Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დალია გრიბაუსკაიტე: მიუღებელია ტერორისტული ქმედებების შენიღბვა და მსოფლიოს მოტყუება


დალია გრიბაუსკაიტე
დალია გრიბაუსკაიტე

1 მაისს 11 წელი შესრულდება ლიტვის ევროკავშირში გაწევრიანებიდან. როგორ შეიცვალა ამ დროის განმავლობაში ცხოვრება ლიტვის მოქალაქეებისათვის? რამდენად სამაგალითოა ლიტვის გამოცდილება ევროკავშირთან დაახლოების მსურველი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის და რა შეიძლება მიიღონ რიგის მოახლოებული სამიტისაგან „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრმა სახელმწიფოებმა? - ამ და სხვა თემებზე ლიტვის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტეს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა ჩვენი რადიოს მოლდავური სამსახურის კორესპონდენტმა მიქაელა გერასიმმა.

დალია გრიბაუსკაიტე: ცხოვრება იმდენად სწრაფად იცვლებოდა, რომ არათუ შედარება, გახსენებაც კი ძნელია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრების დონე და სტანდარტი. დღეს საშუალოდ ლიტვა, ეკონომიკური თვალსაზრისით, ევროპული სტანდარტის 72-75%-აღწევს. როდესაც ევროკავშირში ვწევრიანდებოდით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 48 % იყო. ასე რომ, პროგრესი ძალიან დიდია, თუმცა საქმე მხოლოდ ციფრებში როდია. მთავარია, თუ როგორ აღვიქვამთ, როგორ ვხედავთ ჩვენს ქვეყანას და როგორ ვვითარდებით. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ სწრაფი განვითარება ევროკავშირის წევრობამდე იყო დაწყებული. რეფორმების პროცესი, რომელშიც ახლა მოლდავეთია ჩართული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის ოქროს ხანა ქვეყნისათვის, რათა დიდი ნახტომი გააკეთოს საკუთარი განვითარებისა და რეფორმების მიმართულებით და, ვფიქრობ, ეს სწორედ ისაა, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ ევროკავშირში გაწევრიანებამდე.

რადიო თავისუფლება: როგორ უნდა დავარწმუნოთ მოლდავეთის მოქალაქეები რეფორმების აუცილებლობაში, რომ რეფორმები ჩვენთვისაა საჭირო და არაა თავს მოხვეული ბრიუსელისა და ვაშინგტონისგან?

საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან მესიჯი, რომელშიც ნათქვამია, რომ ლიტვა უკვე არის განვითარებული ქვეყნების ჯგუფში. და ეს მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 25 წელი, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანებიდან მხოლო 11 წელია გასული...

დალია გრიბაუსკაიტე: იცით, ამის გაკეთება შეგიძლიათ მხოლოდ შედარების გზით. შეადარეთ ერთმანეთს კორუფციის დონე, მართლმსაჯულების დონე, თავისუფლებისა და ცხოვრების დონე, ქუჩები, სახლები, ყველაფერი და დაინახავთ განსხვავებას. ამ ყველაფერში მე ძალიან ვიყავი ჩაბმული მთავრობაში ყოფნის დროს, როდესაც საჯარო მოსამსახურე ვიყავი და უკვე 1992 წლიდან ვმონაწილეობდი ჩემი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის სამზადისში. ჩვენ მკაფიოდ გვქონდა გაცნობიერებული, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაფერი დაშლილი აღმოჩნდა და ჩვენი ქვეყნის აშენება ჩემი თაობის საქმეს წარმოადგენდა. ჩვენ გვესმოდა, რომ დასავლეთის სახით გვქონდა შესანიშნავი მაგალითი, საიდანაც ჩვენ უნდა გადმოგვეღო და ჩვენი პირობებისათვის მოგვერგო ის, რაც საუკეთესო იყო. გაცნობიერებული გვქონდა, რომ სწრაფად უნდა გვევლო და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ამ რეფორმებს ჩვენ 10 წელიწადი მოვანდომეთ, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებს ამისათვის 100 წელი დასჭირდათ. უნდა გითხრათ, რომ სწორედ ამ კვირაში მივიღეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან მესიჯი, რომელშიც ნათქვამია, რომ ლიტვა უკვე არის განვითარებული ქვეყნების ჯგუფში. და ეს მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 25 წელი, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანებიდან მხოლო 11 წელია გასული.

რადიო თავისუფლება: მოლდავეთის ხელისუფლებამ ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის კურსი აირჩია, იგივე არჩევანი გააკეთა უკრაინამ და ჩვენ ვხედავთ, თუ რის ფასად დაუჯდა ეს კიევს. საბედნიეროდ, მოლდავეთში ამჟამად სიმშვიდეა. მაგრამ რა უნდა გააკეთოს კიშინიოვმა მშვიდობის შესანარჩუნებლად?

დალია გრიბაუსკაიტე: თქვენ მხედველობაში გაქვთ სამხედრო გზით მშვიდობის დაცვა? რა თქმა უნდა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, უპირველესია ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ეკონომიკური უსაფრთხოება. და ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ საკუთარი მოქალაქეების სოციალური უსაფრთხოების დაცვას. და მხოლოდ შემდეგ შეგიძლიათ გახდეთ დაახლოებული ასოცირებული წევრი ისეთი მსხვილი გაერთიანებისა, როგორიცაა ევროკავშირი. ასევე შეძლებთ გარკვეული თანამშრომლობის განვითარებას ნატოსთან, სადაც თქვენ უკვე გყავთ მეგობრები. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ დაგეხმაროთ არა მხოლოდ ევროკავშირის არხებით, არამედ ლიტვა, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები ამას პირდაპირი თანამშრომლობითაც ვაკეთებთ. ვახორციელებთ პირდაპირი დახმარების პროგრამას თქვენი სასამართლო ხელისუფლებისა და სამთავრობო უწყებებისათვის. ასე რომ, თქვენ მართლა გყავთ მეგობრები და არ ხართ მარტო. მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა თქვენს პოლიტიკოსებს ეკისრებათ. მთავარი პასუხისმგებლობა თქვენი ხალხის ხელშია, რადგან საქმე ეხება თქვენი ქვეყნის მომავალს და გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. თქვენთვის შეიძლება მაგალითად გამოდგეს ის, რაც ჩვენ თავის დროზე გავაკეთეთ, როდესაც ყველა ძველმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა ეროვნულ შეთანხმებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში ჩვენთან 16-ჯერ შეიცვალა მთავრობა და მიუხედავად იმისა, თუ ვინ რა დროს იყო მთავრობაში და ვის რა იდეოლოგია ჰქონდა, ყველანი შევთანხმდით ერთ რამეში, რომ წარსულში ჩვენ ვიყავით ევროპაში და უნდა დავბრუნდეთ ევროპაში. ჩვენ ევროპელები ვართ - ეს იყო ჩვენი მიზანი. ჩვენ შევისწავლეთ მაგალითები, თუ როგორ ცხოვრობდნენ ევროპელები და გადმოვიღეთ ეს გამოცდილება.

რადიო თავისუფლება: მოლდავეთში ამ ეტაპზე რთული ჩანს მსგავსი შეთანხმების ხელმოწერა საპარლამენტო პარტიების მხრიდან. მაგრამ მოლდავეთი ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყანაა, რომლის ტერიტორიის ნაწილზე რუსეთის სამხედროები იმყოფებიან. როგორ ფიქრობთ, ხომ არ აღმოჩნდება მოლდავეთი ნეიტრალური სტატუსის გამოდაუცველი მესამე ქვეყნის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში?

დალია გრიბაუსკაიტე: მე არ შემეშინდებოდა და, ვფიქრობ, უმჯობესია, მოლდავეთი ახლა ამაზე არ ფიქრობდეს. თქვენი ქვეყნის მომავლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური კეთილდღეობა, კორუფციისა და თქვენი ოლიგარქების დომინანტური მდგომარეობის წინააღმდეგ ბრძოლაა, რადგან თქვენი დღევანდელი სისტემა ძალიან წააგავს უკრაინისას, სადაც გარკვეული ოლიგარქები ჩართული არიან კორუფციაში, აკონტროლებენ მედიასაშუალებებს და მონაწილეობენ მთავრობის საქმიანობაში. ეს არ არის საუკეთესო კოქტეილი არც ერთი ქვეყნისათვის. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაზე გავლენის მოხდენა კი ძალიან იოლია სამხედრო ძალისა და შეიარაღების გამოყენების გარეშეც. ასეთ ქვეყანაზე ეკონომიკური და სხვა სახის სანქციებითაც შეიძლება გავლენის მოხდენა. 25-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში რამდენიმე მსხვილი ეკონომიკური სანქციის გადატანა მოგვიხდა. ეს იყო ნავთობისა და საწვავის ემბარგო. რუსეთის ბუნებრივ აირში კი 40 %-ით მეტს ვიხდიდით, ვიდრე გერმანია. მაგრამ გასულ წელს ლიტვამ ააშენა თხევადი გაზის ტერმინალი და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ რუსეთს: გმადლობთ, მაგრამ ჩვენ აღარ გვჭირდება „გაზპრომი“.

მე სულ მესმის: ჩვენ სუსტები ვართ, რადგან რაღაც ძალიან პრობლემატურია. თქვენ არ ხართ სუსტი! თქვენ ძლიერები ხართ და ყველაფერი თქვენს ნებაზეა დამოკიდებული - არა მხოლოდ პოლიტიკურ ნებასა და პასუხისმგებლობაზე, არამედ ასევე თქვენი ხალხის ნებაზეც...

რადიო თავისუფლება: მაგრამ „გაზპრომის“ თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას როგორ კომენტარს გაუკეთებდით?

დალია გრიბაუსკაიტე: ჩემი კომენტარი მხოლოდ დადებითია, რადგან ლიტვა მოუწოდებდა ევროკომისიას, გამოიძიოს, მიიღოს გადაწყვეტილება და დაიცვას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო „გაზპრომის“ მონოპოლისტური მოთხოვნებისაგან, ზეწოლისა და უსამართლო ფასებისაგან, რასაც კრემლი, როგორც წესი, ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ევროკომისიის მიერ ჩატარებული ამ გამოძიების პროცესს პოზიტიური შედეგი მოჰყვება და კრემლი და რუსეთის პოლიტიკური ელიტა ვეღარ გამოიყენებენ „გაზპრომს“ როგორც ევროკავშირის ქვეყნებზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენის საშუალებას.

რადიო თავისუფლება: მოლდავეთს დნესტრისპირეთის პრობლემა აქვს. როგორ შეიძლება ევროკავშირის წევრად გახდომა, როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალა იმყოფება?

დალია გრიბაუსკაიტე: მე სულ მესმის: ჩვენ სუსტები ვართ, რადგან რაღაც ძალიან პრობლემატურია. თქვენ არ ხართ სუსტი! თქვენ ძლიერები ხართ და ყველაფერი თქვენს ნებაზეა დამოკიდებული - არა მხოლოდ პოლიტიკურ ნებასა და პასუხისმგებლობაზე, არამედ ასევე თქვენი ხალხის ნებაზეც. თუ თქვენ გსურთ, რომ ევროპას დაუკავშიროთ თქვენი მომავალი, თქვენ ამას შეძლებთ და ვერავინ შეძლებს თქვენს შეჩერებას. ოღონდ, თქვენ უნდა შეასრულოთ საშინაო დავალება, ხოლო პოლიტიკურმა ელიტამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და იმოქმედოს პასუხისმგებელობით. თუ ისინი არ იქნებიან პასუხისმგებლები, მაშინ ხალხი მათ მოსთხოვს დატოვონ კაბინეტები და ხალხი აირჩევს იმ ადამიანებს, ვინც პასუხისმგებელი იქნება.

პოლიტიკური მესიჯი იქნება, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ მნიშვნელოვანია ევროპისათვის. ჩვენ კვლავინდებურად ვფიქრობთ, რომ ჩვენი მეზობლები ადრე თუ გვიან შევლენ ევროპაში ...

რადიო თავისუფლება: არ შემიძლია არ გკითხოთ უკრაინაზე, რომელიც მოლდავეთის ახლო მეზობელია. გასულ წელს რუსეთზე თქვით, თუ არ შეჩერდება ამ ტერორისტული სახელმწიფოს აგრესიული მოქმედება მისი მეზობლის წინააღმდეგ, მაშინ ეს აგრესია შესაძლოა ევროპაზეც გავრცელდესო. თქვენ დღესაც იმავე აზრის ხართ?

დალია გრიბაუსკაიტე: ვფიქრობ, რომ აგრესია ამჟამად სულ ცოტათი შეჩერებულია, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე მეორე წელია გრძელდება უკრაინის მიმართ. რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია ძალაშია და თქვენ ამას 9 მაისს მკაფიოდ დაინახავთ - დაინახავთ, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას მოსკოვში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებებში. და ეს არის მკაფიო მესიჯები, რომ მიუღებელია ტერორისტული ქმედების შენიღბვა დაუდგენელი სამხედროების გამოყენებით, მათთვის მძიმე იარაღის მიწოდება და მსოფლიოს მოტყუება. ცივილიზებულმა სამყარომ ხმა აღიმაღლა ამის წინააღმდეგ და ამიტომაცაა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს, რა შეიძლება იყოს რიგის სამიტის საუკეთესო შედეგი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრი ქვეყნებისათვის? საქართველო და უკრაინა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების მიღებას იმედოვნებენ, რაც მოლდავეთს უკვე აქვს. მაგრამ პოლიტიკურად რა მესიჯი შეიძლება მიიღონ ამ ქვეყნებმა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტისაგან?

დალია გრიბაუსკაიტე: პოლიტიკური მესიჯი იქნება, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ მნიშვნელოვანია ევროპისათვის. ჩვენ კვლავინდებურად ვფიქრობთ, რომ ჩვენი მეზობლები ადრე თუ გვიან შევლენ ევროპაში. მაგრამ ჩვენ უნდა შევახსენოთ მათ, რომ ბევრი რამ ნამდვილად მათზეა დამოკიდებული. საუბარია საშინაო დავალებაზე, რეფორმებზე. და ეს არის არა მხოლოდ ბილეთი სამომავლო წევრობისათვის, არამედ ბილეთი თქვენი უკეთესი მომავლისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG