა, რაც იმასაც გულისხმობს, რომ ყველამ შევძლოთ ფულის დაზოგვა. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების არქიტექტურითაა შესაძლებელი“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ზიგმარ გაბრიელი არ მალავს, რომ გერმანიას ნამდვილად სჭირდება და გეგმავს კიდეც თავდაცვითი ხარჯების გაზრდას. გერმანია, რომელიც სამხედრო ძალებზე წელიწადში 35 მილიარდ ევროს ხარჯავს, 2020 წლისათვის მზად არის ეტაპობრივად 39.2 მილიარდ ევრომდე გაზარდოს სამხედრო ბიუჯეტი.

უფრო ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ნატოს, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს სამხედრო ხარჯის მნიშვნელოვნად გაზრდისკენ მოუწოდა. 28 თებერვალს კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის რანგში თავის პირველ გამოსვლაში ტრამპმა აღნიშნა, რომ „დიდი ფული წამოვიდა“ ნატოელი მოკავშირეებისაგან მათთან „მტკიცე და გულახდილი დისკუსიების“ შემდეგ.

დღეისათვის 28 წევრისგან შემდგარი ნატოს ალიანსიდან მხოლოდ ხუთი სახელმწიფო - აშშ, ბრიტანეთი, პოლონეთი, საბერძნეთი და ესტონეთი - ასრულებს ვალდებულებას და მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-ს ხარჯავს თავდაცვაზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG