Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაზე მეტი დაკავებული და ნაცემი შიდა ქართლშია


საპროტესტო აქცია გორში
საპროტესტო აქცია გორში
ორი დღეა შიდა ქართლში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და მხარდამჭერების დაკავება მიმდინარეობს. დაკავებულია 10-ზე მეტი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა უმრავლესობას სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობა და მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა ედება ბრალად. თითქმის ყველა შემთხვევაში სასამართლომ დაკავებულებს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. კოალიციის ლიდერები პოლიციის ქმედებას პოლიტიკურ ტერორს უწოდებენ და განსხვავებული აზრის მქონე პირთა დევნად აფასებენ.

გუშინ კი ქალაქში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან, „ქართული ოცნების“ 2 მხარდამჭერს დაუდგენელი ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს. ლადო სუჯაშვილი და გიორგი ხახაშვილი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ახალგაზრდებს თავის არეში მრავლობითი დაჟეჟილობა აღენიშნებათ. დაშავებულები იხსენებენ, რომ თავდამსხმელები რამდენიმე მანქანით მივიდნენ, უკნიდან მიეპარნენ და ხელკეტებით დაუწყეს ცემა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამაზ შიოშვილმა, განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში პოლიციელები მის დაკავებასაც გეგმავენ, რათა საარჩევნო პროცესს ჩამოაშორონ. კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ვახტანგაშვილი მიიჩნევს, რომ მათ მიერ გორში მოწყობილმა მრავალრიცხოვანმა აქციამ ხელისუფლებას რეპრესიებისკენ უბიძგა და 37 წლის დაბრუნება ქართლიდან დაიწყო. მისი აზრით, რეგიონში საზოგადოება უკვე გამოფხიზლდა და ცვლილებების პროცესს ვეღარაფერი შეაჩერებს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბოლო დროს მთელ საქართველოში კოალიციის აქტივისტთა დაკავების შესახებ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ხელისუფლებას მოუწოდებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება არ დაუშვას.

"საია ეხმაურება ბოლო დღეების განმავლობაში ადმინისტრაციული წესით ინტენსიური დაკავების შემთხვევებს და მიუთითებს, რომ ცალკეული პირების ვინაობა და სტატუსი, მათი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობა და, ამასთან, დაკავებისა და შემდგომ ეტაპზე, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას გამოვლენილი გარემოებები აჩენს ეჭვებს მათ მიმართ გამოყენებული ღონისძიების პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით. საია განსაკუთრებულად მიმართავს სასამართლო ხელისუფლებას და მოუწოდებს მას არ დაუშვას პირის თავისუფლების თვითნებური, დაუსაბუთებელი და უკანონო აღკვეთა და უზრუნველყოს საქმის სამართლიანი განხილვა სრული ნეიტრალიტეტის საფუძველზე", - ნათქვამია იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG