Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაკი კაბე - ირაკლი კაკაბაძე


27 ნოემბერს წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ირაკლი კაკაბაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. პოეტმა იაკი კაბე დაირქვა და შემოგვთავაზა, როგორც ამბობენ ხოლმე, ”ჯიბის ფორმატის” კრებული, რომელიც ას მინიმალისტურ ლექსს აერთიანებს.

ძალიან ბევრი ხალხი მივიდა ირაკლი კაკაბაძის - იმავე იაკი კაბეს - წიგნის პრეზენტაციაზე. ”ლიგამუსში” ტევა არ იყო და არც ჰაერი იყო. თუმცა იაპონურ სტილში - კიმონოს, ჩაის თანხლებით მოწყობილ პრეზენტაციაზე უჰაერობა არ შეგაწუხებდათ, თუკი ირაკლის ლექსებს მოუსმენდით... დიახ, პრეზენტაციაზე იაკი კაბეს კოლეგებმა ისაუბრეს არა მარტო ქართველი პოეტის უნარზე მიმართოს სტილიზაციას ისე, რომ თავისი ინდივიდუალობა შეინარჩუნოს, იაკი კაბეს ლექსების განსაკუთრებულ სახიერებასა (ისიც თქვეს, ყოველი ლექსი კინოკადრს ჰგავსო) და განწყობის მრავალფეროვნებაზეც ისაუბრეს. პრეზენტაციაზე წაიკითხეს ეს ლექსებიც - წაიკითხა თავად ავტორმა, რომელმაც, მართალია, გაგვაფრთხილა, ეს ლექსები ჩუმად, შენთვის უნდა წაიკითხო და არა იმდენად მოუსმინოო, მაინც კარგად წაიკითხა - წაიკითხა ზუსტად იმ რიტმში, რომელსაც, ცხადია, ყველაზე კარგად თავად ავტორი გრძნობს:

”ეს იყო ჩემი პატარა ხრიკი, ეს ფსევდონიმი. იმიტომ, რომ ჩემი თარგმანების პარალელურად ლექსებს როცა ვაქვეყნებდი სოციალურ ქსელში თუ ლიტერატურულ პერიოდიკაში, თარგმანებს უფრო დიდი გამოხმაურება ჰქონდა, რადგან იაპონური იყო. ამ ლექსებს კი ხალხი კითხულობდა, მაგრამ კომპლიმენტებისგან თავს იკავებდა. ამიტომ მივმართე ამ ხრიკს და ვფიქრობ, რომ პროექტმა გაამართლა. აქ ძირითადად სოციალური ტიპის ლექსებია, რაც ძალიან მომწონს და მეამაყება კიდეც”.

დიახ, პრეზენტაციაზე ირაკლი კაკაბაძემ გვიამბო, რატომ გადაწყვიტა ამ ფსევდონიმით წერა. წიგნში აღარ აუხსნია, მხოლოდ იშიკავა ტაკუბოკუს ციტატა ჩართო კრებულში, იაპონელი პოეტისა. სხვათა შორის, ტაკუბოკუც ფსევდონიმია და ”მოღვაწეს” ნიშნავს. ”მე ვწერ ტანკას იმიტომ, რომ მიყვარს სიცოცხლე...” - აღნიშნავს ტაკუბოკუ. გამოდის, რომ ტანკა არის არა სიცოცხლის ნაწყვეტი, არამედ თავად სიცოცხლე - ისეთივე უსასრულო, როგორც სიცოცხლე.

”ლიგამუსში”, პრეზენტაციაზე, ირაკლი კაკაბაძის კოლეგებმაც არაერთხელ აღნიშნეს, იაკი კაბეს სიცოცხლე უყვარსო. ამიტომაც გასაგები უნდა იყოს, რომ კრებული, რომელიც ქართველმა პოეტმა იაპონელ ხალხს მიუძღვნა, სოციალურ თემაზე დაწერილ ლექსებს აერთიანებს. ეს არაა უბრალო ლირიკა თოვლიან მთებსა და ადიდებულ მდინარეებზე. ესაა პოეტური სახეების თაიგული, რომელიც რეალობის, სიცოცხლის ნაწილია და არსადაა მოწყვეტილი სინამდვილეს. თავად ირაკლი კაკაბაძემაც გაგვახსენა, რომ იაპონური პოეზიის უძველეს ანთოლოგიებში სწორედ 100 ლექსია ხოლმე ჩართული და მან სწორედ ეს ტრადიცია გაითვალისწინა. ასევე აღნიშნა, რას უკავშირდება ყოველი მისი ტანკა, როცა რამდენიმე ლექსი წაიკითხა ”ლიგამუსში”:

“ ამ ტანკის კითხვისას ადამიანმა უამრავი რამ შეიძლება იფიქროს, თავისი განცდები დაინახოს, მაგრამ რატომღაც უფრო მეტად, როცა ვკითხულობ, ჩვენი და აფხაზური ურთიერთობები მახსენდება:

სამი წელია,
რაც მეზობელმა ღობის იქით
მოჭრა ლეღვის ხე.
სამი წელია ღობის აქით არ ყვავილობს
ჩემი ატამი...

ანდა ეს:

მაისი იყო, რაც უყვარდა
ჩემს შეყვარებულს,
ახლა კი მისი გადაშლილი
ნორჩი მკერდიდან,
ატამი ყვავის ნაგასაკის სასაფლაოზე...”

ირაკლი კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ქართულად დაწერილი ამ ტანკებით იაპონელი ხალხის მიმართ განსაკუთრებული სიმპათია გამოხატა. არ არის ადვილი გამოიცვალო სახელი, იაკი კაბე დაირქვა და დაწერო ისე, როგორც იაპონელი დაწერდა, ე.ი. მიმართო სრულ თვითუარყოფას სიყვარულის ნიშნად. მით უმეტეს, რომ სად ქართული კულტურა და სად იაპონური, სად დასავლეთი და სად აღმოსავლეთი, ვერ გაუგებენ ერთმანეთსო, ვერ გაერთიანდებიანო, ამბობდა ოდესღაც ჭკვიანი ხალხი. ირაკლი კაკაბაძემ - იმავე იაკი კაბემ - დამტკიცა, რომ ნაჩქარევი იყო ეს დასკვნა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG