Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური კრიზისი ჩეხეთსაც მიუახლოვდა


7 მაისს საფრანგეთში პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნები ტარდება. გაირკვევა, ვინ აღმოჩნდება გამარჯვებული - ევროპული კურსის მომხრე პოლიტიკოსი, ცენტრისტი მანუელ მაკრონი თუ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი. მიმდინარე კვირის დასავლეთის მედიის ყურადღება სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებისკენაა მიმართული, თუმცა არანაკლებ საინტერესოა, როგორ გაგრძელდება და დასრულდება პოლიტიკური კრიზისი ჩეხეთის რესპუბლიკაში.

ფრანგული მემარცხენე ყაიდის „მონდი“ მკითხველებს შეახსენებს, რომ საფრანგეთში ნამდვილი ძალაუფლება პარლამენტის ხელშია. საფრანგეთის მემარცხენე და სოციალისტურმა ელექტორატმა ჯერ უნდა აირჩიოს მაკრონი და შემდეგ იბრძოლოს პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებისათვის. „საფრანგეთის უმრავლესობით არჩეული მაკრონი, რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდება, მაგრამ საფრანგეთს ის ვერ უხელმძღვანელებს. ეს იქნება იმ მთავრობის როლი, რომელიც ნაციონალურ ასამბლეაში უმრავლესობას მოიპოვებს. შედეგად, ძალაუფლების კონცენტრაცია სწორედ ნაციონალურ ასამბლეაში უნდა მოხდეს, სადაც ყველა პარტია იქნება წარმოდგენილი. სწორედ იქ უნდა აღდგეს ძალაუფლების ბალანსი და წარსულს ჩაბარდება მეხუთე რესპუბლიკის „პრეზიდენტიალისტური „ინტერპრეტაციები, რასაც საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა უპირისპირდება,“ - წერს საფრანგეთის წამყვანი გაზეთი „მონდი“ .

გერმანული ლიბერალ-კონსერვატიული „ტაგესშპიგელიც“ მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟი, რადგან მაკრონის სავარაუდო გამარჯვებით პრეზიდენტის არჩევნებში ვერ მოგვარდება ის მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც ევროპა და მთელი დასავლეთი დგას. ესაა დაპირისპირება განათლებულ, მაღალშემოსავლიან და გლობალიზაციის მომხრე კლასსა და იმიგრაციის მიმართ მტრულად განწყობილ, კერძო საკუთრების ტრადიციული ფორმებისა და ნაციონალიზმისკენ დაბრუნების მსურველ ელექტორატს შორის. „ამდენად, ჩვენ არ უნდა გაგვიტაცოს მაკრონის პოტენციური გამარჯვების ლიბერალურმა ტრიუმფალიზმმა. დამარცხებული მხარე ამას მიიღებს, როგორც კიდევ ერთ შეურაცხყოფას ქედმაღალი ელიტისაგან, რაც გააღრმავებს სოციალურ განხეთქილებას. ამ სენისაგან ჩვენი გათავისუფლება არც მაკრონს და არც მერკელს არ შეუძლია“, - წერს გერმანული ლიბერალ-კონსერვატიული გამოცემა „ტაგესშპიგელი“.

თავშეკავებულია ჟურნალ „ეკონომისტის“ პროგნოზი, რომლის თანახმად, ნაადრევია მაკრონის სავარაუდო გამარჯვების ზეიმი, რადგან მის მიერ დაარსებული პარტია „წინ“, დიდი ალბათობით, ვერ მოიპოვებს საპარლამენტო უმრავლესობას. გარდა ამისა, არ შეიძლება თავის დამშვიდება იმ სოციოლოგიური გამოკითხვებით, რომელთა თანახმად, „სახალხო ფრონტის“ ლიდერ მარინ ლე პენს ექვსიდან მხოლოდ ერთი შანსი აქვს გამარჯვების. მაკრონს ჯერ არ გაუმარჯვია, ქალბატონ ლე პენის მომხრები კი აუცილებლად დაირაზმებიან და თუ მაკრონის მომხრეები აპათიას მიეცემიან და მხოლოდ მცირე რაოდენობით მივლენ საარჩევნო უბნებზე, მაშინ ლე პენი შეძლებს გამარჯვების მიღწევას“, - წერს „ეკონომისტი“.

„ტაიმსმა“ კი საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატთა ბოლო, არჩევნებისწინა, სატელევიზიო დებატებში პუტინის პროპაგანდის გავლენა ამოიკითხა. „სატელევიზიო დებატებში ბატონმა მაკრონმა გაიმარჯვა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი ეკონომიკური პროგრამა. მარინ ლე პენი კი ოპონენტს დაუპირისპირდა სოციალური ქსელებით გავრცელებული ჭორით, თითქოს მაკრონს კარიბის ერთ-ერთ ოფშორულ ბანკში ანგარიშები ჰქონდეს გახსნილი. ბატონმა მაკრონმა ამ ინფორმაციას ცილისწამება უწოდა, თუმცა ჭორი სწრაფად გავრცელდა ინტერნეტით. ეს ყალბი ახალი ამბავია და მისი წარმომავლობა, დიდი ალბათობით, რუსეთს უნდა უკავშირდებოდეს“, - წერს „ტაიმსი“ .

მიმდინარე კვირის ევროპული მედიის ყურადღების ცენტრშია არჩევნები ბრიტანეთში და ბექსიტის ბედი.

ბრიტანული მემარცხენე-ცენტრისტული გამოცემა „ინდეფენდენტის“ თანახმად, სულ უფრო მეტი ბრიტანელი თვლის, რომ ბრექსიტი შეცდომა იყო. ეს გარემოება კიდევ უფრო ართულებს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. იმისთვის, რომ ოპონენტებისათვის არ მიეცა ბრექსიტის თემით მანიპულირების საშუალება, ტერეზა მეიმ 18 აპრილს ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც 650-ადგილიანი თემთა პალატის 522 წევრი მიემხრო. ვადამდელი არჩევნები ბრიტანეთში 8 ივნისს ჩატარდება.

„ტერეზა მეის სჭირდება ამომრჩეველთა მხარდაჭერა, რათა შეაჩეროს ვესტმინსტერელი ოპონენტები, რომლებიც უარზე არიან შეასრულონ ხალხის ნება... მეი იმედოვნებს, რომ არჩევნების შედეგები დარტყმას მიაყენებს მათ, ვინც ბრექსიტს ეწინააღმდეგება. მაგრამ არჩევნების შედეგებმა, შესაძლოა, ისინი კიდევ უფრო გააძლიეროს, რადგან ოპონენტები აშკარად ხედავენ, რომ ბრძოლა ჯერ არ არის დასასრულებელი. თუმცა დღეს ოპოზიცია სუსტი და დაქსაქსულია, დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება. ნებისმიერი მანდატი, რომელსაც ტერეზა მეი მოიპოვებს, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს იგი ამომრჩევლის დარწმუნებას, რომ შეუძლია ბრექსიტი წარმატებით განახორციელოს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, იგი ზღაპრის ახდენას ელოდება. ამისთვის კი ბრიტანეთი არ არის შესაფერისი ადგილი“, - წერს „ინდეფენდენტი“.

პოლიტიკური კრიზისი ძლიერდება ჩეხეთის რესპუბლიკაში, სადაც კვირის დასაწყისში გადადგომის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბოჰუსლავ სობოტკამ, რომელიც მმართველ კოალიციაში შემავალი ყველაზე დიდი საპარლამენტო პარტია „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერია. სობოტკას ხანგრძლივი დაპირისპირება აქვს პირველ ვიცე-პრემიერსა და ფინანსთა მინისტრ მილიარდერ ანდრეი ბაბიშთან, რომელიც სიდიდით მეორე საპარლამენტო პარტია „ანოს“ ლიდერია. სობოტკა ამტკიცებს, რომ ბაბიშმა დამალა გადასახადი, რომელიც თავისი ქიმიური და სასურსათო კონგლომერატ „აგროფერტის“ ობლიგაციების გაყიდვის დროს უნდა გადაეხადა. ჩეხეთში გრძელდება ასევე გამოძიება იმის დასადგენად, ახდენდა თუ არა ბაბიში ერთ-ერთი საკონფერენციო ცენტრის მესაკუთრის მანიპულირებას, რომელსაც სურდა არაკანონიერად მიეღო მცირე ბიზნესისათვის განკუთვნილი 2 მილიონი ევროს სუბსიდია. სკანდალის ფონზე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გამოსავალს მთელი კაბინეტის გადადგომაში ხედავს და ქვეყნის პრეზიდენტ მილოშ ზემანთან ითხოვა აუდიენცია. თუმცა, როგორც ჩეხეთის წამყვანი გამოცემა „ლიდოვე ნოვინი“ წერს, ვითარება სრულიად გაურკვეველი გახდა მას შემდეგ, რაც 4 მაისს პრეზიდენტმა ზემანმა სობოტკას უთხრა, რომ მზად არის მიიღოს მხოლოდ მისი გადადგომა და არა მთელი კაბინეტისა. „ჩემი გადადგომა აზრს კარგავს ამ ვითარებაში, როდესაც მთავრობაში დარჩება სკანდალებით დამძიმებული ფინანსთა მინისტრი“, - განაცხადა სობოტკამ და ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციის მასხარად აგდებაში დაადანაშაულა. პასუხად, პრეზიდენტ ზემანის ადმინისტრაციამ სობოტკას საქციელს "უპასუხისმგებლო" უწოდა. ამ ფონზე, ჯერჯერობით უცნობია, თუ რით დასრულდება სამთავრობო კრიზისი ჩეხეთის რესპუბლიკაში, წერს „ლიდოვე ნოვინი“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG