Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგორ გიორგაძეს დაჭერა მხოლოდ საქართველოში ემუქრება


საქართველოს პროკურატურის შენობა
საქართველოს პროკურატურის შენობა

საქართველოს პროკურატურამ მიზნად დაისახა, რომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში დააბრუნოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე, რომელსაც ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება ედება ბრალად. პროკურატურა ირწმუნება, რომ ინტერპოლმა იგორ გიორგაძის ძებნა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად შეწყვიტა და ამას ლტოლვილის სტატუსის არსებობა ედო საფუძვლად, თუმცა იგორ გიორგაძის დაცვის მხარე ძებნის შეწყვეტის საფუძვლად არა ლტოლვილის სტატუსს, არამედ პოლიტიკურ დევნას ასახელებს და ცდილობს, რომ გიორგაძე საქართველოში სასამართლოს გზით დააბრუნოს.

ადვოკატი გაგი მოსიაშვილი დარწმუნებულია, რომ იგორ გიორგაძის პოლიტიკური ნიშნით დევნა საქმის მასალებით დასტურდება და ინტერპოლმაც წითელი ცირკულარით ძებნის შეწყვეტის „ობიექტური გადაწყვეტილება“ სწორედ ამ მასალების შესწავლის შედეგად მიიღო:

გადმოწერა

„ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლი განმარტავს, რომ არ შეიძლება და დაუშვებელია ინტერპოლის რესურსის გამოყენება პოლიტიკური დევნილი პირის მიმართ. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მას მოეხსნა წითელი ცირკულარით ძებნა... ადგილობრივ დონეზე, ჩემი ინფორმაციით, მის მიმართ ძებნა არ არის შეწყვეტილი. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ამ ეტაპზე - იმ შემთხვევაში, თუ ჩამოვიდა ბატონი იგორი - შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნება ქართულ მხარეს“.

დაცვის მხარის ვერსია ეწინააღმდეგება მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ინტერპოლის არხებით ძებნის შეწყვეტა იგორ გიორგაძისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებამ განაპირობა. „აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, ინტერპოლის გენერალური სამდივნო დაეყრდნო 2015 წლის 18 თებერვალს ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, რომელთა საფუძველზეც პირის მიმართ, რომელიც სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით, წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა შეწყვეტას ექვემდებარება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ 20 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომლის თანახმად, ძებნის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარეს 2016 წლის 30 მაისს მიაწოდეს.

კომისიამ შეარჩია ის საქმეები, რაც განხილულ იქნა, ხოლო დანარჩენი საქმეები არ იყო განხილული და მათ შორის – იგორ გიორგაძის საქმე... აღარ მახსოვს ზუსტად, თუ რატომ არ განხილულა ეს საქმე...
ნანა კაკაბაძე

პროკურატურა არ აკონკრეტებს, თუ რომელმა ქვეყანამ მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე ტერორისტული თავდასხმის ორგანიზებისთვის 1995 წლის შემდეგ დევნილ იგორ გიორგაძეს, თუმცა ბევრის ვარაუდი უკავშირდება რუსეთს, სადაც საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი წლების განმავლობაში ცხოვრობდა. მაგალითად, როგორც 2006 წლის მაისში აცხადებდა რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილე ვლადიმირ კოლესნიკოვი, ის ყურადღებით გაეცნო გიორგაძის ექსტრადიციის მოთხოვნით საქართველოდან მიღებულ მასალებს და თვლიდა, რომ სავსებით შესაძლებელი იყო რუსეთს პოლიტიკური თავშესაფარი მიეცა გიორგაძისთვის – ამისათვის კი მას შესაბამისი ორგანოებისთვის უნდა მიემართა.

ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ამჟამად იგორ გიორგაძე არც რომელიმე ქვეყნის მიერ მინიჭებული პოლიტიკური დევნილის სტატუსით სარგებლობს, თუმცა ასეთი მცდელობა მისი დაცვის ქვეშ მყოფს საქართველოშიც ჰქონდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, როდესაც (პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების იდენტიფიცირების მიზნით) ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტთან კოორდინირებით ამოქმედდა ადამიანის უფლებათა დამცველების სპეციალური კომისია, იგორ გიორგაძემ პოლიტდევნილის სტატუსისთვის დაიწყო ბრძოლა, მაგრამ უშედეგოდ. კონკრეტულ მიზეზს ვერ იხსენებს, მაგრამ გიორგაძის მცდელობის უშედეგობაზე რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს საპარლამენტო კომიტეტთან მოქმედი სპეციალური კომისიის ერთ-ერთი ყოფილი წევრი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

„კომისიამ შეარჩია ის საქმეები, რაც განხილულ იქნა, ხოლო დანარჩენი საქმეები არ იყო განხილული და მათ შორის – იგორ გიორგაძის საქმე... აღარ მახსოვს ზუსტად, თუ რატომ არ განხილულა ეს საქმე... ვფიქრობ, არ იყო სათანადო მასალები იმისათვის, რომ განხილულიყო, თორემ ან უარს ეტყოდნენ, ან თანხმობას...“

იგორ გიორგაძის გააქტიურების უკან ნანა კაკაბაძეც, სხვა ბევრის მსგავსად, არ გამორიცხავს რუსეთის სასარგებლო ინტერესების არსებობას. თავად გიორგაძე 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიზანს უარყოფს, მაგრამ მას არაერთხელ გამოუხატავს პოლიტიკაში ჩართვის ამბიციები, რაც სხვადასხვა ეტაპზე საქართველოს სახელმწიფოსთვის სახიფათო ქმედებად შეფასდა და პროცესს მის მომხრეთა ნაწილის დაპატიმრებაც მოჰყვა. როგორც ტელეკომპანია „იბერიასთან“ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს:

„რას ჰქვია არ ვგეგმავ?! ვგეგმავ და იმიტომ ველოდები სასამართლოს დადგენილებას...“

იმისათვის, რომ უშიშროების ყოფილი მინისტრი, პრეზიდენტზე ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებული პირი, საქართველოს მიერ ძებნილად გამოცხადებული იგორ გიორგაძე ქვეყანაში დაბრუნდეს, ადვოკატ გაგი მოსიაშვილის თქმით, მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს გზა სასამართლოზე გადის. ჯერ არავინ იცის, რამდენხანს გასტანს პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგრამ, როგორც ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აღნიშნავს, იგორ გიორგაძე ამ ეტაპზე მხოლოდ ბრალდებულია და სასამართლომ მისი ბრალდებები ან უნდა დაამტკიცოს, ან უარყოს.

იგორ გიორგაძე
იგორ გიორგაძე

ამ ეტაპზე არსებული ვითარების მიხედვით, იგორ გიორგაძეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დაჭერა ემუქრება. როგორც 21 ივლისს განმარტა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში იგორ გიორგაძე აუცილებლად დაექვემდებარება სისხლის სამართლის პროცედურებს, რადგანაც საქართველოს არ შეუწყვეტია მისი ძებნა და, შესაბამისად, არც სამართლებრივი პროცედურები შეწყვეტილა.

პარალელურად, როგორც 20 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, მთავარი პროკურატურა პირობას დებს, რომ „მისი კომპეტენციის ფარგლებში გაატარებს ყველა ზომას და მიმართავს ყველა საშუალებას, რათა იგორ გიორგაძის მიმართ აღდგეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა“. ამავე წყაროს თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, იგორ გიორგაძის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა 1995 წლის 20 ნოემბერს გამოცხადდა. მას ბრალად ედებოდა „1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე, განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება“.

მთავარი პროკურატურა განმარტავს, რომ იგორ გიორგაძის მიმართ ძებნის შეწყვეტის საკითხის განხილვისას „ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს არ გამოუთხოვია და საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს არ მისცემიათ შესაძლებლობა ინტერპოლისთვის წარედგინათ შესაბამისი მტკიცებულებები და მასალები, რაც იგორ გიორგაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაგრძელების მიზანშეწონილობას დაასაბუთებდა. შედეგად, პირი, რომელიც 1995 წლიდან იძებნებოდა, მის მიმართ შეწყდა ინტერპოლის არხებით საერთაშორისო ძებნა“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG