Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: არჩილ ჩოფიკაშვილი


26 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო არჩილ ჩოფიკაშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ცხინვალში საქართველოს მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გარემოებებზე და კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებას აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე, აგრეთვე საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის ნაბიჯებზე. ამ დრომდე ჭიანურდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ოჯახისთვის გადაცემა. ცხინვალის რეჟიმის განცხადებით, ისინი აპირებენ ექსპერტიზის ჩატარებას, რაც უქმე დღეებში ვერ მოხდებოდა და ამის გაკეთებას 26 თებერვალს გეგმავენ. არჩილ ტატუნაშვილის მამამ გიორგი ტატუნაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არ ენდობა ცხინვალის ექსპერტიზას და მოგვიანებით დამოუკიდებელ ექსპერტიზას მოითხოვს. გიორგი ტატუნაშვილს არ სჯერა ვერსიის, რომ მის შვილს გული გაუსკდა. არჩილ ჩოფიკაშვილი "დილის საუბრებში" აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც საოკუპაციო რეჟიმის მიერ არის დაზარალებული, სთავაზობს სამართლებრივ დახმარებას საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით. "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარე აგრეთვე ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას დოკუმენტურად აღნუსხოს და შესაბამისი კომუნიკაცია აწარმოოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტზე. არჩილ ჩოფიკაშვილი იხსენებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტსაც, რომელიც ევროსასამართლოში გაასაჩივრა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ". არჩილ ჩოფიკაშვილი ამ კონტექსტში აღნიშნავს: "მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდწილად გვიწევს ძალისხმევის გაწევა, რომ ასეთ ფაქტებს ვერბძოლოთ... იუსტიციის სამინისტროს აქვს შესაბამისი სამსახური ევროსასამართლოსთან ურთიერთობისათვის და ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს უწყება უნდა ახდენდეს ძალიან სწრაფ რეაგირებას ასეთი ტიპის გაუგონარ დარღვევებზე, რომ ევროსასამართლოს მექანიზმი დროულად იყოს გამოყენებული". გადაცემის დასაწყისში ტელეფონით ჩართვისას, რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა გოგა აფციაურმა შეაჯამა ბოლო დღეების ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 26 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში უნდა გადაეცეს ერგნეთში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. ისინი არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს ცხინვალის ციხიდან და ბოლო ინფორმაციით, ახალგორში იმყოფებიან. საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისგან მოითხოვს ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს "ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის პროცესში არ შეუქმნას რაიმე ტიპის ხელოვნური ბარიერი". გოგა აფციაურმა, წყაროზე დაყრდნობით, ერთ დეტალზეც გაამახვილა ყურადღება - ახალგორის ე.წ. გამშვებ პუნქტზე სულ უფრო გააქტიურებულმა სავაჭრო ურთიერთობებმა ახალგორის მილიციის უფროსის ალექსანდრე ჯიოევის ინტერესი გამოიწვია და მასთან კონფლიქტი მოუვიდა ლევან ქუტაშვილს. საქართველოს სამი მოქალაქე ახალგორში 22 დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. მოგვიანებით ცხინვალის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ. ინფორმაცია შეიცავდა დეტალებს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების კომიტეტისგან, რომელსაც აბსურდულად და სიცრუედ თვლის არჩილ ტატუნაშვილის ოჯახიცა და საქართველოს ხელისუფლებაც.

არჩილ ჩოფიკაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:58:23 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG