Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კავკასია უფლებების დასაცავად ერთიანდება


თბილისში სამხრეთ კავკასიის უფლებადაცვითი ფედერაციის პრეზენტაცია გაიმართა. ფედერაციის შექმნის ინიციატორები არიან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის უფლებადამცველები. როგორც ისინი აღნიშნავენ, მათი მუშაობის მთავარ მიზანს ე.წ. პოლიტპატიმართა დაცვა და ადამიანის უფლებათა დაცვის პირობების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის რეკომენდაციების შემუშავება იქნება. აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად შეიქმნება თანადგომის ფონდიც.

სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველთა ფედერაცია ამ დროისათვის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ცხრა უფლებადამცველს აერთიანებს. ახლად შექმნილი ფედერაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის წევრთა რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს და ისინი აქცენტს მუშაობის ხარისხზე აკეთებენ. როგორც ახლად შექმნილი ფედერაციის განცხადებაშია მითითებული, გაერთიანების მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესწავლა და შეფასება, უფლებადამცველების მუშაობაში ხელისშემშლელი მიზეზების გამოვლენა, წამებისა და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი ფედერაციის ერთ-ერთი წევრია. როგორც ის გვიხსნის, გარდა ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვისა, ფედერაცია ორიენტირებული იქნება ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხებზე. მისი თქმით, ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია 2001 წელს ევროპის საბჭოს მიერ სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის მიღებული ”პოლიტიკური პატიმრის” განსაზღვრების გავრცელება საქართველოზეც და ამ მიმართულებით პოლიტიკური პატიმრების საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური მომხსენებლის კრისტოფერ შტრესერის გააქტიურების მიღწევა.

ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 100-დან 140-მდე მერყეობს პოლიტპატიმართა რიცხვი საქართველოში. თუმცა საქართველოში მათი რიცხვი უკანასკნელ დროს ყოველდღურად იზრდება ...
ნანა კაკაბაძე

”კრისტოფერ შტრესერს შარშან მიენიჭა უფლებამოსილება, რომ რეგიონებისთვის პოლიტპატიმრის დეფინიცია შეიმუშაოს და ჩვენ გვინდა, რომ მის არეალში საქართველოც მოექცეს. სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში ისე ჩანს, თითქოს საქართველოში ყველაფერი რიგზეა, თითქოს საქართველოში რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს, თითქოს აქ არ ირღვევა ადამიანის უფლებები და ჩვენთან არ არსებობენ პოლიტპატიმრები. არადა, თუ დავუკვირდებით, შესაძლოა საქართველოში გაცილებით მეტი პრობლემები არსებობდეს ამ მიმართულებით, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენ ამ ყველაფრის გამოაშკარავება გვინდა და გვინდა, რომ ეს პრობლემა საერთაშორისო დონეზე იქცეს მსჯელობის საგნად”, - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.

უფლებადამცველებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ შეცვალეს საქართველოში არსებული ე.წ. პოლიტპატიმართა სავარაუდო რიცხვი. უკანასკნელ დრომდე მათი რიცხვი დაახლოებით 50-ს აღწევდა. მაგალითად, 2009 წლის მიწურულს უფლებადამცველებმა და არასაპარლამენტო ოპოზიციამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პოლიტპატიმართა 50 კაციანი სია გადასცეს. თუმცა სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველთა ფედერაციის კიდევ ერთი წევრის, უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის მიერ დასახელებული რიცხვი, რომელიც ე.წ. პოლიტპატიმართა სავარაუდო რაოდენობას ასახავს, გაცილებით დიდია.

”ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 100-დან 140-მდე მერყეობს პოლიტპატიმართა რიცხვი საქართველოში. თუმცა საქართველოში მათი რიცხვი უკანასკნელ დროს ყოველდღურად იზრდება. ჩვენ გვინდა, რომ ამ ადამიანებმა საერთაშორისო დონეზე მოახერხონ მხარდაჭერის მოპოვება”, - ამბობს ნანა კაკაბაძე.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, როდესაც ადამიანები, იმის გამო, რომ არიან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, უფრო მკაცრ სასჯელს იღებენ ხოლმე ...
უჩა ნანუაშვილი

საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი ჯერ კიდევ 2009 წლის შემოდგომაზე აღიარა ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ”. მათ ანგარიშში მაშინ სულ რვა პოლიტპატიმრის საქმე მოხვდა. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე მიუთითებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 2011 წლის ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ, ეყრდნობა რა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ე.წ. პოლიტპატიმართა არსებობის თაობაზე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მტკიცედ უარყოფენ ქვეყანაში ე.წ. პოლიტპატიმართა არსებობას და ამ ტერმინს უკვე წლებია ან პოლიტიკური გაზვიადების თემად ან აბსურდად მოიხსენიებენ.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი იმ კრიტერიუმების შესახებ, რომლებიც ადგილობრივი უფლებადამცველების მნიშვნელოვანმა ნაწილმა პოლიტპატიმრის სტატუსის განსაზღვრებასთან დაკავშირებით შეიმუშავა. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ამბობს, პოლიტპატიმრის რამდენიმე დეფინიცია არსებობს, მათ შორის, ევროსაბჭოს და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ”ამნესტი ინტერნეიშნალ”-ის მიერ აღიარებული. ქართველმა უფლებადამცველებმა კი, ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, პოლიტპატიმრის სტატუსის მისანიჭებლად საკუთარი კრიტერიუმები ჩამოაყალიბეს. უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში სწორედ ერთ-ერთ კრიტერიუმზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ, ამ კრიტერიუმების მიხედვით, შესაძლოა საქართველოში 100-მდე პოლიტპატიმარი არსებობდეს:

”პირველ რიგში, ეს ადამიანი უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური. საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, როდესაც ადამიანები, იმის გამო, რომ არიან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, უფრო მკაცრ სასჯელს იღებენ ხოლმე, ვიდრე ეს ჩვეულებრივ შემთხვევაში შეიძლებოდა მომხდარიყო.”

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის უფლებადაცვითი ფედერაციის პირველ აქტივობას, როგორც ფედერაციის წარმომადგენლები ამბობენ, მათ უკვე გააგზავნეს მიმართვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ მომხსენებელთან კრისტოფერ შტრესერთან, რათა შეისწავლოს საქართველოში არსებული რეალობა და, მათი თქმით, აღიაროს საქართველოში პოლიტპატიმართა არსებობა.
XS
SM
MD
LG