Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გადადგა


არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადადგა. მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქტიურად ჩაერთვება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროცესებში“, თავისი გადადგომა კი „აჭარაში მმართველი გუნდის განახლებისა და შემდგომი გაძლიერების მიზნით“ ახსნა.

არჩევნებამდე სამი თვით ადრე აჭარაში მთავრობის თავმჯდომარის მოსალოდნელ გადადგომაზე ცნობები მედიაშიც ვრცელდებოდა. საინტერესოა, მოაგროვებს თუ არა „ქართულ ოცნება“ ოქტომბრის არჩევნებამდე არჩილ ხაბაძის შემცვლელის დასანიშნად საჭირო ხმებს აჭარის უმაღლეს საბჭოში.

„ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციებისა და მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ დავტოვო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და ახალ ამპლუაში განვაგრძო ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში ყოფნა“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, პრესკონფერენციაზე. - „პოსტის დატოვების შემდეგ აქტიურად ჩავერთვები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროცესებში… მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას გამოცხადებული ნდობისათვის. წარმატებას ვუსურვებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალ თავმჯდომარეს“.

არჩილ ხაბაძემ 3 წელი და 8 თვე იმუშავა აჭარის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე. მანამდე იგი „ქართუ ბანკის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი იყო. კონსტიტუციის თანახმად, ახლა მისი შემცვლელი პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს მას შემდეგ, რაც კონსულტაციებს გაივლის აჭარის უზენაესი საბჭოს პოლიტიკურ სუბიექტებთან და რაც გაირკვევა, რომ წარდგენილ კანდიდატურას ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა აქვს.

ამ საკითხთან დაკავშირებით წარიმართა ჩვენს გუნდში კონსულტაციები და სწორედ ამ კონსულტაციების საფუძველზე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება ბატონი არჩილის მომავალ პოზიციას, ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები...
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, არსებობს საერთო კონსენსუსის გზით გამოვლენილი კანდიდატურა. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თამამად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს დიპლომატი ზურაბ პატარაძე, რომელიც ამ დრომდე ყაზახეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩია. სხვადასხვა დროს იგი კერძო საფინანსო ორგანიზაციაში მუშაობდა. ირაკლი კობახიძე ჯერ არ აკონკრეტებს, თუ სად ხედავს პარტია აჭარის მთავრობის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის, ადგილს:

„ამ საკითხთან დაკავშირებით წარიმართა ჩვენს გუნდში კონსულტაციები და სწორედ ამ კონსულტაციების საფუძველზე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება ბატონი არჩილის მომავალ პოზიციას, ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები. ის რჩება ჩვენს გუნდში, როგორც თავადვე განაცხადა, და ის დაიკავებს მისი დღევანდელი თანამდებობის ადეკვატურ პოზიციას“.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ალექსანდრე ჩიტიშვილი, ამბობს, რომ ზურაბ პატარაძეს უკვე შეხვდნენ და მას საბჭოსგან საკმარისი მხარდაჭერა ექნება, თუმცა აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“ უმაღლეს საბჭოში უმრავლესობას არ ფლობს:

„რაც შეეხება ბატონი ზურაბ პატარაძის არჩევას, ჩვენ უკვე შევხვდით მას, ვესაუბრეთ. ველოდებით პრეზიდენტისგან წარდგენას. როგორც კი ეს წარდგენა მოხდება, შეხვდება პრეზიდენტი ფრაქციებს, გაესაუბრება და ჩვენ გვაქვს ხმების იმდენი რაოდენობა, რომ ბატონი ზურაბი ავირჩიოთ თავმჯდომარედ“.

არჩილ ხაბაძის გადადგომას „ქართული ოცნების“ ერთი წლით დაგვიანებულ პოლიტიკურ ნაბიჯად და წინასაარჩევნო სვლად მიიჩნევს პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი, თუმცა არ ფიქრობს, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ბათუმში რამდენიმე დღით ადრე აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, ლევან ვარშალომიძის, დაბრუნებასთან, ვარშალომიძისა, რომელმაც საარჩევნო კამპანია დაიწყო. ლევან ალაფიშვილის აზრით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გამოავლენს, ჯერ ერთი, იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა პრეზიდენტი და, მეორე, ხომ არ აღმოჩნდება თავად პარტია წინასაარჩევნო პერიოდში კურიოზულ სიტუაციაში, ვინაიდან, თუ პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა კანდიდატურამ უმაღლეს საბჭოში ორჯერ ვერ მოიპოვა მხარდაჭერა, პრეზიდენტს უფლება ექნება საბჭო დაითხოვოს და უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.

როცა ის დაინიშნა, ის არ განიხილებოდა ჩვენი მხრიდან მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, ის განიხილებოდა მთავრობის შემადგენლობაში, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა იმ რამდენიმე ალტერნატივას შორის არჩევანი გააკეთა ბატონ ხაბაძეზე...
მურმან დუმბაძე

„იმ პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, რაც უმაღლეს საბჭოშია, მე ვფიქრობ, არ იქნება ადვილი პროცესი, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის ახალი მეთაურის დამტკიცებას სჭირდება უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა და მყარი უმრავლესობა არც ერთ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს და სწორედ ახლა წარმოჩნდება ისიც, რომ ჩვენი პრეზიდენტი სულაც არ არის ნომინალური ფიგურა, - ნომინალური კი არა, წამყვანი ფიგურაა“.

სწორედ ის, რომ აჭარის მთავრობის მეთაური ცენტრალური ხელისუფლებიდან ინიშნება, განსაკუთრებით არ მოსწონს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, აჭარის წარმომადგენელ მურმან დუმბაძეს. ის შეფასებას აძლევს მთავრობის ყოფილი მეთაურის საქმიანობასაც:

„როცა ის დაინიშნა, ის არ განიხილებოდა ჩვენი მხრიდან მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, ის განიხილებოდა მთავრობის შემადგენლობაში, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა იმ რამდენიმე ალტერნატივას შორის არჩევანი გააკეთა ბატონ ხაბაძეზე. ჩვენც ამ სამ-ნახევარი წლის განმავლობაში მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ და დასრულდა იმით, რომ ეს კაცი გადააყენეს. არავითარ შემთხვევაში თავისით არ გადამდგარა, ისევე როგორც თავისით არ მოსულა ამ თანამდებობაზე. სამწუხაროდ, დედაქალაქი განსაზღვრავს, ვინ იქნება რეგიონში პირველი პოლიტიკური პირი“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი ხაბაძის გადადგომაში რეგიონისთვის სასარგებლოს ვერაფერს ხედავს. მისი შეფასებით, ეს უფრო შიდაპარტიული გადაწყვეტილებაა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG