Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იეზიდები და სინჯარის მთებში დატრიალებული ტრაგედია


3 აგვისტოს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე „საერთაშორისო ტერორიზმი და მისი გეოპოლიტიკური გამოვლინებები 21-ე საუკუნეში“. კონფერენციაზე 2014 წლის მოვლენები გაიხსენეს, როდესაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ ეთნიკურ უმცირესობა იეზიდებზე მიიტანა იერიში. ასევე გამოფენილი იყო იეზიდების წინააღმდეგ მოწყობილი ეთნიკური წმენდის ამსახველი დოკუმენტური ფოტოები.

გადმოწერა

2014 წლის 3 აგვისტოს ერაყის ჩრდილოეთით, სინჯარის ოლქში, „ისლამურმა სახელმწიფომ“ იერიში მიიტანა ადგილობრივ იეზიდებზე. დაახლოებით, 50 ათასმა ადამიანმა თავი მთებს შეაფარა. იეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარი საქართველოში დმიტრი ფირბანი ამბობს, რომ იეზიდები 15 დღის განმავლობაში მიდიოდნენ ხრიოკ მთებში, პაპანაქება მზის ქვეშ, არ ჰქონდათ არც საჭმელი, არც წყალი, რის გამოც ბევრი მათგანი გარდაიცვალა. მისივე თქმით, 15 დღის შემდეგ ამერიკულმა ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებზე ავიაიერიში მიიტანა, თუმცა ამ დროისთვის იეზიდებს შორის უკვე დიდი მსხვერპლი იყო:

„ძალიან ბევრი დაიხოცა. ოთხი ათასამდე ქალი, გოგო გაიტაცეს და სექსმონებად აქციეს რაყას და მოსულის მონათა ბაზრებში. დღემდე ორი ათასამდე გოგო მათ ხელშია. ვაჭრობდნენ ბავშვებით, გოგონებით. ამას უყურებდა მთელი ცივილიზებული სამყარო და ვერავინ გაუწია დახმარება ამ ხალხს“.

ნაწყვეტი „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ანგარიშიდან:

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმასინჯარის სოფლები გადააქციეს სისხლით გაჟღენთილ მიწად, თავიანთი სასტიკი კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს არაარაბი და არასუნიტი მოსახლეობის საბოლოო გაჟლეტას.

ხალხი ყველა ტრიბუნიდან დახმარებას ითხოვდა, დიქტორები კი პირდაპირ ეთერში ტიროდნენ.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია განმარტავს, რომ იეზიდური თემი უძველესი დროიდან ცხოვრობდა მესოპოტამიაში. მათი ეროვნული იდენტობა რელიგიაზე არის აგებული. იეზიდების რელიგია უხსოვარი დროიდან მოდის, ხოლო თვითონ სიტყვა „იეზიდი“ ღვთის მიმდევარს ნიშნავს. ისინი მონოთეისტები არიან. იეზიდები აღიარებენ ყველა სხვა რელიგიასაც. ვახტანგ მაისაიას თქმით, იეზიდებმა რამდენიმეჯერ გადაიტანაეს დევნა - 1835, 1915 და, ბოლოს, 2014 წელს:

„გაჩნდა ისეთი ტერმინები, რომელიც უკავშირდება ასიმეტრიული, გლობალური საფრთხეების დონეს, ანუ ეს არის ტერმინი იდეოსინკრეტიზმი - ახალი საშუალებების გამოყენება შეიარაღებული ბრძოლის ახალი ან ძველი ხერხების სახით, რაც განხოციელდა 11 სექტემბრის მოვლენების დროს და ახალი ტერორიზმი, რაც გულისხმობს ხალხის მასობრივ განადგურებას ტერორისტული აქტების მეშვეობით, ძირითადად რელიგიური და იდეოლოგიური მიუღებლობის საფუძველზე. აქ გამოიკვეთა იეზიდების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნოციდი, ანუ 21-ე საუკუნის გენოციდის კონკრეტული ფაქტი“.

დმიტრი ფირბანი ამბობს, რომ იეზიდებს არც 2014 წლამდე ულხინდათ, ხოლო 3 აგვისტოს, როდესაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ იეზიდებზე იერიში მიიტანა, მათ არავინ დახმარებია:

„იეზიდები მშვიდობიანი ხალხია. ჩვენ არავის ვერჩით. ყოველდღე ვლოცულობთ, რომ ღმერთმა მოწყალების თვალით გადახედოს ყველა ხალხს. ჩვენ მიზნად არ გვაქვს დასახული ვინმეს მოქცევა ჩვენს რელიგიაზე. ჩვენი რელიგია ეთნორელიგიურია, ანუ იეზიდად უნდა დაიბადო. ჩვენმა წინაპრებმა გვასწავლეს, რომ სამყარო არის მრავალფეროვანი და ყოველი რელიგია, იქნება ეს ისლამი, ქრისტიანობა თუ სხვა, ამ მრავალფეროვანი სამყაროს ფერებია. ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის, მაგრამ ჩვენ ძალიან ცუდად გვექცევიან ისტორიის მანძილზე - ცდილობენ წაგვართვან ის, რაც დაგვრჩენია. ჩვენ არასოდეს არ გვქონია პოლიტიკური ამბიციები, არასოდეს მოგვითხოვია სახელმწიფო“...

ჩართულობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი ამბობს:

„რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული მექანიზმი პირველივე დღეებში ჩაერთო, მათ შორის გაეროს შესაბამისი უწყების და რეზოლუციების საფუძველზე გაიხსნა რამდენიმე ბანაკი. თურქეთი იყო ძალიან აქტიური, თავის სასაზღვრო ნაწილში (ქურთისტანის საზღვართან) ძალიან დიდი რაოდენობის ლტოლვილები მიიღო“.

მაშინ იეზიდი ლტოლვილები საქართველომაც მიიღო, ასევე დიდი რაოდენობით მიიღეს ლტოლვილები გერმანიამ და კანადამ, თუმცა ნაწილი დღემდე ბანაკებში რჩება.

ტერორიზმი საქართველოს მხოლოდ ლტოლვილების კუთხით არ შეხებია. ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი ვასილ პაპავა მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ 2011 წლიდან არაერთი ახალგაზრდა წავიდა საქართველოდან სირიაში და სხვადასხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს შეუერთდა. ამ ბრძოლებში ოცდაათამდე საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

„სავსებით შესაძლებელია, რომ როდესაც ეს კონფლიქტი მიუახლოვდება თავის ფინალურ ფაზას (ჩვენ ვხედავთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ თმობს თავის პოზიციებს როგორც ერაყში, ასევე სირიაში), მათ, უბრალოდ, არ დარჩებათ სხვა გზა: ან, უბრალოდ, უნდა ჩაბარდნენ ტყვედ, ან დაიღუპონ ბრძოლის ველზე, ან უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში. თუ გადავხედავთ ევროპას, ის მრავალი ტერორისტული აქტი, რომელიც განხორციელდა ევროპაში, სწორედ იმ ტერორისტებთან იყო კავშირში, რომლებიც ლტოლვილთა ნაკადთან ერთად შეიპარნენ ევროპაში“.

აღმოსავლეთმცოდნე სიმონ გურეშიძე კი ამბობს, მართალია „ისლამური სახელმწიფოს“ ძალები შესუსტდა, მაგრამ აღმოსავლეთი მაინც ცეცხლის ალშია გახვეულიო:

„როგორც ცნობილია, კოალიციურმა ძალებმა სამხედრო-ტაქტიკური თვალსაზრისით დიდ წარმატებას მიაღწიეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, მაგრამ რჩება მთელი რიგი გამოწვევები, კერძოდ, ის ფინანსური არხები და სხვა საფრთხეები, რომელიც ამ დაჯგუფებას ხელს უწყობს ჰიბრიდული ომი აწარმოოს“.

როგორც კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, იეზიდები დღემდე საფრთხის ქვეშ არიან - დღემდე იტაცებენ და ყიდიან მოზარდებს, ხოლო ათასობით ადამიანი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG