Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღია კარი - რეპროდუქციული ჯანმრთელობისათვის


- რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე რა იცი? - ვკითხე 18 წლის ზარიფას (სახელი შეცვლილია). ზარიფა უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია, მარნეულიდან წელს ჩამოვიდა თბილისში და ჯერ გზები კარგად არ ვიციო, მითხრა. შეხვედრაც უნივერსიტეტის ბაღში დავთქვით, მისთვის ნაცნობ ტერიტორიაზე. და მერე ჩემს კითხვასაც უპასუხა. ყველა ის სიტყვა და ტერმინი გამოიყენა, რაც, თურმე, ერთ ტრენინგზე მოისმინა, ჯერ კიდევ სოფელში ცხოვრებისას.

- მანამდე საერთოდ არაფერი ვიცოდი. როგორ უნდა დაიცვა თავი, რომ ნაადრევი ქორწინება საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს და აბორტიც; რომ, თუ გინდა ჯანმრთელი იყო, წელიწადში ორჯერ მაინც გინეკოლოგთან უნდა წახვიდე. კიდევ, ვიცი, რომ დაუგეგმავმა ორსულობამ შეიძლება დედის სიკვდილი გამოიწვიოს. მაგრამ ამაზე სოფელში ძალიან ცოტა რამ იციან. სკოლებში კი არა, დიდ ქალებსაც გაუჭირდებათ პასუხების გაცემა.

რა არის ის, რაც იციან? ბევრი არაფერი - პასუხობს ზარიფა და თავის ამბავსაც ჰყვება. დედა მხოლოდ მენსტრუაციის შესახებ დაელაპარაკა. სხვა ამბებზე საუბარი ჭირდა - კითხვების დასმა რცხვენოდა. კითხვები კი ბევრი იყო: როგორ იცავენ თავს? რა არის კონტრაცეპტივები? რატომ არის ცუდი ნაადრევი ქორწინება? აი, მეზობლის გოგო გათხოვდა და ძალიანაც ბედნიერი ჩანდა... პასუხების ძებნა ინტერნეტსივრცეში დაიწყო. მეგობრებთან ამაზე ღიად საუბარი გამორიცხული იყო. არავინ არაფერს ამბობდა და ტაბუდადებულ თემაზე ლაპარაკი სირცხვილად და, მეტიც, გარყვნილებად ითვლებოდა. 16-17 წლისა იყო, როდესაც გაიგო, რომ 14 წლის ბავშვიც შეიძლება დაფეხმძიმდეს. დღეს უკვე ხმამაღლა შეუძლია ამ თემებზე ლაპარაკი, მეგობრებისთვის გაზიარებაც:

- ჩვენი ადათის მიხედვით, - და ეს მხოლოდ აზერბაიჯანელებში არა, ქართველებშიც გვხვდება, - გოგონებს პატარა ასაკში ათხოვებენ ხოლმე. მშობლებმა არ იციან, თუ რამდენად სახიფათოა ეს მათთვის. ჰგონიათ, რომ ბედნიერი იქნებიან. მე ტელევიზორშიც ვნახე, რომ პატარა გოგო ორსულობის გამო დაიღუპა. თვითონ ბავშვი იყო და ბავშვი როგორ უნდა გაეჩინა? მე და ჩემს კლასელებს არასოდეს გვილაპარაკია ამ თემაზე. ვინ გაბედავდა? მაგრამ იმ ტრენინგის მერე მე გინეკოლოგთანაც წავედი. და ისიც ვიცი, რომ ჯერ უნდა ვისწავლო და მერე ვიფიქრო დანარჩენზე... დედასთან მხოლოდ გათხოვების მერე ლაპარაკობენ ასეთ საკითხებზე თავისუფლად. რა გამოდის, რომ თითქმის უცოდინრები იწყებენ ცხოვრებას და როცა რამე გაუჭირდებათ, დედისგან დახმარებას მხოლოდ მერე ითხოვენ.

ზარიფას გაუმართლა. მას შეხვდა ქართულის ისეთი მასწავლებელი, რომ, როგორც თავად ამბობს, საგნის გარდა, სხვა რამეებიც ასწავლა. შედეგად, მისი 16 კლასელიდან 13-მა უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვიტა და სტუდენტები გახდნენ.

- ჩემი სოფლელი გოგონების უმრავლესობის ოცნება დღეს უკვე სწავლაა და არა გათხოვება. მაგრამ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ბევრი არაფერი იციან. ქალაქში უფრო თამამი გოგონები ცხოვრობენ. მათ მეტი გაუგიათ.

ქართულად სწავლა ცოტა უჭირს და ენასაც ამტვრევს, მაგრამ რაც დრო გადის, ინფორმაციის გაგება და აღქმა უფრო ადვილდება. ზარიფამ უკვე იცის, რა სავალალო შედეგები მოჰყვება არასასურველ ორსულობას, ნაადრევ ქორწინებას, ხელოვნურ აბორტს და, ზოგადად, ამ სფეროში გაუნათლებლობას.

მაგრამ ზარიფა არ არის უმრავლესობაში.

მარიამი, გურჯაანის რაიონიდან, ახლა 16 წლისაა. ამბობს, რომ დღეს უკვე რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მეტი იცის, ვიდრე წლების წინ - იცის არაფორმალური განათლების წყალობით. თანატოლებში ამ თემაზე საუბარს მის სოფელშიც ერიდებიან. პირველი პასუხები პირველ შეკითხვებზე მანაც დედისგან მიიღო, თუმცა შეკითხვებიც და პასუხებიც ძირითადად ჯანმრთელობას შეეხებოდა. აბორტი, არასასურველი ორსულობა, სქესობრივი გზით დაავადებები და მათი თავიდან აცილების გზები, კონტრაცეპტივები - განხილვის საგანი არ ყოფილა. ისიც, მისი მრავალი თანატოლის მსგავსად, ინტერნეტის წინაშე არაერთხელ დარჩენილა მარტო.

- ინტერნეტის, რომელიც ხშირად სტერეოტიპებითაა სავსე. ვერ იგებ, რა მართალია და რა ტყუილი, რას ენდო და როგორ გადაამოწმო. ამიტომ უმეტესწილად მე მაინც არაფორმალური განათლება დამეხმარა - ტრენინგები, რომელსაც დავსწრებივარ.

16 წლის ილო (სახელი შეცვლილია), ამბროლაურის რაიონიდან, ამბობს, რომ „ამ თემებზე ბიჭები ლაპარაკობენ ხოლმე“, მაგრამ ცოტას და იშვიათად.

- ექიმთან მე რატომ უნდა მივიდე, არაფერი მჭირს. თუ დამჭირდება, მივალ. ნაადრევ ქორწინებაზე რა ვიცი და... ძაან ნაადრევი ცუდია, მაგრამ ისე, ახალგაზრდა მამა თუ იქნები, რა მოხდა? არა, მამაჩემთან და დედაჩემთან ეგეთ თემებზე საერთოდ არ მქონია არასოდეს ლაპარაკი. მაგისთვის ინტერნეტი არსებობს...

საქართველოში რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო გამოკვლევა 2010 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ჩატარდა. მაშინ საქართველოს 11 რეგიონსა და თბილისში 15-დან 44 წლამდე 6 000-მდე ქალი გამოიკითხა. შვიდი წლის შემდეგაც ამ საკითხზე ყველა დასკვნა სწორედ ამ გამოკვლევას ეყრდნობა. ახალი და ამ მასშტაბის კვლევა ამ საკითხზე ჯერ არ ჩატარებულა.

და როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძეც აღნიშნავს, ამ გამოკვლევის თანახმად, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში რეპროდუქციული ჯანმრთელობის თვალსაზრისით ცნობიერების დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე ქალაქად. რა იგულისხმება ამაში? ციფრები გვიჩვენებს, რომ დაბალია ოჯახის დაგეგმვის მეთოდების გამოყენების მაჩვენებელი, რაც პირდაპირ უკავშირდება ინფორმირებულობის დონეს და ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობას; მაღალია ხელოვნური აბორტებისა და ნაადრევი ქორწინებების რიცხვი; მწირია ინფორმაცია თანამედროვე კონტრაცეპტივების შესახებ და, შედეგად, მათი მოხმარების სტატისტიკაც არასახარბიელოა. არ არსებობს გამართული და მეგობრულად განწყობილი სერვისები მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის და ა. შ. გრძელი ჩამონათვალია. „უთანასწორობა შესამჩნევია არა მხოლოდ, ზოგადად, ქალაქსა და სოფელს შორის, არამედ ეთნიკურ ჯგუფებს შორისაც“, - გვითხრა ლელა ბაქრაძემ.

ლელა ბაქრაძე
ლელა ბაქრაძე

გრძელია იმ პრობლემების სიაც, რომლებიც უშუალოდ რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება. მოზარდებმა /ახალგაზდებმა ხშირად საერთოდ არაფერი იციან რეპროდუქციული ჯანმრთელობის არსის შესახებ. მათ არა აქვთ ინფორმაცია, თუ რა ცვლილებები ხდება მათ სხეულში, რა გამოწვევების წინაშე აყენებს მათ ეს ცვლილებები და როგორი მომზადებულები უნდა დახვდენ ამ ასაკს - როგორ აიცილონ თავიდან სარისკო ქცევა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და აივ/შიდსი, არასასურველი ორსულობა, რომელიც ხელოვნური აბორტების პირდაპირი მიზეზია. და ეს მაშინ, გვითხრა ლელა ბაქრაძემ, როდესაც „როგორი განათლება და ჯანმრთელობაც ექნება მოზარდს, როგორც განვითარდება ის, სწორედ ისეთ ახალგაზრდა თაობას მიიღებს ქვეყანა. ეს არის ძალიან პრინციპული, ადამიანური კაპიტალის საკითხი“.

2010 წლის რეპროდუქციული ჯანმრთელობის გამოკვლევაში არაერთი დამაფიქრებელი ციფრია მოყვანილი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული აბორტების მაჩვენებელია. აბორტების ძირითად მიზეზად ხშირად სახელდებოდა „მეტი შვილის არყოლის სურვილი“ - აბორტების უმრავლესობა (51 %) განპირობებული იყო ან ამ მიზეზით, ანდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით (20 %) - დაბალი შემოსავლით, უმუშევრობით, სამუშაოს დაკარგვის შიშით ან ბინის სივიწროვით. აბორტების 8 %-ის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო: 5 % - დედის ჯანმრთელობა (მაგალითად, ორსულობა საფრთხეს უქმნიდა ქალის ფიზიკურ ან სულიერ ჯანმრთელობას) და 3 % - ნაყოფის დეფექტები ან ჩვილის ჯანმრთელობისთვის შექმნილი პოტენციური საფრთხე. ქალთა 1.4 %- მა მაშინ თქვა, რომ აბორტი ნაყოფის სქესის გამო გაიკეთეს, რომელიც მათ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გაიგეს. აქაც განსხვავება ქალაქსა და სოფელს შორის აშკარა იყო: 2010 წლის მონაცემებით, აბორტის გამოყენება შვილოსნობის შეზღუდვის მიზნით უფრო ხშირად სახელდებოდა სოფლად მცხოვრები ქალების მიერ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებული აბორტების თითქმის ნახევარი (47.7%) 15-29 წლის ქალებში გვხვდება.

რატომ ვერ იღებენ ახალგაზრდები საკმარის და სწორ ინფორმაციას ინტერნეტის ეპოქაში, როდესაც, ერთი შეხედვით, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა პრობლემა არ უნდა იყოს? - ეს კითხვა დავუსვით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დედათა და ბავშვთა სამმართველოს უფროსს, ლელა შენგელიასაც. მან გვითხრა, რომ ინტერნეტში მოზარდი/ახალგაზრდა, გაუფილტრავი ინფორმაციის ოკეანის წინაშე მარტო რჩება, მას უჭირს სწორი ინფორმაციის დამოუკიდებლად ამოცნობა და გადახარშვა. მეტიც - შესაძლოა, ისეთ სტერეოტიპებს გადაეყაროს, რომ მათ შეცვლას წლები დასჭირდეს.

„ინტერნეტი ამ შემთხვევაში არ არის გამოსავალი. უმართლებთ მათ, ვისაც კეთილგანწყობილი მშობლები ჰყავთ და ამ საკითხებზე ლაპარაკს არ გაურბიან, ან ექიმების შვილებს, ვინც იციან, რომ ეს საჭირო ინფორმაცია შვილებს უნდა მიაწოდონ... სამწუხაროდ, ახალგაზრდების ძალიან დიდ ნაწილს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმის თაობაზე, რომ სქესობრივი ცხოვრების შედეგად, შესაძლოა, ბავშვი გაჩნდეს. მაშ, ვინ არის ინფორმაციის მთავარი მიმწოდებელი? განათლების სისტემა. თუ ჩვენ არ ვეცდებით შეიცვალოს ეს სისტემა, შედეგი იქნება ისევ ნულის ტოლი. ამ გზაზე სკოლის ექიმის ინსტიტუტის აღდგენა მხოლოდ ერთი ნაბიჯია, ჩვენ გადავამზადეთ ისინი სწორედ რეპროდუქციული ჯანდაცვის კუთხით, თუმცა ჯერჯერობით მყარი კონტაქტი ბავშვებსა და მათ შორის არ შემდგარა - სქესობრივ ცხოვრებასა თუ კონტრაცეპტივებზე საუბარს ერიდებიან“.

ქაოსურად მიღებულმა ინფორმაციამ ეს სტერეოტიპები, შესაძლოა, კიდევ უფრო გაამყაროს, - გვითხრა ლელა ბაქრაძემაც:

„სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მათი განათლების პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს. თუ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია თეორიულ ცოდნად დარჩება და ქცევაში არ გადავა, ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდები ისევ დაუცველები რჩებიან“.

მაინც რატომ არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ფლობა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე? - ამ კითხვაზე ლელა ბაქრაძეს მკაფიო პასუხი აქვს: „იმიტომ რომ ის უკავშირდება ჩვენს უფლებას, თავად დავგეგმოთ, როდის და რამდენი შვილი გვეყოლება, იმიტომ რომ ის უკავშირდება ჩვენს ჯანმრთელობას - მივიღოთ გამართული სერვისი, და იმიტომ რომ უკავშირდება ქვეყნის დემოგრაფიასაც“.

ისევ კვლევებს თუ მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ მეორადი უშვილობის მიზეზებს საქართველოში ძირითადად სწორედ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და არასასურველი ორსულობების ხელოვნურად შეწყვეტა იწვევს.

ელენე (სახელი შეცვლილია), კასპიდან, 18 წლისაა და უკვე ორი წელია, გათხოვილია. ამბობს, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების შესახებ პირველად მეუღლისგან შეიტყო. ქორწინებამდე არასოდეს მისულა გინეკოლოგთან, არასოდეს არავისთან უსაუბრია რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ერთადერთი თემა, რაზეც დედამ და მან ილაპარაკეს, მენსტრუაციული ციკლი იყო.

„გუგლში“ ჩავწერდი ხოლმე „სექსი“ ან რამე ეგეთს და რაღაც ინფორმაციას ვკითხულობდი. ერთხელ შიდსზე გადაცემასაც ვუყურე ტელევიზორში და მამაჩემმა გამომირთო, არ არის საშენოო. და შეყვარებულები რომ ვიყავით მე და ჩემი ქმარი, მაშინ სულ მეშინოდა, ორსულად არ დავრჩე-მეთქი, თუმცა კი ფიზიკური ურთიერთობა ქორწინებამდე არ გვქონია. გინეკოლოგთან რომ მივსულიყავი, მთელი სოფელი მაგაზე ილაპარაკებდა“.

ლელა შენგელიამაც გვითხრა, რომ, მიუხედავად საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა, რომლის თანახმად, მოზარდებსა და ახალგაზრდებს უფლება აქვთ მიიღონ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისი, ჩაიტარონ კონფიდენციალური ტესტი აივზე და გაიკეთონ აბორტი მშობლების ან მეურვის თანხმობის გარეშე, ისინი ამ უფლებას, ფაქტობრივად, ვერ იყენებენ. საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს ახალგაზრდული მეგობრული სერვისები, სადაც ისინი მისვლას და ამ მომსახურების მიღებას შეძლებენ. არ არის დანერგილი სოციალური მხარდაჭერის სისტემები, რომლებიც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან ასოცირებულ სტიგმა-დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე იქნება ორიენტირებული.

ისევ კონტრაცეპტივების გამოყენების საკითხს რომ მივუბრუნდეთ: ახალგაზრდა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (85.9 %) უმეტესად ინფორმირებულია პრეზერვატივების შესახებ და თვლის, რომ ის ძირითადი დამცავი საშუალებაა სქესობრივად გადამდები ინფექციებისა და არასასურველი ორსულობებისგან. ასევე 54.2 % ფლობს ინფორმაციას აბების სახით არსებული კონტრაცეპტივების შესახებ, მაშინ როცა ინფორმაცია სპირალზე 49.9 %-ისთვისაა ცნობილი. თუმცა აქვე საინტერესო სურათი იშლება კონტრაცეპტივების მოხმარების თვალსაზრისით: 15-29 წლის ახალგაზრდებს შორის კონტრაცეპტივებით მოსარგებლეთა რაოდენობა ძალზედ მცირეა. გამონაკლისს ისევ კონდომი წარმოადგენს, რადგანაც ახალგაზრდების 47.4 % აცხადებს, რომ იყენებს ამ საშუალებას, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათ უმეტესობას (75 %) მამაკაცები წარმოადგენენ. თბილისში ამ კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რადგანაც გამოკითხულთა 62 %-მა განაცხადა აღნიშნული ტიპის კონტრაცეპტივების გამოყენების შესახებ.

ცოდნის სიმწირე - არა მხოლოდ კონტრაცეპტივების, არამედ, ზოგადად, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ - სოფლად მეტად შეიმჩნევა, - გვითხრა ლელა შენგელიამ:

„ქალი სოფელში უფრო ხილულია, ვიდრე ქალაქში. სტიგმა იქ მეტია. საზოგადოებაც უფრო მგრძნობიარეა სოფელში. იქ უფრო ჩანს ყველაფერი“.

"კონტრაცეპტივების შესახებ არასრულყოფილ ცოდნას, არასასურველ ორსულობებსა და ხელოვნურ აბორტებს ისიც ემატება, რომ ახალგაზრდებმა ძალიან ცოტა რამ იციან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ. 2014 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული ახალგაზრდების ეროვნული კვლევის თანახმად, 15-დან 29 ასაკის ახალგაზრდების მხოლოდ 1,5 %-ია ისეთი, ვისაც სრულყოფილი ინფორმაცია აქვს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ.

რა გამოსავალი არსებობს იმისათვის, რომ ამ ერთმანეთზე მჭიდროდ გადაჯაჭვულმა სისტემამ გამართულად იმუშაოს, რომ საინფორმაციო კამპანიები არ იყოს მოზაიკური და დროებითი, რომ ახალგაზრდებისკენ მიმართული ინფორმაციის ნაკადი, განსაკუთრებით, რეგიონებში, უწყვეტი იყოს? - ლელა ბაქრაძემ გვითხრა, რომ სახელმწიფომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა. ის ელის, რომ ამ პროცესს დიდწილად უნდა შეუწყოს ხელი გაეროს მოსახლეობის ფონდსა და განათლების სამინისტროს შორის წელს ხელმოწერილმა მემორანდუმმაც, რომლის თანახმად, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული საკითხები სასწავლო პროგრამაში იქნება ინტეგრირებული, რაც ნიშნავს, რომ მოზარდებს ინფორმაცია ძალიან კარგად მომზადებულმა პედაგოგებმა უნდა მიაწოდონ. ურთიერთთანამშრომლობის მიზანი პედაგოგების გადამზადებაცაა. პედაგოგები და ექიმები სკოლებში, ამას დამატებული არაფორმალური განათლება - ტრენინგები, სემინარები, ახალგაზრდული ფესტივალები, რომელსაც ასევე გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ტარდება, „თანასწორთა განათლება“, რაც ასევე ახალგაზდებისთვის ბანაკებსა თუ სხვა სივრცეში ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს, მხოლოდ დამხმარე საშუალებებია. მთავარი როლი სახელმწიფომ უნდა იტვირთოს და თქვას, რომ ეს მისი პრიორიტეტია.

„აიღოს კარგი მაგალითები და კარი გახსნას“, - გვითხრა ლელა შენგელიამაც და გაიხსენა შოტლანდია, სადაც მას უმუშავია და სადაც მოზარდები სქესობრივ ცხოვრებას ძალიან ადრე იწყებენ. იქ მთავრობა დროულად მიხვდა, რომ თუ მათ განათლებაზე არ იზრუნებდა, დადგებოდა ადრეული ქორწინებების, ადრეული შვილოსნობის, აბორტების მატების, გავრცელებული ინფექციებისა და, ზოგადად, რეპროდუქციული ჯანმრთელობის თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემების წინაშე. და მათ კარი დროულად გაუღეს განათლებას: მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის შეიქმნა მეგობრული სერვისები, სადაც მათ მისვლა, ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურად მიღება თუ გაზიარება შეეძლოთ.

ასეთი კარი აქვს გასაღები საქართველოს მთავრობასაც.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG