Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის წასვლა პოსტიდან და საქართველოს ინტერესები


ჰერბერტ ზალბერი
ჰერბერტ ზალბერი

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოსტს ტოვებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერი. მის სახელს უკავშირდება მაისის სკანდალი, როდესაც ცხინვალში მყოფმა გერმანელმა დიპლომატმა გაპრეზიდენტება მიულოცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს. ეს ფაქტი თბილისში მწვავედ გააპროტესტეს და ბრიუსელის წარმომადგენლებს მოუხდათ არაერთგზის იმის გამეორება, რომ ევროკავშირის პოზიცია მტკიცე და უცვლელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. არ კონკრეტდება, უკავშირდება თუ არა ამ ფაქტს ჰერბერტ ზალბერის პოსტიდან წასვლა, მაგრამ ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს სწორედ ასეა. აქცენტი კეთდება რუსეთის ზეგავლენებზე საერთაშორისო დიპლომატიაში.

ჰერბერტ ზალბერის განზრახვის შესახებ ინფორმაციას ფლობს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და, როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, გერმანელმა დიპლომატმა ეს განზრახვა 21-22 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-40 რაუნდის ფარგლებშიც გაახმაურა. მიზეზები ჯერ არ დაზუსტებულა, მაგრამ ვარაუდები უკვე არსებობს:

არ ვიცი, კონკრეტულად რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი, მაგრამ კარგია, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და ჩამოშორდება ამ პოსტს...
თამარ ხულორდავა

„ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. თუ რამ განაპირობა მის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება, ამაზე შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ. მე მაინც დავუკავშირებდი ამ ფაქტს იმ მოვლენებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ განვითარდა საქართველოში და რამაც ქართული საზოგადოების, ჩემი აზრით, ძალიან სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. არ ვიცი, კონკრეტულად რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი, მაგრამ კარგია, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და ჩამოშორდება ამ პოსტს“.

ხმაურიანი მოვლენები, რაზეც თამარ ხულორდავა ლაპარაკობს, მაისში განვითარდა. 16 მაისს ცხინვალში, როდესაც ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები მორიგი რაუნდისთვის მზადების პროცესში ანატოლი ბიბილოვსაც ხვდებოდნენ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა მთავარი საკითხების განხილვამდე საჭიროდ ჩათვალა, რომ მისთვის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიელოცა:

„პირველ რიგში, მსურს მოგილოცოთ იმ არჩევნების შედეგები, რომლებიც აქ ახლახან გაიმართა და მოგილოცოთ, რომ დაიკავეთ ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა, რომელიც თქვენ ახლა გაქვთ“.

ჰერბერტ ზალბერის ამ სიტყვებს კმაყოფილებით აღსავსე გამოხმაურება მოჰყვა დე ფაქტო რესპუბლიკის ადგილობრივ მედიაში, რადგანაც ბიბილოვისთვის გაპრეზიდენტების მილოცვა აღქმულ იქნა 9 აპრილს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებად და, შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობის ხაზგასმად.

ზალბერის განცხადებამ თბილისში დიდი აღშფოთება გამოიწვია და საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ დაიბარეს ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, რომელიც უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე ერთგულება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იმ და მომდევნო დღეებშიც არაერთხელ გააკეთეს განცხადებები იმის შესახებ, რომ ზალბერის სვლა წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან და ხელს არ უწყობს არც საქართველოს და არც საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის. გამოითქვა იმედი, რომ ფაქტს მოჰყვებოდა ადეკვატური რეაგირება ბრიუსელის მხრიდან.

მართალია, საგარეო საქმეთა სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, თუ რა იგულისხმებოდა ბრიუსელის ადეკვატურ რეაგირებაში - გაფრთხილება თუ, ვთქვათ, გერმანელი დიპლომატის გაწვევა ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარის პოსტიდან, მაგრამ ჰერბერტ ზალბერის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადება იმ პერიოდში ბევრმა მოითხოვა და მათ შორის, მაგალითად, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმაც.

მე ვფიქრობ, რომ ზალბერიც შეიძლება სწორედ, აი, ამ საერთო კონტექსტში განვიხილოთ, როგორც რუსეთის ზეწოლის ერთ-ერთი „მსხვერპლი“. ამიტომაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ზალბერის ამ პოზიციის თუ განცხადების გამო ის დღეს სერიოზული სანქციების ქვეშ მოექცა...
ხათუნა ლაგაზიძე

19 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადდა თავად ჰერბერტ ზალბერიც. გერმანელმა დიპლომატმა პირდაპირი პასუხი არ გასცა მედიის შეკითხვას, თუ რატომ მიულოცა გაპრეზიდენტება ცხინვალის ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს, ზოგად განცხადებაში კი მან მხოლოდ ევროკავშირის უცვლელი პოზიცია ჩამოაყალიბა. კერძოდ, თქვა, რომ „ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, „ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ჩატარებული არჩევნების ჩარჩოებს“ და რომ „ევროკავშირს აქვს პასუხისმგებლობა ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას“.

მართალია, ამ დღის შემდეგ ბიბილოვთან დაკავშირებულ სკანდალს განსაკუთრებული გაგრძელება აღარ მოჰყოლია, მაგრამ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე დარწმუნებულია, რომ ჰერბერტ ზალბერის მიერ პოსტის დატოვების ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი, მთავარი მიზეზი სწორედ ამ ამბავს უკავშირდება:

„ის, რომ ევროპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაში რუსეთი ცდილობს სერიოზული განხეთქილების შეტანას და ამისთვის მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს იყენებს, იქნება ეს პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის ნაწილის მოსყიდვები, მათი მართვა რუსეთის ხელთ არსებული კომპრომატების მეშვეობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... მე ვფიქრობ, რომ ზალბერიც შეიძლება სწორედ, აი, ამ საერთო კონტექსტში განვიხილოთ, როგორც რუსეთის ზეწოლის ერთ-ერთი „მსხვერპლი“. ამიტომაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ზალბერის ამ პოზიციის თუ განცხადების გამო ის დღეს სერიოზული სანქციების ქვეშ მოექცა“.

ჰერბერტ ზალბერი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარის პოსტს 2014 წლის ზაფხულიდან იკავებს. წინასწარი ინფორმაციით, ამ პოსტს ის აგვისტოდან დატოვებს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ ვინ ჩაანაცვლებს მას, თუმცა ხათუნა ლაგაზიძე, მცოცავი ოკუპაციის პირობებში, სასიცოცხლო აუცილებლობად მიიჩნევს, რომ ახალი კანდიდატურა იყოს თავისუფალი კრემლის ზეგავლენებისგან და რომ მან უფრო მკაფიოდ გამოხატოს ევროკავშირის პოზიცია საქართველოს ოკუპაციის პრობლემასთან მიმართებით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG