Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

 გორის საკრებულომ ოქრუაშვილის ინიცირებული 24 საკითხი ჩააგდო


გორის საკრებულოს სხდომა
გორის საკრებულოს სხდომა

გორის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ლია ჩლაჩიძემ თავიდანვე განაცხადა, რომ მისი ფრაქცია საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ინიცირებული საკითხების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა. იგივე აზრი რამდენიმე დეპუტატმაც დააფიქსირა. საკრებულოში შემოტანილი 50 საკითხიდან 24 ოქრუაშვილის ინიცირებული იყო. ეს საკითხები წინა სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ ჩააგდო, მაგრამ დღის წესრიგში ხელმეორედ დადგა.

საკრებულოს წევრები საკითხების განხილვას ხშირად გვერდს უვლიდნენ და ერთმანეთს სხვა თემებზე უპირისპირდებოდნენ, „ქართული პარტიის“ გუნდი კი ცდილობდა ისინი ოქრუაშვილის მიერ ინიცირებული საკითხების სისწორეში დაერწმუნებინა. ასეთი საკითხები იყო, მაგალითად, ეკლესიის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის ჩარიცხვა, სოციალურად დაუცველებისთვის უფასო სასადილოს მოწყობა მერიის შენობაში, საბავშვო ბაღის აშენება ერთ-ერთ უბანში, ლიფტების შეკეთება, პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობა, ქუჩების მოასფალტება, სათამაშო ბიზნესის ობიექტების ქალაქგარეთ გატანა და კიდევ მრავალი სხვა საკითხი. საკრებულოს წევრი „ქართული პარტიიდან“ ლერი ლაფაჩი მიიჩნევს, რომ მათ მიერ ინიცირებული საკითხები საზოგადოების მოთხოვნას შეესაბამება, თუმცა თავადვე ამბობს, რომ მერია პროექტების ნაწილს ისედაც ახორციელებს.

„ოქრუაშვილის პოპულიზმი“ - ასე შეაფასა საკრებულოს წევრების ნაწილმა ის 24 საკითხი, რომლებიც დღეს „ქართული პარტიის“ მიერ იყო ინიცირებული. საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის დავით რაზმაძის აზრით, საკითხების ფორმა და კანონთან შეუსაბამობა მისთვის მიუღებელია. გარდა ამისა, მისი თქმით, მერია საკითხების ნაწილს უკვე ისედაც წყვეტს, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა მას არ მიუღია.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრს დავით წეწვაძეს საკუთარი დღის წესრიგი ჰქონდა. იგი აპებში არსებულ ვითარებას, კადრების შერჩევის პროცესს, გაბერილ საშტატო ნუსხებსა და საფეხბურთო კლუბ „გორის დილაში“ არსებულ პრობლემებს შეეხო. მისი თქმით, გუნდი გაკოტრების პირასაა, მენეჯმენტი კი, ამ დროს, მაღალ ხელფასს იღებს. მისი აზრით, სასწრაფოდ უნდა გასაჯაროვდეს აუდიტის დასკვნა, რომელიც კლუბში არსებულ ვითარებას ასახავს.

საკრებულოს სხდომის 50-ე საკითხად საპროცედურო-სამანდატო კომისიის თავმჯდომარის თამარ თედლიაშვილის უნდობლობის საკითხი უნდა დასმულიყო. საკრებულოს 9 წევრმა ღიად თქვა უარი კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რაც საკითხის ჩავარდნის მიზეზი გახდა და კენჭისყრა აღარ გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG