Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა ამჯერად ჟურნალისტებს უპასუხა


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მეორე დღეა შეკითხვებს პასუხობს. 18 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის კითხვებს გასცა პასუხი, დღეს კი, მთავრობის ახალი ინიციატივის - ”საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის” - ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციის დაწყებამდე, ყოველგვარი შესავლის გარეშე, განაცხადა, რომ მზად არის ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხოს. პირველი კითხვა შეეხებოდა 19 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის მზაობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამ აქციის შესახებ ძალიან გაზვიადებული წარმოდგენა არსებობს, თუმცა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია:

”რა თქმა უნდა, ჩვენ - მიუხედავად იმისა, ვინ ატარებს ამ აქციას და ვინ ჩაატარებს - დავიცავთ წესრიგს ისე, როგორც არის მისაღები და თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი, ეს იქნება თავშივე აღკვეთილი და ყველა პროვოკატორი იქნება დასჯილი. ეს არის ჩემი პასუხი. ჩვენ ნებისმიერ პროვოკაციას გავუსწორდებით და გავუმკლავდებით შესაბამისად”.

მთავარი კითხვები შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ მაინც ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით დაისვა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ადამიანების ნაწილი ცდილობს ქვეყანაში ისეთი გაუსაძლისი ვითარება დახატოს, თითქოს მშობლებს შვილების სახლიდან გაშვების ეშინოდეთო. სინამდვილეში კი, რეალობა სულ სხვააო. რეალური ვითარების საილუსტრაციოდ ირაკლი ღარიბაშვილმა სტატისტიკური მონაცემებიც მოიშველია:

”2007 წელი გავიხსენოთ, იანვრის თვე. დანაშაულის საერთო რაოდენობა იანვრის თვეში შეადგენდა 5200-ს, 2013 წელს ეს შეადგენს 3900-ს; თებერვალში, 2007 წელს, 5300-ს შეადგენდა, ხოლო ახლა - 3800-ს. შემიძლია გავყვე უბრალოდ: 2008 წელს -3900, თებერვლის თვეში - 4600, 2009 წელს იყო 4000, ანუ იმაზე მეტი გვაქვს ჩვენ ახლა, 2010-ში და 11-ში გაუმჯობესება გვაქვს სერიოზული. ასე რომ, თქვენ, ალბათ, ნათლად ხედავთ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. თქვენ თუ აიღებთ შესადარებლად გასულ წლებს, ძალიან დიდ სხვაობას ვერ ნახავთ. მთავარია ის, რომ ჩვენ არც ერთ დანაშაულს არ ვმალავთ და ხელს არ ვაფარებთ არც ერთ დანაშაულს. ჩემი დავალება არის ის, რომ ყველა დანაშაული, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის დანაშაული იქნება, იყოს დარეგისტრირებული და ყველა დანაშაულზე მოვახდინოთ რეაგირება”.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შესაძლოა ის განწყობა და განცდა, თითქოს ვითარება დაიძაბა, განპირობებული იყოს უპრეცედენტო ამნისტიით, რომლის შედეგადაც 8 ათასამდე ადამიანი გამოვიდა ციხიდან. ამას დაემატა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 2 ათასამდე ადამიანი. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა ის სტატისტიკაც მოიყვანა, თუ რამდენმა ამნისტირებულმა და შეწყალებულმა ადამიანმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული:

”დაახლოებით 150-მა შეწყალებულმა და ამნისტირებულმა ადამიანმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული და ისინი ხელახლა მიეცნენ პასუხისგებაში. 150-დან დაახლოებით 80 იყო ამნისტირებული, დანარჩენი - დაახლოებით 70-მდე - იყო პრეზიდენტის მიერ შეწყალებული”.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროში არსებული კადრების მიმართ თავის დამოკიდებულებაზეც გააკეთა კომენტარი. მან განაცხადა, რომ სამინისტრო რამდენიმე ადამიანმა მართლაც დატოვა, თუმცა შენარჩუნებულია კვალიფიციური და პროფესიული კადრები. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტროს თანამშრომლებს წინა ხელისუფლების პირობებში უწევდათ უსამართლო ბრძანებების შესრულება. მინისტრის სიტყვებით, შესაძლოა ასეთი ადამიანები დღესაც მუშაობდნენ სამინისტროში, მაგრამ მათ გამოსწორების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ:

”მე არ გამოვრიცხავ, რომ დღესაც მუშაობდნენ ამა თუ იმ განყოფილებასა თუ სამმართველოში ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ უხეში გადაცდომები, დარღვევები, მაგრამ მე ვერავითარ საშიშროებას ვერ ვხედავ, რომ ისინი ან საბოტაჟს მოაწყობენ, ან რაიმე მსგავსს. მათაც უნდა მივცეთ ჩვენ შანსი, რომ გამოასწორონ დაშვებული შეცდომები, გააგრძელონ მუშაობა და დაუბრუნდნენ თავიანთ მთავარ მოვალეობას. მათი მთავარი მოვალეობაა ემსახურონ ქვეყანას და ხალხს და არა ამა თუ იმ ინდივიდს და პოლიტიკურ პარტიას”.

შინაგან საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე უპასუხა შეკითხვებს საპატრულო პოლიციელების მიერ გახშირებული ჯარიმების გამოწერის ფაქტებზე. მინისტრის სიტყვებით, ნებისმიერი პირი, რომელიც არღვევს კანონს, არ იკრავს ღვედს ან დადის დაბურულმინებიანი მანქანით, იქნება დაჯარიმებული და ეს იცის პატრულმა. ეს არის მინისტრის ბრძანებაც. მინისტრი გამოეხმაურა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, დაზვერვის სამსახური შესაძლოა პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან პრემიერის დაქვემდებარებაში გადავიდეს, და განაცხადა, რომ ამ ინიციატივას მიესალმება, ვინაიდან ყველა სამსახური, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, უნდა იყოს ერთი სისტემის დაქვემდებარებაში.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG