Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო სისტემა პოლიტიკურ კონსენსუსს უნდა ემყარებოდეს


12 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, რომლითაც ისინი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ. პარტიების წარმომადგენლები დავით უსუფაშვილს სთხოვენ შექმნას საპარლამენტო და არასაპარლამენტო კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტებისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე იმუშავებს, რათა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი კანონმდებლობის ფარგლებში ჩატარდეს.

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის მამუკა კაციტაძის თქმით, იმედი სულ ბოლოს კვდება და ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებაზე დაიყოლიებენ:

„რა გამოვა ამ საქმიდან, ამას ყველა ერთად დავინახავთ, მაგრამ ფაქტია, მთელი მსოფლიო ერთმანეთისგან ითხოვს და ითხოვს საქართველოსგანაც, რომ საარჩევნო საკითხებზე შეთანხმება იყოს ფართო კონსენსუსის საგანი და ეს გვინდა ჩვენც“.

ოპოზიციური პარტიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვენ. 31 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაცული იქნება საარჩევნო ოლქებს შორის თანასწორობის პრინციპი, რასაც მოითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება. საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილების მიხედვით, მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა არ შეიცვლება, - იქნება კვლავ 73 ერთმანდატიანი ოლქი, - მაგრამ შეიცვლება მათი საზღვრები და საარჩევნო ოლქები გათანაბრდება 10-15 პროცენტის ცდომილების ფარგლებში, რაც დაშვებულია საერთაშორისო სტანდარტებით. შესაბამისად, საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება 40 000-დან 54 000-მდე. გარდა ამისა, ცვლილება ითვალისწინებს 50-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწესებას მაჟორიტარული არჩევნებისთვის.

ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, მაგრამ უნდა გამოვიდეთ რეალობიდან, უნდა გამოვიდეთ იმ სისტემიდან, რის საშუალებასაც დღეს კონსტიტუცია გვაძლევს და მომავალში რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს, ზოგადად, ჩვენი საარჩევნო სისტემის განვითარებას...
ვახტანგ ხმალაძე

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლის გიორგი ახვლედიანის თქმით, ხელისუფლების ინიციატივა მიუღებელია არა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისა და საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროსთვის. გიორგი ახვლედიანის თქმით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლება მოასწრებდა 2016 წლის არჩევნების შეცვლილი საარჩევნო კოდექსით ჩატარებას:

„ასეთი მიდგომა, რომ ხელისუფლება ერთ წელი მოგვაპარინეთ კიდევ 2016-ში და შემდეგ შევცვლით კარგი სისტემით, არ შეიძლება და არ ეკადრება არც ერთ პოლიტიკოსს ქვეყანაში. ინტერპარტიული ჯგუფის მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით პარლამენტში, ითვალისწინებს იმ ფორმატის შექმნას, რომელშიც ხელისუფლება უნდა იყოს ჩართული და სწორედ პარლამენტის თავმჯდომარეს ვთავაზობთ უხელმძღვანელოს ამ ინტერპარტიულ ჯგუფს“.

მსგავსი პოზიცია აქვთ „თავისუფალ დემოკრატებსაც“, რომლის წარმომადგენლის ირაკლი ჩიქოვანის სიტყვებით, ხელისუფლებას ახლა მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება:

„ამის გაკეთება შეიძლება ძალიან სწრაფად და ეს ქვეყანას გაცილებით ნაკლები დაუჯდება და ეს არ გამოიწვევს იმას, რომ ხელისუფლებამ რაღაც მცდელობები განახორციელოს, რათა დახლიჩოს და დაგლიჯოს საქართველო იმისათვის, რომ ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები შეინარჩუნოს“.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, სავარაუდო არ არის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალოს და 2016 წლისთვის შეცვლილი საარჩევნო კოდექსი მიიღოს. თუმცა მმართველი კოალიციის წარმომადგენელი დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის თქმით, დისკუსია შესაძლებელია, არსებული რეალობის გათვალისწინებით:

„ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, მაგრამ უნდა გამოვიდეთ რეალობიდან, უნდა გამოვიდეთ იმ სისტემიდან, რის საშუალებასაც დღეს კონსტიტუცია გვაძლევს და მომავალში რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს, ზოგადად, ჩვენი საარჩევნო სისტემის განვითარებას“.

ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეხვედრას, სადაც პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვა შეიმუშავეს, ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე ნინო ლომჯარია. მისი თქმით, საარჩევნო სისტემა დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კი მხოლოდ სახელისუფლებო კოალიციაში შემავალი პარტიების მიერ შემუშავდა და მუშაობაში არც სხვა პოლიტიკურ ძალას მიუღია მონაწილეობა და არც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, შესაბამისად, ნინო ლომჯარიას თქმით, ასეთი სისტემა დააზარალებს პოლიტიკურ პროცესს:

„არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში და არსებულ პოლიტიკურ სისტემაში ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ პარტიამ - ამ შემთხვევაში, სახელისუფლებო ძალამ - მიიღოს გაცილებით მეტი მანდატი პარლამენტში, ვიდრე მას აქვს საზოგადოებაში მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ეს ეწინააღმდეგება სამართლიანი არჩევნების პრინციპს, რაც იმას მოითხოვს, რომ პარტია იმ რაოდენობით იყოს წარმოდგენილი, რა მხარდაჭერაც აქვს საზოგადოებაში და რადგან ეს სისტემა ქმნის მსგავსი შედეგის მიღების ძალიან მაღალ რისკს, რა თქმა უნდა, ეს არჩევნების ლეგიტიმაციის და სამართლიანობის საკითხს დასვამს“.

ნინო ლომჯარიას სიტყვებით, ხელისუფლებას დღეს აქვს ბოლო შესაძლებლობა გამართოს დისკუსია და შეიტანოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რათა ის იყოს სამართლიანი.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG