Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავიატორთა არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობასთან თანამშრომლობას აპირებს


გიორგი კოდუა
გიორგი კოდუა
ამ დღეებში სამოქალაქო ავიაციაში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით შეიქმნა არასამთავრობო გაერთიანება, რომელსაც კომპანია “Sky Georgia”-ს პრეზიდენტი გიორგი კოდუა უხელმძღვანელებს. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას, პრობლემების ანალიზის საფუძველზე მოამზადოს რეკომენდაციები და საკანონმდებლო გარემოს დახვეწისათვის მჭიდროდ ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან.

სამოქალაქო ავიაციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია აქამდე არ არსებობდა და კომპანიებს სახელმწიფო უწყებებთან პრობლემების მოგვარება დამოუკიდებლად უწევდათ, - გვითხრა კომპანია ”სქაი ჯორჯიას” პრეზიდენტმა გიორგი კოდუამ, რომელიც ფიქრობს, რომ საერთო ინტერესების გარშემო კოლეგების შემოკრებას შეძლებს. მისი განმარტებით, ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად, საქართველოში გაიზარდა ფრენების რაოდენობა, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, თუმცა, ქართული კომპანიების შევიწროების ხარჯზე, ბაზრის წილი უმეტესად უცხოურმა ავიაკომპანიებმა და ოპერატორმა კომპანიებმა დაიკავეს. შესაბამისად, ავიაციის პროფესიონალთა ორგანიზაციის მიზნებს შორის ერთ-ერთი მთავარი ქართული კომპანიების ლობირება იქნება. გიორგი კოდუას თქმით, იმისათვის, რომ საქართველოს საავიაციო სფეროში არსებული პრობლემები გადაიჭრას, უპირველესად საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებაა საჭირო.

”აეროპორტი, ნავიგაცია, ავიაკომპანიები და სხვადასხვა კომპანიები უნდა გაერთიანდეს. სტრატეგია არ არის დაწერილი ერთი კონცეფცია, რის შედეგადაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო თვეებსა და წლებში ჩვენი დაკარგული ავიასექტორი. მაგალითად, როცა აეროპორტი აშენდა, გაკეთდა სამი გეიტი. არ იქნა შეკითხვა დასმული ავიაკომპანიებთან, თუ რამდენი თვითმფრინავი ჰყავს ლოკალურ ბაზირებულ ავიაკომპანიას, რამდენი ავიაკომპანიაა-შეიძლება 50 გეიტი იყო საჭირო. არ ხდებოდა, მოკლედ რომ ვთქვათ, კოორდინაცია ავიაკომპანიასა და აეროპორტს შორის და ნავიგაციას შორის”, ამბობს გიორგი კოდუა და დასძენს, რომ გაერთიანება მხარს უჭერს ღია ცის პოლიტიკას, თუმცა მიაჩნია, რომ ახალმა მთავრობამ ქართული კომპანიების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობა უნდა გაააქტიუროს.
გიორგი კოდუას მიერ ჩამოყალიბებულ ორგანიზაციაზე კომენტარს არ ვაკეთებთ. არც მსგავსი თემებისთვის გვცალია. საკმაოდ რთული პერიოდია, მძიმე პერიოდია დარგში ...
ნინო გიორგობიანი

”სქაი ჯორჯიას” პრეზიდენტი და საქართველოს კრიმინალური პოლიციის ყოფილი შეფის, ერეკლე კოდუას ძმა გიორგი კოდუა საზოგადოებისა და მას-მედიის ყურადღების ცენტრში გასულ წელს მოექცა, როდესაც ”სქაი ჯორჯიას” ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო ტვირთების გადაზიდვა აეკრძალა. აღნიშნულის ოფიციალურ მიზეზად საჰაერო ხომალდების სიძველე და ევროკავშირის რეკომენდაციები დასახელდა, რაც გიორგი კოდუამ მაშინ არ გაიზიარა. იგი ამბობს, რომ მაშინ მისი პროტესტი მომხდართან დაკავშირებით განმარტებული იყო როგორც პროტესტი პირადი ბიზნესინტერესების შელახვის გამო. ახლა, გიორგი კოდუას შეფასებით, ავიაციის სფეროზე ზრუნვის დროც დადგა.

ორგანიზაციაში კი, რომელიც სწორედ გიორგი კოდუას ინიციატივით შეიქმნა, გაწევრიანება ყველა ავიატორსა და ავიაციის ბაზარზე არსებულ ყველა კომპანიას შეეძლება. გახდება თუ არა ორგანიზაციის წევრი ”აირზენა”? კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი განმარტავს:

”გიორგი კოდუას მიერ ჩამოყალიბებულ ორგანიზაციაზე კომენტარს არ ვაკეთებთ. არც მსგავსი თემებისთვის გვცალია. საკმაოდ რთული პერიოდია, მძიმე პერიოდია დარგში და საქმის კეთებით ვართ დაკავებული, კონკრეტული საქმის კეთებით“.
სამწუხაროდ, საქართველო დღეს ამ მხრივ ამოვარდნილია მთლიანად დიდი აეროსანაოსნო უსაფრთხოების რუკიდან და შავ ზოლს წარმოადგენს ამ რუკაზე ...
ზაზა ჩხაიძე

სამოქალაქო ავიაციის დარგში შექმნილ პრობლემებზე კი ამ ცოტა ხნის წინ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ”აირზენას” დამფუძნებელმა და დირექტორთა საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა ისაუბრა. მან ”ნაციონალური მოძრაობა” ქართული ავიაციის მიწასთან გასწორებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პრობლემების გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდება. ამავე ინტერვიუში მან დარგის მიმართ ახალი სტრატეგიის გამოჩენამდე კონკრეტული კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა თქვა, რომ დარგის განვითარებამდე ჯერ დარგის გადარჩენაა საჭირო და ამისთვის მთავრობას საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვა ურჩია.

ავარიული პროცედურებისა და ექსტრაორდინარული სიტუაციების საკითხებში ექსპერტი ზაზა ჩხაიძე კი ამბობს, რომ ავიატორთა არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ფრენების უსაფრთხოებისა და საჰაერო ნაკადების ორგანიზების საკითხები უნდა იყოს:

”სამწუხაროდ, საქართველო დღეს ამ მხრივ ამოვარდნილია მთლიანად დიდი აეროსანაოსნო უსაფრთხოების რუკიდან და შავ ზოლს წარმოადგენს ამ რუკაზე. რატომ? როგორც ჩანს, პირველადი და გრძელვადიანი გეგმები, რომელიც იყო დასახული ამ წლების განმავლობაში, იყო არაბალანსირებული. ველოსიპედის მოგონება საჭირო არ არის, არასამთავრობო ორგანიზაცია არის ძალიან დემოკრატიული და მოქნილი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ საავიაციო ადმინისტრაციის ეკვივალენტი გაიზარდოს ევროპულ მოთხოვნებამდე”.

ზაზა ჩხაიძის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია ძებნისა და გადარჩენის საერთაშორისო სტანდარტებს პრაქტიკულად უნდა პასუხობდეს.
XS
SM
MD
LG