Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნათია ნაცვლიშვილი და ანი ლებანიძე


27 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ნათია ნაცვლიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე და ანი ლებანიძე, ACT-ს მკვლევარი. მათ ილაპარაკეს საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობასა და დამოკიდებულებაზე ადამიანის უფლებათა საკითხებისადმი. ამ თემაზე გამოკვლევა ჩაატარა "ანალიზისა და კონსულტაციის გუნდმა" (ACT) გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის პროექტების - "ადამიანის უფლებები ყველასთვის" და "მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში" - ფარგლებში. "დილის საუბრების" სტუმრებმა ილაპარაკეს პოზიტიურ დინამიკაზე და არსებულ გამოწვევებზე. გამოკითხული მოქალაქეების 64% თვლის, რომ ადამიანის უფლებები საქართველოში სრულად ან მეტნაკლებად დაცულია, 5 წლის წინ უფლებების დაცულობაზე ასეთივე აზრის არის გამოკითხულთა 48%, 10 წლის წინ უფლებების დაცულობაზე კი - 32%-მა გასცა დადებითი პასუხი. ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციისთვის ყველაზე სანდო წყაროდ გამოკითხულებმა ჟურნალისტები დაასახელეს, მეორე ადგილზე სახალხო დამცველია, მესამეზე - სამინისტროები, მეოთხეზე - ადვოკატები/კერძო იურისტები. ზოგადად, ადამიანის უფლებათა შესახებ ინფორმაციის წყარო გამოკითხულთა 88%-ისთვის არის ტელევიზია. მოსახლეობა თვლის, რომ ყველაზე ხშირად შრომითი უფლებები (27%) ირღვევა, მეორე ადგილზეა - სიცოცხლის უფლება (19%), მესამეზე - თანასწორობის უფლება (17%), მეოთხეზე - პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა (17%), მეხუთეზე - ცხოვრების ღირსეული პირობების უფლება (15%). ACT-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში არის უმცირესობათა უფლებების სეგმენტიც. ერთ-ერთი შეკითხვა შეეხება ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დარღვევას. გამოკითხული ქართველი რესპონდენტების 61% თვლის, რომ მუდმივად, ხშირად ან ზოგჯერ ირღვევა ეთნიკური უმცირესობების უფლებები. გამოკითხული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მხოლოდ 39% თვლის ასე. აგრეთვე, უფრო მეტი მართლმადიდებელი ქრისტიანი რესპონდენტი თვლის, რომ ირღვევა სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელთა უფლებები, ვიდრე თავად სხვა აღმსარებლობის რესპონდენტები. ადამიანის უფლებების დამრღვევი ინსტიტუციების სიაში ლიდერობენ პარლამენტი და პროკურატურა, 10-10%-ით. მათ მოსდევს შსს (9%), საპატრულო პოლიცია (7%) და საერთო სასამართლოები (6%). გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი (67%) ენდობა საპატრულო პოლიციას. სასამართლოს მიმართ ნდობას რაც შეეხება, ACT-ს გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 63% ენდობა (სრულად, ან უფრო ენდობა, ვიდრე არა) სასამართლოს.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG