Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფლაცია საქართველოში


2015 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის მაისის მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის დონე 3,5 პროცენტით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 3,9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,19 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მატება ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (27,1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (9,1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (8,3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5,9 პროცენტი), თევზეული (4,5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4,0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1,6 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფასები გაიზარდა 6,6 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,64 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა.

ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (13,1 პროცენტი), ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (4,9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (3,7 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 11,9 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,62 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (13,4 პროცენტი), ასევე თამბაქოს ნაწარმზე (10,4 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 3,2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,38 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების კლება საწვავ-საპოხ მასალებზე (-9,9 პროცენტი).

როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, ინფლაციის დონის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება, ძირითადად, საწვავისა და, აქედან გამომდინარე, სატრანსპორტო ხარჯების შემცირების გამო მოხერხდა. ძალზე საგრძნობია ფასების ზრდა ხილსა და ყურძენზე, ასევე ჯანდაცვის მომსახურებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფასის ზრდა დიდია ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, ცხადია, აღქმის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მტკივნეული მაინც ზემოთ ნახსენები ორი სფეროა, განსაკუთრებით კი ჯანდაცვა.

ძნელია პროგნოზირება, მოხერხდება თუ არა ინფლაციის ამ დონეზე შენარჩუნება მომავალშიც, მაშინ, როცა საქართველოს ბაზარზე, ლარის კურსიდან გამომდინარე, საწვავის ფასებმა ზრდა უკვე დაიწყო და მსოფლიო ბაზარზეც ანალოგიური ტენდენციაა. ​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG