Accessibility links

6 აპრილი საქართველოში გლოვის დღეა. ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია დაშვებული. უბედური შემთხვევის მიზეზების დასადგენად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე მოკვლევას აწარმოებს ექსპერტთა ჯგუფი, რომელშიც ჯანდაცვის, ეკონომიკის, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები შედიან. პირველადი ინფორმაციით, ტრაგედია, რომელმაც 6 მეშახტის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამთო დარტყმამ გამოიწვია, თუმცა კონკრეტულად რა მოხდა შახტში, გარდაცვალებულთა ოჯახებისთვის ამ დრომდე უცნობია. გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ დაშავებულებსაც, რომელთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთი კი, თავის მძიმე ტრავმებით, ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

please wait

No media source currently available

0:00 0:03:48 0:00
Direct link
  • 2010 წლის 4 მარტს, ტყიბულის მინდელის მაღაროში აფეთქების შედეგად, 4 მაღაროელი დაიღუპა.
  • 2010 წლის 27 აგვისტოს, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 მაღაროელი დაიღუპა და 7 მძიმედ დაშავდა.
  • 2011 წელს, 6 ნოემბერს, ისევ ტყიბულში, ისევ მინდელის მაღაროში, წმენდით სანგრებში ჭერის ჩამონგრევის შედეგად, 2 მაღაროელი დაიღუპა.
  • 2011 წლის 22 იანვარს, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი მაღაროელი და ოთხი მძიმედ დაშავდა.
  • 2013 წლის 13 ოქტომბერს მინდელის შახტში, მიკროსამთო დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
  • 2015 წლის თებერვალში ტყიბულში, ქვანახშირის საბადოზე, 1 მუშა დაიღუპა.
  • 2016 წელს, ოქტომბერში, მინდელის მაღაროში 1 გარდაცვლილი მუშა იპოვეს.
  • 2017 წელს, 7 მაისს, ისევ ტყიბულში, ისევ მინდელის შახტში, 4 ადამიანი დაიღუპა, სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს ბაგირის გაწყვეტის გამო.
  • 2018 წელი, 5 აპრილი, - მინდელის მაღაროში დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მეშახტე.

რამ გამოიწვია ტრაგედია ტყიბულის მინდელის შახტში 5 აპრილის გამთენიისას და უკავშირდებოდა თუ არა უბედური შემთხვევა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას? ამ საკითხებზე კვალიფიციური, ნეიტრალური და დამოუკიდებელი დასკვნისთვის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოკვლევის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვასაც ითხოვს. შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის კი ჯერჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ კომპანიისგან ისინი დახმარების სახით, დაახლოებით, 50 000 ლარის ოდენობის ფულად კომპენსაციას მიიღებენ. „საქნახშირისა“ და ინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენლები მათ 6 აპრილს შეხვდნენ:

„დახმარება იქნება დაკრძალვაზე და იქნება დახმარებები. რომ ყოფილიყო გადამაგრებული, არ მოხდებოდა. არ იყო გადამაგრება და კამერული სისტემა რომ იყო, მიტომ დაჯდა. სამი ლავი შეერთდა და დაჯდა და გამოიწვია დარტყმა, დაამტვრია ბავშვი“;

„დავიღუპე კაცი, სხვა რა უნდა ვთქვა. უნდა გავასვენო სამშაბათს ჩემი შვილი. დაძეძგილი, დაგლეჯილი არ მაჩვენეს, გახვეულია ცელოფანში. მეტი რა ვთქვა, მეტი სათქმელი არაფერი მაქვს მე“, განაცხადეს მინდელის შახტში დაღუპული მირზა ქურციკიძისა და გიორგი ბოჭორიშვილის მამებმა.

ჩვენის აზრით, იქ არაფერი კვალი არ არის იმისი, რომ სხვა რამე იყოს, იმიტომ რომ არ აღენიშნებათ დამწვრობა გარდაცვლილებს, არ არის რაიმე ისეთი, რომ გაუმაგრებელ სივრცეში ზემოდან რამე დასცემოდათ...
გია ქარქაშაძე

5 აპრილს, გამთენიისას, შახტში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა ასევე პავლე გამეზარდაშვილი, ბესიკ გურგენიძე, ელგუჯა ბოჭორიშვილი და გოგი რაფავა. მათგან ყველაზე უმცროსი 25 წლის იყო, უფროსი კი - 59-ის. კომპანია „საქნახშირის“ ოფიციალური განმარტებით, ნახშირმომპოვებელ უბანში სამთო დარტყმამ გამოიწვია გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, ტრაგედია კი ჰაერის დარტყმითი ტალღის კაპიტალურ გვირაბში გავრცელების შედეგია. უბედური შემთხვევის ეს ვერსია 6 აპრილს კიდევ ერთხელ დაადასტურა „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გია ქარქაშაძემ:

“ჩვენის აზრით, იქ არაფერი კვალი არ არის იმისი, რომ სხვა რამე იყოს, იმიტომ რომ არ აღენიშნებათ დამწვრობა გარდაცვლილებს, არ არის რაიმე ისეთი, რომ გაუმაგრებელ სივრცეში ზემოდან რამე დასცემოდათ. ასეთი არაფერი არ არის, ეს არის ჰაერის ტალღით მიყენებული“.

ლოვის ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია
ლოვის ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისა“ და „საქნახშირის“ წარმომადგენლები, იზიარებენ რა ტრაგედიის „სამთო დარტყმით“ გამოწვევის ვერსიას, აღნიშნავენ, რომ შახტში ბიგები სათანადოდ რომ არ ყოფილიყო დამონტაჟებული, შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ინსპექტორები ამბობენ, რომ, სეისმური სამსახურის თანახმად, 5 აპრილს, გამთენიისას, სეისმური ბიძგები არ დაფიქსირებულა, ხოლო რამ გამოიწვია ჰაერის დარტყმა, შემთხვევის ადგილის შესწავლის შემდეგ გამოიკვეთება. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევას, შრომის ინსპექციის წარმომადგენელი ირაკლი იობიძე ამბობს, რომ დოკუმენტაცია გამოთხოვილია, მისი ნაწილი მიწოდებულია და ნაწილსაც მალე მიიღებენ.

ტყიბულში 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების გამოძიების შედეგებს ელოდებიან შრომის უფლებების დამცველებიც, მათ შორის „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, რომლის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ გამოძიება მნიშვნელოვანია, მაგრამ არაეფექტური, რადგან არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ, საბოლოო ჯამში, მსგავსი ტრაგედიების შემდეგ არავინ ისჯება და მათ შორის, პირველ რიგში, არ დგება საწარმოს პასუხისმგებლობის საკითხი. ლინა ღვინიანიძე, შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკური გუნდის - კერძოდ, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის - პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ თანახმად კი, „საქნახშირის“ კუთვნილ მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის სამთო-მომპოვებელ შახტებში უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა შრომის პირობების დაცვის კუთხით პრობლემები სისტემურია. შეფასება ემყარება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის 2016 და 2017 წლებში ჩატარებული შემოწმების შედეგებს.

მინდელის შახტში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ კი მიმდინარე 2018 წლის სამი თვის განმავლობაში სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაზარდა. ტყიბულის ტრაგედიისას დაღუპულთა და დაშავებულთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად, 6 აპრილს თბილისსა და ქუთაისში მსვლელობა-აქციები გაიმართა. ტრაგედიას აზერბაიჯანისა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროებიც გამოეხმაურნენ და 6 დაღუპული მეშახტის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG