Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლეხების თავსატეხი - შხამქიმიკატების ხარისხი


მართალია, გაზაფხული კალენდარულად ახლა დგება, მაგრამ კახელმა გლეხებმა საგაზაფხულო სამუშაოები ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაიწყეს. წინა წლის ნარჩენებისგან მიწის ნაკვეთები გაიწმინდა და შემდეგ დამუშავდა. ისხვლება ატმის ბაღები და ვენახები, იწყება ხეხილის პირველი წამლობაც. ახლა ატმის ბაღებს ისეთ წამალს ასხამენ, რომ ყვავილი ნაადრევად არ გამოიტანოს და შემდეგ ყინვამ არ დააზიანოს.

გადმოწერა

შხამქიმიკატების ფალსიფიცირების საკითხები

  • მიმდინარე წელს შხამქიმიკატების ფალსიფიცირების კონკრეტული შემთხვევბი უკვე აღმოაჩინეს და ბიზნესოპერატორები დააჯარიმეს.
  • მიმდინარე წლის იანვრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება,რომლის მიხედვითაც, კანონდამრღვევ ბიზნესოპერატორებს უფრო მკაცრად დასჯიან.
  • არარეგისტრირებული და უხარისხო პესტიციდების გაყიდვა 2 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, განმეორების შემთხვევაში კი თანხა ორმაგდება.

გლეხების ნაწილი ამბობს, რომ პრობლემაა შხამქიმიკატების მაღალი ფასი, თუმცა უფრო მეტად მისი ხარისხი ადარდებთ. მიხელ ვარამაშვილი წინა წელს იხსენებს, როცა კონკრეტული შხამქიმიკატი გამოიყენა, მაგრამ შედეგი ვერ მიიღო, რაც აფიქრებინებს, რომ ის ფალსიფიცირებული იყო:.

„რვაჯერ ტრაქტორით მოვწამლე და ორჯერ ზურგით, მაგრამ წამალი რომ არ ვარგოდა, ნაცარი გაუჩნდა. გაამკაცრონ კონტროლის პროცესი და ყველაფერი გააკეთონ, რომ მგლეხი აღარ დაზარალდეს“.

შხამქიმიკატების უხარისხობაზე სხვა ფერმერებიც ლაპარაკობენ და შესაბამის უწყებებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. გლეხების თქმით, თუკი სახელმწიფო რეალურად გააკონტროლებს ბაზარზე არსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხს, ბევრ დარღვევას აღმოაჩენს:

„კომუნისტების დროს სულ სამჯერ ვწამლიდით ვენახს და მოდიოდა შესანიშნავი მოსავალი. ახლა ხალხმა რვაჯერ შეწამლა, მაგრამ სულ გაოხრდა ვენახი. არ ურჩევნიათ, რომ ხარისხიანი წამლები მოიტანონ?!“

სურსათის ეროვნული სააგენტო შხამქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას იწყებს. როგორც უწყების მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა გვითხრა, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან წელს 350-მდე ნიმუშის აღება აქვთ დაგეგმილი, რაც ქიმიკატების ხარიხის გაკონტროლებას გულისხმობს:

„სეზონის გააქტიურებასთან ერთად დავიწყეთ ნიმუშების აღება და მონიტორინგი. ჩვენ სარეალიზაციო ქსელის ობიექტებსაც ვუწევთ მონიტორინგს, როგორებიცაა ფერმერთა მომსახურების ცენტრები, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებელთა უფლებები. დარღვევის შემთხვევაში ტარდება შესაბამისი საჯარიმო სანქციები“.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ პესტიციდების შეძენა მოხდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და არა ღია ცის ქვეშ და სადღაც ბაზრობებზე, რადგან ამ დროს პესტიციდის ფიზიკური და ქიმიური თვისებები იკარგება...
ნიკა მესხი

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი დაინტერესებულ პირებს რჩევასაც აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რომ ხარისხიანი პროდუქტი იყიდონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ პესტიციდების შეძენა მოხდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და არა ღია ცის ქვეშ და სადღაც ბაზრობებზე, რადგან ამ დროს პესტიციდის ფიზიკური და ქიმიური თვისებები იკარგება და ვერ ავლენს იმ მთავარ დანიშნულებას, რაც უნდა ჰქონდეს თითოეულ პესტიციდს. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორ ადგილზე მოხდეს მისი შეძენა“.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში თქვეს, რომ მიმდინარე წელს შხამქიმიკატების ფალსიფიცირების კონკრეტული შემთხვევბი უკვე აღმოაჩინეს და ბიზნესოპერატორები დააჯარიმეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება,რომლის მიხედვითაც, კანონდამრღვევ ბიზნესოპერატორებს უფრო მკაცრად დასჯიან. მაგალითად, არარეგისტრირებული და უხარისხო პესტიციდების გაყიდვა 2 000- ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, განმეორების შემთხვევაში კი თანხა ორმაგდება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG