Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IMF-მა საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის დამტკიცება გადადო - რას ნიშნავს ეს


საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკებები გრძელდება
საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკებები გრძელდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF-მა) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო“.

მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement) საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ. სამწლიანი პროგრამა 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა - სესხის სახით. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი უკვე ათვისებულია.

2023 წლის მაისში გაიმართა მოლაპარაკებები მეორე ტრანშის გამოყოფის შესახებ. ამ მოლაპარაკებებისას საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდის მისია მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ, - ტექნიკურ დონეზე.

საბოლოო გადაწყვეტილება IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს უნდა მიეღო ივნისში.

თუმცა მსოფლიოს წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ, Fitch Ratings-მა, 14 ივლისს, ბოლო ანგარიშში დაწერა, რომ „როგორც ჩანს, მეორე მიმოხილვის დასრულება გადაიდო“.

ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე გამოცემა BMG წერს, რომ სავალუტო ფონდში დაუდასტურეს, „მიმოხილვა გადაიდო და მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებიათ.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სავალუტო ფონდს, თუმცა IMF-ში ამ ეტაპზე კომენტარი არ გააკეთეს.

საქართველოს ეროვნულ ბანკში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ:

  • „პროგრამა არ შეწყვეტილა“;
  • „სავალუტო ფონდის ბორდზე პროგრამის მიმოხილვის წარდგენა გადაიდო“;
  • „თანამშრომლობა სავალუტო ფონდთან გრძელდება და ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან“.
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი

და რას ნიშნავს ეს?

ის რომ სავალუტო ფონდმა „გადადო სავალუტო ფონდის ბორდზე პროგრამის მიმოხილვის წარდგენა“, უკვე უჩვეულოა.

„[ჯერჯერობით მხოლოდ] გადავადება კი მოხდა, მაგრამ თუ არაფერი შეიცვალა, შესაძლოა, მოჰყვეს შეჩერება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკონომისტი აკაკი ცომაია და განმარტავს:

„თუ ეროვნული ბანკის მოქმედმა ხელმძღვანელობამ და ხელისუფლებამ დაუსაბუთეს სავალუტო ფონდს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები არ აყენებს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ, ცხადია, რომ შესაძლოა, გადავადების გადაწყვეტილება შემობრუნდეს. მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია. ფაქტია, ახლა გადავადებულია, ხოლო მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ როდესაც არ იცვლება არაფერი, გადავადების შემდგომი ნაბიჯი გახლავთ შეჩერება“.

დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სესხად გამოეყოფოდა 40 მლნ აშშ დოლარი. ეროვნული ბანკი მაისში აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობა არ გეგმავდა IMF-ის გამოყოფილი თანხის სესხად აღებას.

ამის მიუხედავად, ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ IMF-ის გადაწყვეტილება პროგრამის შეჩერების შესახებ:

  • დააზიანებდა ქვეყნის რეპუტაციასა და საინვესტიციო გარემოს და
  • უარყოფითი სიგნალი იქნებოდა მსოფლიო ბანკისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის, აზიის განვითარების ბანკისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებისთვის.

„ამ ყველაფერმა შეიძლება მოახდინოს გავლენა მათ გადაწყვეტილებებზე და, საბოლოოდ, დაგვაყენოს იმ რეალობის წინაშე, რომ საქართველოს საერთაშორისო რეიტინგი გადაიხედოს, რაც დღეს BB დონეზეა და შემცირდეს BB მინუსამდე“, - შიშობს ეკონომისტი აკაკი ცომაია.

ეკონომისტი აკაკი ცომაია
ეკონომისტი აკაკი ცომაია

Fitch-ის საინვესტიციო რეიტინგები აჩვენებს, თუ რამდენად სანდო და სტაბილურია ქვეყნის საინვესტიციო გარემო. რაც უფრო დაბალია ეს რეიტინგი, მით უფრო ნაკლებად მიმზიდველია ინვესტორებისათვის, - და საინვესტიციო რეიტინგები ამ აზრით ერთგვარი გზამკვლევია.

BB რეიტინგი ისედაც ითვლება „არასაინვესტიციოდ“. BB რეიტინგის მქონე საინვესტიციო კლიმატი ასე განისაზღვრება: „უფრო მეტად ინარჩუნებს სიმყარეს ეკონომიკაში ცვლილებებთან მიმართებით“.

FITCH-ის ბოლო შეფასებებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB ნიშნულზეა; ამასთან, „სტაბილური“ პერსპექტივა, რაც წინა წლებში ჰქონდა, იანვრიდან „პოზიტიურამდე“ აქვს გაუმჯობესებული.

რა არის მიზეზი?

Fitch-ის ინფორმაციით, სავალუტო ფონდის მიერ „შეფასების გადადების“ მიზეზი „ნაწილობრივ არის საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებზე უთანხმოება“.

სებ-ის გარშემო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოვლენები ასე განვითარდა:

  • ბოლო პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილებას ვადა 2 მარტს გაუვიდა და ახალი პრეზიდენტი ოთხი თვის შემდეგაც არ აურჩევიათ.
  • მთავრობა არ ენდობოდა მის დროებით შემცვლელს, ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილს, - რომელსაც IMF-ი, თავის მხრივ, საქმიანობას უწონებდა.
  • „ქართული ოცნების“ ინიციატივით ეროვნული ბანკის კანონში შესული ცვლილებებით, მესტვირიშვილი ჩამოშორდებოდა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას და პოსტს გადაულოცავდა „პირველ ვიცე-პრეზიდენტს“.
  • პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო.
  • „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 13 ივნისს დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო და ეს გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) მოწოდების მიუხედავად.
  • ვეტოს დაძლევის შემდეგ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ მესტვირიშვილი დროებითი მმართველის პოზიციიდან ჩამოაშორეს.
  • ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პირველ ვიცე-პრეზიდენტად არჩეული ნათია თურნავა, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი.
ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

არის კითხვები ეროვნული ბანკის საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებითაც. კერძოდ:

  • საბჭოში, რომელსაც 9 წევრი უნდა აკომპლექტებდეს, ახლა 7 წევრი რჩება, დეკემბრიდან კი - 5. ასარჩევია ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტიც.
  • 26 ივნისს პარლამენტმა ჩააგდო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატები, რომელთაც თავადვე აფასებდა კვალიფიციურად.
  • ამ ნაბიჯის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოში კვლავ შენარჩუნდა აღმასრულებელი წევრების უმრავლესობა, - რასაც ასევე უარყოფითად აფასებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
XS
SM
MD
LG